"ის ნაძირალა ჯერაც თავისუფალია, კაცმა არ იცის ხვალ კიდევ ვის დახვდება და ტყვიისთვის გაიმეტებს" - კვირის პალიტრა

"ის ნაძირალა ჯერაც თავისუფალია, კაცმა არ იცის ხვალ კიდევ ვის დახვდება და ტყვიისთვის გაიმეტებს"

რამდენიმე დღის წინ, ბოსტნეულით მოვაჭრე, 47 წლის ნოდარ ვარძელაშვილი დილის 5 საათზე მძარცველმა მხოლოდ იმიტომ დაცხრილა ცეცხლსასროლი იარაღით, რომ მოვაჭრემ მას საკმაოდ მძიმე შრომით ნაშოვნი გროშები არ დაუთმო. თავდამსხმელი ჯერაც არ დაუკავებიათ, როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის და იარაღის ტარების მუხლით არის აღძრული. ვარძელაშვილს უმძიმესი, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდომარეობა კვლავ კრიტიკულია. მომხდარზე ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:

- ნოდარი წარმოშობით ქარელის რაიონის სოფელ რუისიდანაა, ჩვეულებრივი, მშრომელი ოჯახიდან და თავადაც სულ შრომობს; შვილები, რაც გაიზარდნენ, მით უფრო მეტი სჭირდებოდათ, ისიც არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. მის ოჯახს დიდად არ ულხინს, თბილისში  ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ ცდილობდა შვილებისთვის არაფერი მოეკლო. ამ ცოტა ხნის წინ ოჯახით ვორონცოვზე გადავიდა საცხოვრებლად, ერთი პატარა ბინა დაიქირავა და ბინასთან ახლოს ბოსტნეულით ვაჭრობა დაიწყო. ამინდის მიუხედავად, გამთენიიდან გარეთ დგომით შოულობს ოჯახისთვის ლუკმაპურს.  ამ წვალებით ნაშოვნ ფულს სძალავდა ის ნაძირალა...

- ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების ცნობით, გარემოვაჭრეს დამნაშავის ვალი ჰქონდა და არ აძლევდა, რის გამოც ის დილის 5 საათზე ჩაუსაფრდა და უარის მიღების შემდეგ ჩაცხრილა.

- ბოსტნეულის მოვაჭრეს ამისთანა რა ვალი უნდა ჰქონდეს, რომ მევალე პისტოლეტით შეიარაღდეს და დილის 5 საათზე ჩაუსაფრდეს?! ეს ხომ აბსურდია!

სისულელეა, მას არანაირი ვალი არ ჰქონია. უბრალოდ, ქუჩაში ერთ-ერთ იმ ნაძირალათაგანს გადაეყარა, რომლებიც მხოლოდ ვოროცოვზე არ დადიან ადამიანების დასაყაჩაღებლად! დღეს სოფელსა თუ ქალაქში ასეთები ისე გათამამდნენ, ხალხს სახლებში უვარდებიან, "სკოჩით" აბამენ, აწამებენ და კლავენ; თბილისში ღამით ქუჩაში გამოსვლა თანდათან სახიფათო ხდება, ასეთი შეიარაღებული ნაძირალა გამოდის ფულზე სანადიროდ.

ნოდარი ამ დროს ბაზარში დადის გლეხებისგან პროდუქტის შესაძენად, ორიოდ გროშს ამატებს და თავად ყიდის. ეგ არის მისი შემოსავალი. სწორედ ამ პროდუქტის სავაჭროდ მიდიოდა ბაზარში, როცა ეს ნაძირალა დახვდა და ფული იარაღის დამიზნებით მოსთხოვა. ნოდარიც არც ისეთი მხდალია, რომ შვილების ლუკმაპურის ფული ვინმესთვის ეჩუქებინა.

თუმცა, ვშიშობ, რომ სწორედ ის დრო დგება, როცა დამნაშავეები საზოგადოებას თავის რჩენას "შეაწერენ"; მოკლედ, ფული რომ ვერ მიიღო, ამ ნაძირალამ ნოდარს 4-ჯერ ესროლა. ამ ყველაფერს ნოდარი მოგვიყვა გონების დაკარგვამდე...

სასწაული მოხდა, რომ ამის შემდეგ ეს კაცი ცოცხალია, ალბათ განგებას უნდოდა ასე, 4-საათიანი ოპერაცია ჩაუტარეს და დაზიანებული ღვიძლი და ნაწლავები რამდენიმე ადგილას ამოჭრეს... ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხზე დადგა, ძალიან დიდხანს ვეღარ იშრომებს, ეს კი მის ოჯახისთვის დიდი დარტყმაა.

ის ნაძირალა ჯერაც თავისუფალია, კაცმა არ იცის ხვალ კიდევ ვის დახვდება და ტყვიისთვის გაიმეტებს.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)