"ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემი ვაჟისთვის არაფერი დაეშავებინა, მაგრამ..." - რას ჰყვება გუგეშაშვილი თავდამსხმელზე? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემი ვაჟისთვის არაფერი დაეშავებინა, მაგრამ..." - რას ჰყვება გუგეშაშვილი თავდამსხმელზე?

თადარიგის პოლკოვნის დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს. ნოდარ გუგეშაშვილი 15 თებერვალს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. შვილის დაკრძალვაზე დედა კლინიკიდან რეანომობილით მიიყვანეს.

დედა-შვილზე თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გუგეშაშვილი "რუსთავი 2"-ს თავდამსხელსა და თავდასხმის დღეზე ესაუბრა.

მისი თქმით, ვინმე ზურა, რომელმაც გუგეშაშვილს ზურგში ტყვია ესროლა და შვილი კი მოუკლა, დაახლოებით ათი თვის წინ ორთაჭალის ტერიტორიაზე გაიცნო.

"გამეცნო, როგორც ვეტერანი. მითხრა, რომ ეძებდა მეგობრებს, თითქოს საერთო მეგობრებს, რომლებიც არ იყვნენ იმ დროისათვის თბილისში და მერე შემომთავაზა ავტომობილით ჩემს ნაქირავებ ბინაში წაყვანა", - ამბობს გუგეშაშვილი და აცხადებს, რომ თავდამსხმელი  გზად ინტერესდებოდა რამდენად ხშირად ჩადიოდა თადარიგის პოლკოვნიკი უკრაინაში და რა კავშირები ჰქონდა იქ.

"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ ბატალიონში ვარ უკრაინაში, არ ვარ კონტრაქტით დაკავშირებული, ეს პრაქტიკულად მოხალისეების ბატალიონია და აქედან როცა მივდიოდი ჩემი პირადი ნივთები და აუცილებელი საგნები სულ მიმქონდა.

ამ კაცმა დააყენა საკითხი, რომ მას ჰყავს პარტნიორები თურქეთში, რომლებსაც უნდოდათ კიევში მაღაზიაში, ოფიციალურად შეეძინათ ქარვის ნაკეთობები, მაგრამ ვინაიდან ომის ქვეყნაა, მათ მაღაზიიდან ნაყიდი ნივთების აეროპორტამდე უსაფრთხო გადატანის გარანტია არ ჰქონდათ და მთხოვა, თუ მყავს მეგობრები, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდ ნივთებს უსაფრთხოდ მიატანინებდნენ აეროპორტში.

მათ თურქეთში უნდოდათ ქარვის გადატანა, საქართველოზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკმა თავდასხმის დღე გაიხსენა.

"ჩემს ვაჟს ეძინა. იმ კაცის მოსვლიდან დაახლოებით 3 წუთში შუქი ჩაქრა და როდესაც მინდოდა მენახა, ხომ არ იყო გადახდის დრო გასული და ამის გამო ხომ არ გამოირთო ელექტროენერგია, შევედი ჩემს საძინებელში და იქიდან გამოსულს მესროლა სამზარეულოში.

გასროლის წინ, ისევ ქარვაზე საუბრობდა, რომ თავისი პარტნიორი ისევ დაუკავშირდა საერთო მეგობრის მეშვეობით".

დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა სახლიდან გაქცევა და მკვლელის გაყვანა გადაწყვიტა, რადგან საძინებელში შვილს ეძინა, თუმცა მკვლელი მას არ გაჰყვა.

"ცეცხლის ალი დავინახე და მივხვდი, სუნით რომ ესროლა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის მე გამომყოლოდა და რომ ჩემი ვაჟისთვის არაფერი დაეშავებინა, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე.

ჯერ საერთოდ რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებდა", - ამბობს გუგეშაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მასზე შური იმ საომარი მოქმედების გამო იძიეს, სადაც ფრონტის წინა ხაზზე თავად იბრძოდა, ამბობს, რომ ეს გამორიცხულია.

"ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მთელმა საქართველომ გავიარეთ უმძიმესი ეპოქა, ეს ეპოქა დასრულდა, როცა ადამიანი ომში ხარ და იარაღი გიჭირავს არცერთი მხარე არ ფიქრობ კონკრეტულ პუროვნებაზე და ობიექტზე, არასოდეს კონკრეტული ობიექტი არ მყოლია, ვისაც კონკრეტულად ვესროდი. ომი არის ყველაზე საშინელი, ტრაგიკული რამ კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ომსაც თავისი წესები აქვს, ამ წესებს არასოდეს გადავსულვარ.".

რეანიმაციიდან პალატაში დაბრუნებულ დოდო გუგეშაშვილს პატრიარქის წერილი დახვდა.

"უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი, ჩემი შვილის გარეშე არ ვაპირებ ცხოვრებას, ჩემი შვილი ფიზიკურად არ არის ჩემთან, სული მარადიულია. ჩემი შვილი ისევ ჩემთან არის, დედა-შვილს ვერასოდეს ვერავინ აცილებს, ჩვენ ორივე მოგვკლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთანაა. ადამიანი თავისი ცხოვრების გზას თვითონ ირჩევს და თვითონ გადის, ამიტომ ყველამ უნდა გავიაროთ ეს გზა, იქნება ის ვარდით თუ ეკლით მოფენილი. მე ვარდით მოფენილი გზა არასოდეს გამივლია, ყოველთვის ეკლით გავიარე, ვიცი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება, მაგრამ მე და ჩემი შვილი ამ გზას ერთად გავივლით", - ამბობს დოდო გუგეშაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.