"გურამ დონაძე იტყუება! რაც ბევრს ილაპარაკებს ამ საქმეზე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს" - კვირის პალიტრა

"გურამ დონაძე იტყუება! რაც ბევრს ილაპარაკებს ამ საქმეზე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს"

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე გურამ დონაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაქრაძემ განუცხადა, ის ფიზიკურად ვერ მივიდოდა შემთხვევის ადგილზე 3-5 წუთში. ამასთან, როგორც ბაქრაძე ამბობს, დონაძე გასროლის დროსთან დაკავშირებითაც ცრუობს და აღნიშნავს, რომ თუკი გასროლა, რომელიც ბუტა რობაქიძისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, 02:22 საათზე მოხდა, მაშინ როგორ შევიდა შეტყობინება სასწრაფოში 02:17 საათზე, რომ წერეთლის გამზირზე მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით.

"ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დონაძე ამბობს, რომ 02:17 საათზე შევიდა შეტყობინება სასწრაფო დახმარებაში, რომ წერეთლის პროსპექტზე დაჭრილია ახალგაზრდა და ითხოვენ დახმარებას. დონაძემ კი დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 02:22 საათზე მოხდა გასროლა და 02:28 საათზე, ანუ 5 წუთში მე უკვე ადგილზე ვარ. თუ 02:22 წუთზე მოხდა გასროლა, 02:17 საათზე, როგორ შედის სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება?! ის იტყუება! რაც ბევრს ილაპარაკებს ამ საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს. თავს ვიკავებ და არ ვლაპარაკობ ბევრ დეტალზე, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს", - განაცხადა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

თავის მხრივ, ბაქრაძე სიცრუის გავრცელებაში შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე გასროლიდან არა 50 არამედ 5 წუთში მივიდა. ამის დასტურად დონაძემ საქმის მასალებში არსებული სატელეფონო ანძების ჩანაწერები მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ ჩანაწერებით დასტურდება, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე 02:28 წუთიდან იმყოფება და წერეთლის გამზირს დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ტოვებს.

"ინტერპრესნიუსი"