"ის, რომ 14 წლამდე პირებში დანაშაულის ჩადენამ იმატა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი" - კვირის პალიტრა

"ის, რომ 14 წლამდე პირებში დანაშაულის ჩადენამ იმატა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი"

"14 წლამდე პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ, რეფერირების არსებული სერვისები შევთავაზეთ, თუმცა ეს სერვისებიც დასახვეწია", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტების გაზრდის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მხრივ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, რაზეც შსს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს.

"პირველ რიგში, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიკაცია. გამოვკვეთეთ ის სკოლები, რომლებიც შედარებით მეტი რისკის მატარებლები იყვნენ. გავაძლიერეთ საპატრულო პოლიცია და სკოლას შორის კოორდინაცია. კონკრეტულად ახლა, იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შევთავაზეთ ის სერვისები, რომელიც ახლა არსებობს და რომელიც თავის მხრივ დასახვეწია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობის პროცესში, ორი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიდის.

"ერთი - მანდატურის რეფორმაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რაც სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად და მეორე - იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმების დახვეწაზე. უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ ფაზაში გადავალთ. საუბარია იმაზე, რომ არ მუშაობს დღეს ეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რაც გვაქვს და ასევე ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე იმისთვის, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ერთის მხრივ, მოხდეს მისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენცია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 14 წლამდე პირების მხრიდან იმატა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულის ჩადენამ. მისივე თქმით, ძალადობრივი დანაშაულის კუთხით არასრულწლოვნებში მატება არ ფიქსირდება.

"14 წლამდე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პირებში გარკვეულწილად დანაშაულმა მოიმატა და საუბარია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და საბედნიეროდ, ძალადობრივ დანაშაულზე მატება არ გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვაცხადოთ ერთადერთ გამოსავლად, ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სოციალურ სამსახურებთან ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებთან ერთად, იმაზე, რომ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდეთ, ვიმუშაოთ პრევენციაზე, შევთავაზოთ გარკვეული სერვისები ისეთ მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქცევით ხასიათდებიან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"