აღიარებითი ჩვენება! - კვირის პალიტრა

აღიარებითი ჩვენება!

ზურაბ ბაქრაძე: "დანაშაულს ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ბუტას ოჯახს"

"მიქაძემ ისევ გამიმეორა, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, თუ მონაწილეობის მიღება არ გინდათ და პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო"

2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარედ 19 წლის ბუტა რობაქიძე პატრულის ტყვიას ემსხვერპლა, მაგრამ საზოგადოებამ 14 წლის შემდეგაც ზუსტად არ იცის, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, მართლაც ჰქონდათ თუ არა ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი და ვისი მითითებით მოქმედებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სწორედ 14-წლიანი დუმილის შემდეგ, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას გვაძლევს კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც რობაქიძის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია და შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებაში მონაწილეობდა:

- გუშინდელ დღესავით მახსოვს, 2004 წლის 23 ნოემბრის საღამოს რვა საათისთვის პოლიციის მაშინდელი თანამშრომლის, ლევან გვაზავას დაბადების დღის აღსანიშნავად რესტორან "მეგრელებში" შევიკრიბეთ რაიონული პოლიციის თითქმის ყველა ხელმძღვანელი, მე და ლევან გვაზავას რამდენიმე მეგობარი. გვიანობამდე მოვილხინეთ და დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, სახლში წასასვლელად რომ ვემზადებოდით, ლევან გვაზავას ან მე, ზუსტად არ მახსოვს, ქალაქის მორიგემ დაგვირეკა - ცუდი ამბავი მოხდა და დიდუბის ეკლესიის ტერიტორიაზე სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთო. სანამ მივიდოდით, დავურეკე ქალაქის მორიგეს და მივეცი განკარგულება, საქმეში ცენტრალური აპარატიდან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობა ჩართულიყო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ადგილზე მისასვლელად 40-50 წუთი დამჭირდებოდა. როცა მივედი, ბუტა უკვე გარდაცვლილი იყო. თავდაპირველად დეტალების გარკვევა დავიწყე. პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა ზურაბ მიქაძემ მითხრა, საპატრულო ეკიპაჟმა მანქანა გააჩერა, ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდათ, პატრულ-ინსპექტორმა დამატებითი ჯგუფი გამოიძახა - ბაშალეიშვილი და მისი მეწყვილე, ბაშალეიშვილს იარაღი გაუვარდა და ბუტა დაჭრაო. ამ საუბარს იქ მყოფი ყველა ხელმძღვანელი პირი ისმენდა. მიქაძეს ვუთხარი, რა უნდა გააკეთოს ახლა კრიმინალური პოლიციის სამმართველომ, ჩართეთ გამოძიებაში გენინსპექცია და პატრულს დაეკისროს პასუხისმგებლობა-მეთქი. მიქაძემ მიპასუხა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატრულის თანამშრომელი გამართლდეს, საქმე ისე უნდა წარმოვაჩინოთ, რომ საპატრულო ეკიპაჟს შეიარაღებულმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობაო.

მიქაძეს ვკითხე, იარაღით არიან-მეთქი? არ არიან, მაგრამ უნდა ჰქონდეთ, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, ხელმძღვანელობის დავალებააო...

- მიქაძეს არ უთქვამს, ვისგან მიიღო დავალება?

- მეც ეგ ვკითხე, თუმცა ამ დროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაურეკა, რამდენიმე წუთი ილაპარაკეს და როდესაც საუბარი დაასრულა, მიქაძემ ისევ გამიმეორა, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, თუ მონაწილეობის მიღება არ გინდათ და პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო. არც ადეიშვილთან ვაპირებ ასვლას და არც არავისთან, არც მონაწილეობა არ მინდა-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი ზეწოლა იყო ჩვენზე, გინდოდა თუ არა, საქმეში მონაწილეობა უნდა მიგეღო. იარაღი საიდან მოგაქვთ-მეთქი, ვკითხე მიქაძეს. მიქაძე საკუთარი მანქანით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში წავიდა და იქიდან ავტომატი, საბრძოლო მასალები, ცეცხლსასროლი იარაღი მოიტანა და იქ მყოფებში მისი განაწილება დაიწყო.

- იარაღის ჩადებაში თქვენც მონაწილეობდით?

- ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბართაიამ, თქვა, ხელყუმბარა ზურაბ ბაქრაძემ ჩამიდოო და სიმართლეს ამბობს. ჩემი ჩადენილია ეს - რაც შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ხდებოდა, ყველაფერში მონაწილეობა მაქვს მიღებული.

- ხელყუმბარა მიქაძის დავალებით ჩაუდეთ ბართაიას თუ თქვენი ინიციატივით?

- ბართაიას ხელყუმბარა მანამდე უკვე ჩადებული ჰქონდა, ის დააწვინეს ასფალტზე და როდესაც წამოაყენეს, ხელყუმბარა დაუვარდა. სწორედ ამ დროს მივედი, ავიღე ხელყუმბარა და ხელახლა ჩავუდე ბართაიას. მიქაძე განკარგულებებს აძლევდა კრიმინალური პოლიციისა და პატრულის რიგით თანამშრომლებს...

თუ გახსოვთ, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ისმის პატრულის თანამშრომლების ყვირილი - "კალაშა" ვიპოვეთ, იარაღი ამოვიღეთ... ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლის ნაწილი იყო, რომელიც ზურაბ მიქაძემ და გურამ დონაძემ ერთობლივად მოიფიქრეს. დონაძე მთელ ამ პროცესს იღებდა.

- თუმცა ფაქტია, საკითხი მხოლოდ ზურაბ მიქაძის დონეზე არ გადაწყდებოდა. ადეიშვილის გვარი რატომ ახსენა თქვენთან, მაშინ შს მინისტრი ხომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო?

- მიქაძეს ოქრუაშვილი არ უხსენებია, თქვა, რომ ელაპარაკებოდა დეპარტამენტის დირექტორს, რომლის სახელი არ უხსენებია, ადეიშვილზე კი თქვა, თუ პრეტენზიები გაქვთ, მასთან ადითო, თუმცა ვერ ვიტყვი, ამით რის თქმას ცდილობდა. რაც შეეხება დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბუნებრივია, ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი არ იქნებოდა, მიქაძე უშუალოდ საპატრულო სამსახურის დეპარტამენტის უფროსს ესაუბრებოდა, თუმცა არ მახსოვს, ვინ იყო მაშინ ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები, ზუბალაშვილი...

- დავუბრუნდეთ ისევ შემთხვევის ადგილს... იარაღი განაწილდა და ამის შემდეგ დაიწყო გურამ დონაძემ გადაღება? თუ მანამდე ისიც გადაიღო, როგორ ჩაუდეთ ბართაიას ხელყუმბარა და როგორც ამტკიცებთ, დონაძე ამ კადრებით გაშანტაჟებთ?

- როდესაც იარაღი უკვე განაწილებული იყო, გურამ დონაძე აძლევდა ოპერატორებს მითითებებს, როგორ გადაეღოთ შემთხვევის ადგილი. ეს ხდება ჩვენი ადგილზე მისვლიდან საათ-ნახევრის შემდეგ. თუმცა გურამ დონაძე ასეთი საქმეების პროფესიონალია, დარწმუნებული ვარ, გადაღებული ექნება, როგორ გასცემდნენ მითითებებს, უდებდნენ იარაღს... სწორედ ამ კადრებით მაშანტაჟებს ის უკვე რვა თვეა. ადვოკატმა მითხრა, გურამ დონაძემ შემოგითვალა, თუ ჩვენს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემ და აღიარებ, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მიტანილია და ფაქტები გაყალბებულია, სრულ ჩანაწერს გამოვაქვეყნებ, რომელშიც შენც ფიგურირებო.

რამდენიმე დღის წინ კი გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩემი შვილი სასამართლოში ნახეს და ტელეფონზე აჩვენეს ვიდეო, თან ეკრანს ხელი დააფარეს - აქ მამაშენის კადრებია და თუ ჭკვიანად არ იქნება, ყველაფერს გამოვააშკარავებთო. რა კადრებიც უნდა გამოაჩინოს გურამ დონაძემ, მე დანაშაულს ვაღიარებ, დიახ, დონაძის ვიდეოჩანაწერებში აუცილებლად ვიქნები, რადგან შემთხვევის ადგილზე ვიყავი, მე ჩავიდინე ეს დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა ვაგო და ამისთვის მზად ვარ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქმის ძიება 2013 წლიდან დაიწყო, აქამდე ჩვენება არ მიგიციათ. ახლა რას აპირებთ, ჩამოხვალთ საქართველოში და მისცემთ ჩვენებას სასამართლოს?

- ჩამოვალ! და სასამართლოს ჩვენებას აუცილებლად მივცემ! უახლოეს დღეებში ვაპირებ, მივმართო საქართველოს საელჩოს უკრაინაში, რომ საზღვრის გადაკვეთა შევძლო. არ ვიმალები, არც გამოვქცეულვარ, როგორც გურამ დონაძე აცხადებს. უკრაინაში 2012 წლის 16 ნოემბრიდან ვარ, ჩემს წინააღმდეგ კი საქმე 2013 წლის 9 თებერვალს აღიძრა. სწორედ იმის გამო, რომ ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ ჩემი საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედება შეაჩერა, ამიტომაც ვერ მოვახერხე ამ დრომდე საზღვრის გადალახვა.

- გურამ დონაძის მტკიცებით, თქვენ პროკურატურისგან თანხა აიღეთ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ...

- დონაძე დიდი ხანია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილს შევუთანხმდი, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემდი. ამ აბსურდული ბრალდების გამო გურამ დონაძეს აუცილებლად ვუჩივლებ.

ვფიქრობ, 10 დღეში ყველა ტექნიკურ პრობლემას მოვაგვარებ, მანამდე იურისტებთან კონსულტაციებს გავივლი და სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მივცემ. ვიმეორებ, დანაშაულს ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ბუტა რობაქიძის ოჯახს...

გურამ დონაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: - ზურაბ ბაქრაძე ცდილობს, თავი დაიძვრინოს ცრუ ბრალდებებით და იმდენსაც კი კადრულობს, რომ ამისთვის შვილმკვდარ ოჯახს იყენებს. ადამიანი ამბობს, იარაღი ჩავუდეო და ეს უნდა ვაპატიოთ? სად იყო მაშინ, როდესაც სამი დღით დაგვაკავეს 2013 წელს, ან ახლა გაახსენდა ეს საქმე და 14 წლის შემდეგ გადაწყვიტა მონანიება?! თუ ჩაიდინა დანაშაული, აგოს კიდეც პასუხი! თუმცა, როგორც ჩანს, პროკურატურას ისე გაუჭირდა, რომ ბაქრაძის ცრუ ჩვენებით გადაწყვიტა სასურველი შედეგის მიღება და არ გამიკვირდება, საქმის მოსამართლეებსაც ჰქონდეთ დირექტივა, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ.

- თქვენი ვერსიით რა მოხდა, ბუტა რობაქიძემ ცეცხლი გახსნა და საპასუხო გასროლა განახორციელა საპატრული ეკიპაჟმა?

- იცით, სად ჩანს, რომ ზურაბ ბაქრაძე იტყუება? ის ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა დაახლოებით 50 წუთში. არადა, მაქსიმუმ 10-15 წუთში მოვიდოდა. სასამართლოზე წარდგენილია კადრები, ხუთწუთიანი უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სუნთქავს ბუტა რობაქიძე, კიდევ კარგი, რომ ოპერატორმა ეს კადრები უწყვეტად გადაიღო.

- და არ არის ფირი დამონტაჟებული?

- ხუთწუთიანი უწყვეტი კადრის შემდეგ არის წყვეტა, რაც ბუნებრივია - ნებისმიერი ოპერატორი ასე იღებს კადრებს, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ხუთწუთიანი უწყვეტი კადრი, სადაც ბუტა რობაქიძე ცოცხალია და არის ასახული თუ რა ხდება ამ პერიოდში. თუ ზურაბ ბაქრაძე გვეუბნება, რომ ბუტა რობაქიძე თავიდან მოვკალით და შემდეგ ხელახლა გადავიღეთ? როდესაც ბუტა სუნთქავს, იარაღები იქვეა აღბეჭდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაც კი ამბობს, რომ ეს ნაწილი არ არის დამონტაჟებული და ამას პროკურატურაც იზიარებს.

- მაინც არ მიპასუხეთ, ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს იარაღი და როგორია მკვლელობის თქვენი ვერსია ადგილის გაყალბებაზე?

- პირველ რიგში იმასაც დავაზუსტებ, რომ ზურაბ ბაქრაძე ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ 12 წუთი. შემდეგ ის მიდის შემთხვევის ადგილიდან, სად ნახა, რომ საათ-ნახევრის შემდეგ დაიწყო გურამ დონაძემ გადაღება, როდესაც იქ მხოლოდ 12 წუთი იყო? რაც შეეხება იმას, რა მოხდა ადგილზე, ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ მე ვინმეს შემთხვევის გაყალბების დირექტივა მივეცი. როდესაც მივედი, ადგილზე იყო იარაღი, ვინ მიიტანა და რატომ, ეს ჩემი საქმე არ არის.

რუსუდან შელია