"უმუშევარი დარჩა, განიცდიდა, ალბათ ბოღმა ცოლზე გადაიტანა... იმანაც სამზრეულოს დანა რამდენჯერმე დაარტყა" - კვირის პალიტრა

"უმუშევარი დარჩა, განიცდიდა, ალბათ ბოღმა ცოლზე გადაიტანა... იმანაც სამზრეულოს დანა რამდენჯერმე დაარტყა"

მორიგი ოჯახური კონფლიქტი დანაშაულით დასრულდა ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, სადაც სამშვილიანი ოჯახის დიასახლისმა 30 წლის ლია მიქელაძემ 31 წლის მეუღლე ხვიჩა კიზირია დანით მძიმედ დაჭრა. ქალის მტკიცებით, ქმარი მასზე ძალადობდა. კონფლიქტისას შინ იმყოფებოდა წყვილის სამი მცირეწლოვანი შვილი. დაჭრილი მამაკაცი სახლიდან ეზოში საკუთარი ფეხით გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა. როცა ის მეზობლებმა ეზოში, ძლიერი სისხლდენით ნახეს, ჯერ კიდევ გონზე იყო, თუმცა სასწრაფოს მოსვლამდე გონება დაკარგა. მანამდე მოასწრო და მეზობლებს უთხრა, რომ დანით ცოლმა დაჭრა. ერთ-ერთი მეზობელი ყვება, რომ როდესაც ხვიჩას ხმა გაიგონა - მიშველეთო, ეზოში გავიდა და ხვიჩა მიწაზე დაინახა, ეგონა, რომ მთვრალი იყო, თუმცა ახლოს მისულმა ნახა, რომ ბიჭი სისხლში ცურავდა.

ლია მიქელაძე აღიარებს, რომ ქმარი დაჭრა, თუმცა მისი მტკიცებით ის მოძალადე მეუღლეს იგერიებდა.

"ხელით შემეხო, საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო, გონზე არ ვიყავი... წიხლები მირტყა. როგორ ავიღე დანა არც მახსოვს, გარეთ რომ გავიდა, არც მეგონა რომ დაჭრილი იყო... ჰკითხონ ერთი მასაც რატომ გააკეთა ეს ლიამ, ასე რატომ მოიქცაო?.. მარტო მე რომ მკითხავენ", - განცხადა მან "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

დაჭრილი ხვიჩა კიზირიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ლია მიქელაძე ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მომხდარის შესახებ ცოლ-ქმრის ერთ-ერთი მეზობელი გვესაუბრება, რომლის მტკიცებითაც ოჯახში კონფლიქტი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- ორივე - ცოლიც და ქმარიც აქაურები - ოჩხამურელები არიან, 7 წლის წინ დაქორწინდნენ. ჩხუბი და აყალმაყალიც სწორედ ქორწინებისთანავე დაიწყო, მტყუან-მართლის გარჩევა ოჯახის გარედან რთულია, თუმცა, როგორც ჩანდა, არც ქალს აქვს რბილი ხასიათი და არც ქმარს. სამი შვილი გაუჩნდათ და სამივე მათგანი დედ-მამის ჩხუბში გაიზარდა. ძალიან გვეცოდებოდნენ ბავშვები ამ კონფლიქტების შემხედვარეები, მაგრამ რა შეგვეძლო... საბოლოოდ ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდა.

ისე კი იჩხუბებდნენ, მეორე დღეს კი ადვილად რიგდებოდნენ ისევ. რომც ჩავრეულიყავით, ალბათ აქეთ გვეტყოდნენ, რა თქვენი საქმეაო?..

ბიჭი მუშაობდა, ბავშვებს ლუკმა-პურს არ აკლებდა, თუმცა სვამდა...

იმ დღეს სამეგრელოში ყოფილა წასული დაკრძალვაზე და იქედან საღამოს ძალიან მთვრალი დაბრუნებულა. თან ძალიან ცუდი ამბავიც ჰქონდა წინა დღეებში შემთხვეული - ქობულეთის გზის მშენებლობაზე მუშაობდა მძღოლად და გაათავისუფლეს - უმუშევარი დარჩა. ძალიან განიცდიდა და როგორც ჩანს, ყველაფრის ბოღმა ცოლზე გადაიტანა... ზუსტად რა მოხდა არავინ იცის,  ფაქტია, რომ ცოლმა სამზრეულოს დანა რამდენჯერმე დაარტყა...

- ახლა ბავშვები სად არიან?

- დედასთან. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ლია სახლში დაბრუნდა, სავარაუდოდ, ბიჭის დაკითხვას ელოდებიან, იმედია, ხვიჩა გადარჩება და შვილებს უპატრონებს... ლიას კი, სავარაუდოდ, სერიოზული სასჯელი ელოდება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)