"გურამ დონაძე მაშანტაჟებს იმ რეალური ფირით, რომელიც იმ შემთხვევის რეალურ სურათს ასახავს, როდესაც პატრულმა რობაქიძე მოკლა" - კვირის პალიტრა

"გურამ დონაძე მაშანტაჟებს იმ რეალური ფირით, რომელიც იმ შემთხვევის რეალურ სურათს ასახავს, როდესაც პატრულმა რობაქიძე მოკლა"

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე გურამ დონაძესა და ზურაბ მიქაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" განაცხადა, მისი უფროსი შვილი და ადვოკატი განიცდიან ზეწოლას დონაძის მხრიდან, რომელიც მას უთვლის, რომ იყოს ჩუმად. ამასთან, ბაქრაძის თქმით. მისი შანტაჟი ხდება იმ რეალური ფირით, რომელიც იმ შემთხვევის რეალურ სურათს ასახავს, როდესაც პატრულმა რობაქიძე მოკლა. მისივე თქმით, ეს ფირი, სადაც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ ყოფილა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს აქვს.

"ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი. ალბათ აინტერესებს საზოგადოებას, თუ სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით სად არის. ეს ფირი აქვს გურამ დონაძეს. მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ "სკაიპით" ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს. მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული", - განაცხადა ბაქრაძემ.