ბათუმში მომხდარი საზარელი ორმაგი მკვლელობა გახსნილია - რას ამბობს შსს? - კვირის პალიტრა

ბათუმში მომხდარი საზარელი ორმაგი მკვლელობა გახსნილია - რას ამბობს შსს?

ამ ცოტა ხნის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში აგვისტოში მომხდარი ორმაგი მკვლელობა გახსნა. გთავაზობთ განცხადებას:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა საქმე შეეხება ბათუმში მომხდა საზარელ მკვლელობას.

8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე და მისი მეგობარი, მოდელი ზვიო სალთხუციშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭები თბილისიდან ბათუმში დასასვენებლად წავიდნენ და 3 აგვისტოს ხოზრევანიძეების ბინა იქირავეს.

5 აგვისტოს შემდეგ ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ და ამიტომ შეშფოთდნენ. ჯერ შეეცადნენ მათი მეგობრებისგან გაეგოთ ბიჭების ადგილსამყოფელი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ზვიო სალთხუციშვილის "ფეისბუკის" გვერდზე 5 აგვისტოს, დღის 5 საათზე გაზიარებული ვიდეო ნახეს, იგი ნაქირავებ ბინაში პოზირებდა, მუსიკას უსმენდა და მეგობრებს წერდა, რომ თვის ბოლომდე ზღვაზე დასვენებას აპირებდა, ამ კადრებში

თავდაპირველად ითქვა, რომ ბიჭებს ძალადობის კვალი ეტყობოდათ და ისინი ნაწამები იყვნენ, მაგრამ ეს ძალოვან სტრუქტურაში არ დაადასტურეს.

თავშივე ცნობილი გახდა ერთი გარემოება, მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ შანტაჟზე წერდა: "ალოო ალოო, ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული. მიუხედავად იმისა, ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ, მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით. ჩემი მაშანტაჟებელი ჯერ კიდევ თავისუფალია, ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებით, თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან....ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენ თუ არ გამოგაჭენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ... კანონი მე ვერ მიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთან ვარ".

ვისთან ჰქონდა მას კონკრეტულად კონფლიქტი და რატომ ან დაკავებული პირები დაკავსირებულები არიან თუ არა ამ შანტაჟთან, ეს უკვე საქმის სასამართლო განხილვისას გაირკვევა...

იხილეთ ასევე: "მე გარდავიცვალე" - წინათგრძნობა თუ მოსალოდნელი საფრთხის შიში?! - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახალგზარდების მეგობრები?