"როგორც ჩანს, ქმარმა კონტროლი დაკარგა... როცა აღმოაჩინა, რომ ცოლი შემოაკვდა, თავი ჩამოიხრჩო" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, ქმარმა კონტროლი დაკარგა... როცა აღმოაჩინა, რომ ცოლი შემოაკვდა, თავი ჩამოიხრჩო"

ტრაგედია დატრიალდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - 37 წლის გ.ლ. და 32 წლის ნ.ჯ. მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე და თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არაგვისპირელები ტრაგედიის მიზეზებზე ვერ ლაპარაკობენ. მათი თქმით, ოჯახი იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ ცოლ-ქმრის სიცოცხლის მსგავსი დასასრული სრულიად გაუგონარია. გვესაუბრება არაგვისპირის ერთ-ერთი მცხოვრები:

- გარდაცვლილი ბიჭის დედ-მამა მშრომელი და გონიერი ხალხია. თავიანთი შრომით ვაჟს თბილისში სახლიც შეუძინეს; თუმცა, თავადაც საოცრად შრომისმოყვარე და გონიერი ახალგაზრდა იყო და ცხოვრებაში გზის გაგნება არ გასჭირვებია. ბოლო დროსაც საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა. დაოჯახებაც საკუთარი არჩევანით გადაწყვიტა, - ჩვენებური, დუშელი გოგონა შეირთო ცოლად. ამ ქორწინების ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ გოგონა ქორწინებისას არასწრულწლოვანი იყო - ასე 15-16 წლისა, თორემ ოჯახი ლამაზი ჰქონდათ, სამი შვილი შეეძინათ. გარშემომყოფთათვის ოჯახი შეხმატკიბილებული ჩანდა…

- ახლა რა მოხდა?

- არც ეგ ვიცით. ეგ იყო, რომ ბოლო დროს თბილისიდან არაგვისპირში დაბრუნდნენ ბავშვებიანად და სოფლიდან დადიოდა ბიჭი სამსახურში. თუმცა ესეც რა გასაკვირია, ჩვენი სოფელი თბილისთან ახლოს არის, დედაქალაქის ახლომახლო სოფლებიდან ბევრი დადის თბილისში სამუშაოდ, ხალხს ჰაერზე ცხოვრება ურჩევნია. ბავშვებიც სოფლიდან დაჰყავდათ თბილისის სკოლაში. იმ დღეს, ბავშვები თან არ ჰყოლიათ, მარტო იყვნენ. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, - დედაქალაქისაკენ მიმავალ ტრასასთან ახლოს, სოფელ ბოდორნასთან, ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა შუადღეს, - საბრალოები არაგვის პირას იყვნენ - ბიჭი ხეზე იყო ჩამოკიდებული, გოგო კი მდინარის პირას იწვა. ამის მნახველი მწყემსი დღემდე ვერ მოსულა გონზე...

-  ცხედრებს ძალადობის კვალი ჰქონდათ?

- ეს არავინ იცის, ვიდრე ექსპერტიზა არ დაადგენს; თავიდან ითქვა, რომ თითქოს ავარია იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ ცოლ-ქმარი წაკამათდა, რასაც ეს უბედურება მოჰყვა... მათ დედაქალაქში მიმავალი ტრასიდან სოფელ ბოდორნასთან, მდინარის პირზე სპეციალურად ჰქონდათ გადახვეული ავტომანქანით. ალბათ მანქანაშივე წაკამათდნენ და გადაუხვიეს; იქ კი, როგორც ჩანს, ქმარმა კონტროლი დაკარგა და ცოლს ყელშიც წაუჭირა ხელი, არა იმიტომ, რომ მისი დახრჩობა უნდოდა, - მუქარის მიზნით, თუმცა, ამ დროს ვერ მოზომა და ცოლი დაახრჩო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქალის გვერდით წყლიანი ბოთლიც ეგდო, ალბათ ცოლი მხოლოდ გონდაკარგული ეგონა და წყლით ცდილობდა გონზე მოყვანას... როცა მიხვდა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო, გადაირია -  იქვე ხეზე თოკი ჩამოაბა და თავი ჩამოიხრჩო.

სხვათა შორის, სადაც ცოლ-ქმარი იპოვეს, იმ მიდამოში ოჯახს სახნავ-სათესი მიწა და პატარა ქოხიც აქვს, ხვნა-თესვის დროს თავშესაფარებლად. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ოჯახი დაიღუპა და დაიქცა. ბავშვები უკვე წამოზრდილები არიან, უფროსი 15 წლის არის უკვე, უმცროსი კი 8 წლამდე იქნება, გული მისკდება როგორ გადაიტანენ ამ ტრაგედიას, როგორ გაუმკლავდებიან...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)