"თუ პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო..." - აღიარებითი ჩვენება 14 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"თუ პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო..." - აღიარებითი ჩვენება 14 წლის შემდეგ

ზურაბ ბაქრაძე: "დანაშაულს ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ბუტას ოჯახს"

2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარედ 19 წლის ბუტა რობაქიძე პატრულის ტყვიას ემსხვერპლა, მაგრამ საზოგადოებამ 14 წლის შემდეგაც ზუსტად არ იცის, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, მართლაც ჰქონდათ თუ არა ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი და ვისი მითითებით მოქმედებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სწორედ 14-წლიანი დუმილის შემდეგ, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას გვაძლევს კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც რობაქიძის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია და შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებაში მონაწილეობდა. გთავაზობთამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიიდან:

ზურაბ ბაქრაძე:

- როცა მივედი, ბუტა უკვე გარდაცვლილი იყო. თავდაპირველად დეტალების გარკვევა დავიწყე. პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა ზურაბ მიქაძემ მითხრა, საპატრულო ეკიპაჟმა მანქანა გააჩერა, ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდათ, პატრულ-ინსპექტორმა დამატებითი ჯგუფი გამოიძახა - ბაშალეიშვილი და მისი მეწყვილე, ბაშალეიშვილს იარაღი გაუვარდა და ბუტა დაჭრაო. ამ საუბარს იქ მყოფი ყველა ხელმძღვანელი პირი ისმენდა. მიქაძეს ვუთხარი, რა უნდა გააკეთოს ახლა კრიმინალური პოლიციის სამმართველომ, ჩართეთ გამოძიებაში გენინსპექცია და პატრულს დაეკისროს პასუხისმგებლობა-მეთქი. მიქაძემ მიპასუხა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატრულის თანამშრომელი გამართლდეს, საქმე ისე უნდა წარმოვაჩინოთ, რომ საპატრულო ეკიპაჟს შეიარაღებულმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობაო.

მიქაძეს ვკითხე, იარაღით არიან-მეთქი? არ არიან, მაგრამ უნდა ჰქონდეთ, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, ხელმძღვანელობის დავალებააო...

- მიქაძეს არ უთქვამს, ვისგან მიიღო დავალება?

- მეც ეგ ვკითხე, თუმცა ამ დროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაურეკა, რამდენიმე წუთი ილაპარაკეს და როდესაც საუბარი დაასრულა, მიქაძემ ისევ გამიმეორა, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, თუ მონაწილეობის მიღება არ გინდათ და პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო... ამის შემდეგ ისეთი ზეწოლა იყო ჩვენზე, გინდოდა თუ არა, საქმეში მონაწილეობა უნდა მიგეღო. იარაღი საიდან მოგაქვთ-მეთქი, ვკითხე მიქაძეს. მიქაძე საკუთარი მანქანით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში წავიდა და იქიდან ავტომატი, საბრძოლო მასალები, ცეცხლსასროლი იარაღი მოიტანა და იქ მყოფებში მისი განაწილება დაიწყო.

-  საკითხი მხოლოდ ზურაბ მიქაძის დონეზე არ გადაწყდებოდა. ადეიშვილის გვარი რატომ ახსენა თქვენთან, მაშინ შს მინისტრი ხომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო?

- მიქაძეს ოქრუაშვილი არ უხსენებია, თქვა, რომ ელაპარაკებოდა დეპარტამენტის დირექტორს, რომლის სახელი არ უხსენებია, ადეიშვილზე კი თქვა, თუ პრეტენზიები გაქვთ, მასთან ადითო, თუმცა ვერ ვიტყვი, ამით რის თქმას ცდილობდა.

...

გურამ დონაძე აძლევდა ოპერატორებს მითითებებს, როგორ გადაეღოთ შემთხვევის ადგილი. ეს ხდება ჩვენი ადგილზე მისვლიდან საათ-ნახევრის შემდეგ. თუმცა გურამ დონაძე ასეთი საქმეების პროფესიონალია, დარწმუნებული ვარ, გადაღებული ექნება, როგორ გასცემდნენ მითითებებს, უდებდნენ იარაღს... სწორედ ამ კადრებით მაშანტაჟებს ის უკვე რვა თვეა. ადვოკატმა მითხრა, გურამ დონაძემ შემოგითვალა, თუ ჩვენს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემ და აღიარებ, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მიტანილია და ფაქტები გაყალბებულია, სრულ ჩანაწერს გამოვაქვეყნებ, რომელშიც შენც ფიგურირებო.

რამდენიმე დღის წინ კი გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩემი შვილი სასამართლოში ნახეს და ტელეფონზე აჩვენეს ვიდეო, თან ეკრანს ხელი დააფარეს - აქ მამაშენის კადრებია და თუ ჭკვიანად არ იქნება, ყველაფერს გამოვააშკარავებთო. რა კადრებიც უნდა გამოაჩინოს გურამ დონაძემ, მე დანაშაულს ვაღიარებ, დიახ, დონაძის ვიდეოჩანაწერებში აუცილებლად ვიქნები, რადგან შემთხვევის ადგილზე ვიყავი, მე ჩავიდინე ეს დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა ვაგო და ამისთვის მზად ვარ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია