"ბაქრაძე იჯდა რობაქიძის დედის პირისპირ და მას არწმუნებდა არაერთ ტყუილში" - რას ამბობს რობაქიძის საქმეზე ბრალდებული დონაძე? - კვირის პალიტრა

"ბაქრაძე იჯდა რობაქიძის დედის პირისპირ და მას არწმუნებდა არაერთ ტყუილში" - რას ამბობს რობაქიძის საქმეზე ბრალდებული დონაძე?

"კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ დანაშაულის ადგილზე გასროლიდან 50 წუთის შემდეგ მივიდა. ის ადგილზე გასროლიდან დაახლოებით 5 წუთში მივიდა", - ამის შესახებ ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გურამ დონაძე გამოეხმაურა "პალიტრანიუსის" ეთერში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ინტერვიუს, კერძოდ, იმ ნაწილს, სადაც ბაქრაძემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლიდან 50 წუთის შემდეგ მივიდა. გურამ დონაძის თქმით, ზურაბ ბაქრაძეს სიცრუეში ამხელს პროკურატურის მტკიცებულებები, რომელიც არის სატელეფონო ანძების ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ სინამდვილეში ზურაბ ბაქრაძე ადგილზე გასროლიდან 2-დან 5 წუთამდე პერიოდში მივიდა.

"გუშინ ითქვა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლიდან 50 წუთის შემდეგ მივიდა ზურაბ ბაქრაძე. მან ისიც თქვა, რომ საათნახევრის განმავლობაში მიიტანეს იარაღები და ამის შემდეგ დაიდგა გაყალბებული კადრები და მასალა. მე ვამხელ ბაქრაძეს სიცრუეში და ამას ვადასტურებ პროკურატურისვე წარდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც არის სატელეფონო ანძების ამონაწერი. გასროლა მოხდა 02:22 წუთზე და სინამდვილეში ნაცვლად 50 წუთისა, ის ადგილზე მივიდა 02:28 წუთზე," - განაცხადა გურამ დონაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურა ცდილობს აამოქმედოს გეგმა "ბ" და მათთვის სასურველი ადამიანები "გამოაძვრინეს უჯრიდან".

"ზურაბ ბაქრაძე იჯდა რობაქიძის დედის პირისპირ და მას არწმუნებდა არაერთ ტყუილში. ამის შემდეგ ქალბატონმა იამ მას მიუტევა. მე ვწუხვარ, რომ ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე ამ ადამიანების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ", - განაცხადა გურამ დონაძემ.