"კალაშოვის დაკავების შემდეგ, ძმები ქარდავები ისევ გამოჩნდნენ ქურდულ ასპარეზზე" - კვირის პალიტრა

"კალაშოვის დაკავების შემდეგ, ძმები ქარდავები ისევ გამოჩნდნენ ქურდულ ასპარეზზე"

ბელორუსში დაკავებული ორი ქართველი "კანონიერი ქურდიდან" ერთს პატიმრობა, მეორეს კი იძულებითი დეპორტაცია ელოდება. ამის შესახებ "სპუტნიკ-ბელარუსს" მილიციის პოლკოვნიკმა ვლადიმირ ტიხინიამ განუცხადა.

ბელორუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის ეროვნულ აეროპორტში, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გელა ქარდავა, იგივე "გელა გალსკი" 1974 წელს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაიბადა. სულიკო შარიქაძე, იგივე "სულიკო თბილისკი" კი 1973 წელს თბილისში დაიბადა.

"ქარდავას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლით. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

ქარდავა მინსკის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში მისი იძულებითი დეპორტაციის შესახებ. გამოთხოვილია აუცილებელი დოკუმენტაცია და უახლოეს დღეებში ჩვენ მას ქვეყნიდან გავაძევებთ", - განაცხადა ვლადიმირ ტიხინიამ.

როგორც "სპუტნიკის" წყარო აცხადებს, ქართველი "კანონიერი ქურდების" დაკავება რუსი და ბელორუსი სამართალდამცავების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგია.

დაკავების დროს 17 იანვარს გელა ქარდავა, დაჩი გაბუნიას სახელზე გაცემული რუსული პასპორტით, თურქეთში გაფრენას აპირებდა, სადაც ქურდების შეკრება იმართებოდა.

სულიკო შარიქაძე 18 იანვარს დააკავეს, მას სამართალდამცავებისთვის საბუთები არ წარუდგენია.

როგორც ცნობილია გელა ქარდავას უმცროსი ძმა გიზო ქარდავა - "გიზო გალსკიც" ე.წ. კანონიერი ქურდია. როგორც უცხოური პრესა აღნიშნავს, ძმები ქარდავები "მეგრული კლანის" ლიდერები არიან. მათ, "დედ ჰასანის" დახმარებით, ნულიდან შექმნეს ეს კლანი, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ "სოხუმის" და "ქუთაისური" დაჯგუფებებისთვის, რომლებიც, შესაბამისად, მერაბ ჯანგველაძისა და ტარიელ ონიანის ოჯახებად ითვლება. 2011-დან 2013 წლის ჩათვლით მეგრული კლანის ხელმძღვანელობით, სულ 20 "კანინიერი ქურდი" აკურთხეს.

"დედ ჰასანის" გარდაცვალების შემდეგ, როცა რუსეთში კრიმინალური დაჯგუფებების ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი გახდა, ის ღიად აფიქსირებდა სიმპათიას ქუთაისელი ქურდების მიმართ, ხოლო დაახლოებით სამი წელი ძმები ქარდავები და მეგრული კლანის წევრები აღარ ჩანდნენ. შაქროს დაკავების შემდეგ, ძმები ქარდავები ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ ქურდულ ასპარეზს. მათ "გულუ ბაკინსკის" - ნადირ სალიფოვის იმედიც ჰქონდათ, თუმცა ის გელას გარდა, კლანის ყველა სხვა მმართველთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. როგორც ცნობილია, "გულუ ბაკინსკის" უმცროსი ძმა ნამიკი სწორედ ძმებმა ქარდავებმა აკურთხეს "კანონიერ ქურდად".

აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა სამართალდამცავები 2018 წლის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ნადირ სალიფოვის აზერბაიჯანული კლანის გაძლიერებას ასახელებენ. "გულუ" ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ცნობილია, "გულუსა" და გელას საუბრისა და შეხვედრის დაგეგმვას დიდი ხანია ცდილობს მერაბ მზარელია, თუმცა, ამბობენ, რომ "გულუ" არც თუ ისე თავაზიანად ცდილობს ამ შეხვედრის თავიდან არიდებას, მან სატელეფონო საუბარზეც კი უარი განაცხადა. ამ უარის შემდეგ "მეგრული კლანის" წევრებისა და "გულუს" ურთიერთობა უარესობისკენ შეიცვალა, ამას მოწმობს ის ფაქტიც თუ როგორ საუბრობდა გელას უმცროსი ძმა გიზო "გულუს" შესახებ სამართალდამცავებთან, როგორც ჩანს, მეგრულ კლანს არ ეშინია "გულუს" სახით ახალი მტრის შეძენა", - წერს საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი"

იხილეთ ასევე: "ავთანდილ ჩიხლაძე, ცოლთან ერთად, 10 წლის ვაჟის თვალწინ მოკლეს" - "კვეჟოვიჩის" ვენდეტა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ