პატიმარი ქალების ტრაგიკული წარსულიდან - კვირის პალიტრა

პატიმარი ქალების ტრაგიკული წარსულიდან

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-25)

"ჭუჭრუტანიდან ცალი თვალით ვუყურებდი ჩემი ოჯახის წევრებს"

"ქერა თმა მქონდა და რამდენი მთვრალი მილიციელიც შემოვიდა, ყველას მეძავი ვეგონე. აუტანელი იყო ამდენი შეურაცხყოფა"

დალი ხოდაშნელაშვილი უკვე სამგზის დიდი ბებიაა,  მატროსოვის ქუჩის #5 ყოფილი ბინადრის გარეგნობა, თავის დაჭერა მიგანიშნებთ, რომ თავის დროზე თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ქალი იქნებოდა. დღესაც საოცრად მომხიბვლელია და მიუხედავად განვლილი მძიმე ცხოვრებისა, თვალები სიკეთით აქვს სავსე.

- 15 წლისა გავთხოვდი, 16-ისას უკვე შვილი მყავდა და ქმარსაც გავცილდი. ჩემი ახალგაზრდობა, სიხარული, სილამაზე და თუ კარგი რამ გამაჩნდა, ყველაფერი მაშინ მოკვდა, როდესაც დამაპატიმრეს. მაშინ  34 წლის  ვიყავი. არაფრის გამო კოლონიაში 7 წელი გავატარე.

სასოფლო მშენებლობის სამინისტროში კომპლექტაციის ტრესტის მთავარი ბუღალტერი ვიყავი. ამავე ტრესტში მექანიზაციის ბაზა გაიხსნა, სადაც 6 თვის განმავლობაში ბუღალტერი არ ჰყავდათ. საქმე რომ ამეწყო, დროებით მექანიზაციის ბაზაში გადამიყვანეს. საბუღალტრო საქმე ისე მოვაწესრიგე, რევიზია რომ ჩატარდა, ერთი ხარვეზიც ვერ მოძებნეს. 6 თვის ნამუშევარში 500 მანეთი მომცეს, როდესაც ათჯერ მეტი მეკუთვნოდა.

არ ვიცოდი, რომ  ბაზაში "მკვდარი სულები" ჰყოლიათ გაფორმებული. წესით, ეს კადრების უფროსსა და მოლარეს უნდა სცოდნოდათ. ბაზაში ერთი პირი ასრულებდა ამ ორ მოვალეობას. ეტყობა, არ აწყობდათ მოლარის აყვანა, "მკვდარი სულები" გამოაშკარავდებოდა.

მართალია, "მკვდარ სულებზე" არაფერი ვიცოდი, მაგრამ უწყისზე ჩემი ხელმოწერა იყო. დაიჭირეს კადრებისა და სამმართველოს უფროსი, მაგრამ ტრესტის მმართველისთვის, რომლის დავალებითაც გააკეთეს ეს საქმე, ხელი არავის უხლია. წრე რომ შეკრულიყო, ტრესტის მმართველის ნაცვლად მე დამაპატიმრეს.

- ტრესტის მმართველს რატომ არ შეეხნენ?

- აბაშიძე იყო გვარად, ყოფილი სპორტსმენი და დიდი ზურგი ჰქონდა. არადა მოწმეები მას ადებდნენ ხელს. პროცესზე იმასაც კი მოჰყვნენ, მოსკოვში შვილის ქორწილი რომ გადაიხადა, როგორ ჩაუტანეს ფული, მაგრამ... ერთმა კაცმა ქორწილის დღეს 3 ათასი მანეთის მარტო ვარდები მიუტანა მის რძალს მოსკოვის სასტუმროში. სასამართლო პროცესზე სულ გაიშიფრა, ვისთვის რამდენი ფული ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ჩანს, ტრესტის მმართველის იყო მოსამართლეც და პროკურორიც. მე ხელს არავინ მადებდა.

საქმეში მხოლოდ მოწმედ გავდიოდი და სასამართლოს დროსაც თავისუფალი ვიყავი. როდესაც პროკურორმა ჩემთვის 10 წლის მოსჯა მოითხოვა, მოსამართლემ ჩემს ადვოკატს უთხრა, დალის უთხარი, სასამართლოზე არ მოვიდესო.

- ეს რატომ გააკეთა?

- ვიცი, უდანაშაულოს ვუსჯი და სასამართლო პროცესზე მის დაპატიმრებას ვერ ვუყურებო. მე რომ არ დავეპატიმრებინე, ტრესტის მმართველი უნდა აეყვანათ, მას კი პატრონი ჰყავდა და ვერ ეხებოდნენ. მაშინ ენით აუწერელი სიმწარე გადავიტანე. სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა გორგოძე მეხმარებოდა. პროკურატურასა და უმაღლეს სასამართლოში არაერთი წერილი გაგზავნა.

მისი ჩარევის წყალობით მაშინვე არ დავუპატიმრებივარ. ერთხელაც დავურეკე შოთა გორგოძეს და მითხრა, ამოდი ჩემთან, კიდევ დავწერ წერილს და გავგზავნი პროკურატურაშიო. მისაღებში ვიჯექი და გორგოძემ დაცვას დაუძახა. მილიციელები აქეთ-იქიდან რომ დამისხდნენ, ვიფიქრე, ალბათ, დაცვა იმიტომ გამოიძახა, რომ პატიმრობაში უნდა ამიყვანონ-მეთქი.

მაშინვე ფეხზე ავდექი, ვითომ გარეთ გასვლა მინდოდა. გამოვედი და მილიციელები არც განძრეულან, მხოლოდ თვალი გამომაყოლეს. დერეფანში მივდიოდი და ხელ-ფეხი მიკანკალებდა, ფეხზე ძლივს ვიდექი. ერთ-ერთ კაბინეტში შევედი და ვთხოვე, დამარეკვინეთ-მეთქი. იქ ყველა მიცნობდა და მოვუყევი, - გორგოძემ დაცვა გამოიძახა, მგონი, უნდა დამაპატიმრონ-მეთქი. გამორიცხულია, მისაღებში დაგაპატიმროს, იქნებ შენობიდან გახვიდეო.

მეც ასე მოვიქეცი, მაგრამ ორი საათის მერე მაინც დავრეკე შოთა გორგოძესთან, მან კი სად წახვედი, გეძებო. ცუდად ვიყავი და ცოტა ხნით გარეთ გავედი-მეთქი. გორგოძესთან რომ დავბრუნდი, სიმართლე ვუთხარი, მეგონა, ჩემი დაპატიმრება გინდოდათ-მეთქი. შოთა გორგოძე სიცილით მოკვდა, შენს დაპატიმრებას  დაცვის გამოძახება რად სჭირდებოდა, ანდა ჩემს კაბინეტში როგორ დაგაპატიმრებდიო.

ორი თვის მერე დამაპატიმრეს და მერეც ძალიან მეხმარებოდა გორგოძე.

20 ათასი მანეთის გაფლანგვა დამაბრალეს და როგორც გითხარით, 10 წელი ისე მომისაჯეს, სასამართლო პროცესზე არ ვყოფილვარ. ვიმალებოდი. შინ აღარ მივდიოდი.

ერთ ღამეს დედის სანახავად მივედი სახლში და ეტყობა, მილიციაში მაშინ დარეკა ვიღაცამ. ღამის 12 საათზე 4 მილიციელი დაგვადგა თავს. შიშისაგან ისეთი შოკი მქონდა, აღარ მახსოვს, როგორ დამაპატიმრეს. 3 დღე მილიციაში ვიყავი და იქ იმდენი შეურაცხყოფა მომაყენეს, თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ქერა თმა მქონდა და რამდენი მთვრალი მილიციელიც შემოვიდა, ყველას მეძავი ვეგონე. აუტანელი იყო ამდენი შეურაცხყოფა და ციხეში გადაყვანა მოვითხოვე.

ციხეში ერთი ღამე ვიყავი, მეორე დღეს კოლონიაში გადამიყვანეს.

კოლონიაში პატიმრებიც არ შემხვედრიან თბილად. ციხეში ნამყოფებს იარლიყი ჰქონდათ, რომ აგენტები იყვნენ. კოლონიის ქალებს თავიდან მიგზავნილი ვეგონე. კოლონიაში ლუიზა შაკიაშვილი რომ შემოიყვანეს, მისგანაც თავი შორს მეჭირა, მაგრამ თვითონ ლუიზამ მოინდომა დამეგობრება.

კოლონიაში ორი ჩემი ყოფილი თანამშრომელი იხდიდა სასჯელს და მათ გადამატანინეს ის მძიმე დღეები. ია ღამბაშიძე ბუღალტერი იყო, ჩემზე სამი წლით ადრე დააპატიმრეს. მან მიპატრონა, მერე თანდათან მივეჩვიე და სხვებს ვპატრონობდი.

- გისოსებს მიღმა როგორ მიდიოდა ცხოვრება?

- წარმოიდგინეთ, საკუთარ სახლში ვინმემ გარედან რომ ჩაგიკეტოთ კარი. ერთი დღეც რომ ვერ გამოხვიდეთ სახლიდან, როგორი განცდა გექნებათ? მე როგორი განცდა მექნებოდა, როდესაც ვიცოდი, რომ 10 წელი ვერ გამოვიდოდი იქიდან?! მაგრამ რატომღაც სულ ველოდი, რომ მალე გამათავისუფლებდნენ. პირველი სამი წელი სულ კარისკენ მქონდა თვალი, როდის დამიძახებენ, რომ გამამართლეს-მეთქი.

კოლონიაში ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა, როდესაც ლუიზა შაკიაშვილი კა-გე-ბეს ციხეში გადაიყვანეს. მაშინ გაჩნდა ეჭვი, ეტყობა, ლუიზასთან მიგზავნილი იყო, რაღაც ათქმევინა და ამიტომაც დასაჯესო. საშინელი შემოტევა დაიწყო. ენით ვერ აგიწერთ, რა გადავიტანე იმ სამ თვეში.

ერთ დღესაც შემოიყვანეს ლუიზა კოლონიაში და როგორც დედისკენ გარბის შვილი, ისე მორბოდა ჩემკენ. შორიდან მიყვიროდა, როგორ მომენატრე, ჩემო დანდუნდაო (დანდუნდას ჩემი დისშვილი მეძახდა და კოლონიაშიც ასე მეძახდნენ მეგობრები) და გადავეხვიეთ ერთმანეთს. მაშინ ირწმუნა ყველამ,  რომ მიგზავნილი და აგენტი არ ვიყავი.

კოლონიაში იყო ერთი ადგილი, საიდანაც (პატარა ჭუჭრუტანა იყო) მატროსოვის ქუჩის ერთი სახლის ნომერი ჩანდა. ჩემებს შევუთვალე, ამა და ამ საათზე ამ სახლის ნომერთან დადექით, რომ დავრწმუნდე, ყველა ცოცხალი ხართ-მეთქი.

ჩემი პატარა და ვერ მოდიოდა, რადგან პატარა ბავშვი ჰყავდა და სულ მეგონა,  ეტყობა, ცოცხალი აღარ არის და მიმალავენ-მეთქი. მოვიდნენ ყველანი. ჭუჭრუტანიდან ცალი თვალით ვუყურებდი ჩემი ოჯახის წევრებს. მართალია, ისინი ვერ მხედავდნენ, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ყველას ცოცხალს რომ ვხედავდი.

სანამ კოლონიაში გადამიყვანდნენ, მაშინებდნენ, იქ ერთი კაცივით ქალია, რომელიც ახალმისულ პატიმრებს აწვალებსო. კოლონიაში გადაყვანიდან მეორე დილას, 6 საათზე, პატიმრები  დასათვლელად რომ გაგვიყვანეს, ვხედავ ერთი უხეში ქალი დგას, ძაღლივით იყეფება და გინებით იკლებს იქაურობას. გადათვლის დროს ამ ქალის გვერდით არ მოვხვდი? გავფითრდი და ისე ავკანკალდი, რომ ჩავიკეცე, ამ ქალმა შემაშველა ხელი, რა მოგივიდაო?

თურმე სულაც არ ყოფილა ცუდი ადამიანი, ცხოვრებისაგან იყო გაუბედურებული და გამწარებული. ქურდობაზე იჯდა.

კოლონიაში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ქუთაისელ ციალა ლაღაძეს (მაღაზიის გამგე იყო) კოლონიაში ყოფნისას შვილი მოუკვდა. ფერისცვალება ახლოვდებოდა და ატირდა ციალა, მე დედა ვარ? ხილი არა მაქვს, შვილს საკურთხი რომ გავუკეთო, ახალგარდაცვლილს სანთელსაც ვერ ვუნთებო. რეჟიმის უფროსი გვყავდა, გვარად გარავოი, ძალიან კარგი კაცი.

შევედი მასთან და ვთხოვე, ფერისცვალებაა და შვილმკვდარ დედას არაფერი აქვს, რომ შვილს სული უხსენოს და სანთელი აანთოს. შემიშვით "სვიდანიების" ოთახში და რასაც გამოვიტან, სულ გაჭირვებულ მოხუცებს ვაჭმევ-მეთქი. მართლაც შემიშვეს. ერთმა პატიმარმა, თინა ქრისტესაშვილმა, ქმარი გაგზავნა სანთლების მოსატანად. უამრავი რამ გამომატანეს. ხილიც ვაკურთხეთ და სანთელიც ავანთეთ ციალა ლაღაძის შვილის სახელზე. ეჰ, ციხეში მოხვედრის მერე ბევრ ქალს დაენგრა ოჯახი და გაუბედურდა.

ქეთევან ხოდაშნელაშვილი, დალი ხოდაშნელაშვილის და: - დალის დაპატიმრებამ ისეთი  თავზარი დამცა, ქმარ-შვილი აღარ მახსოვდა. შვილები კოლონიის გზაზე დავზარდე. მადლობა ღმერთს, ღვთისნიერი ქმარი მყავდა, ერთი საყვედური არ უთქვამს. პირიქით, იმას  მეუბნებოდა, ჩვენ არ ვჭამოთ, დალის გავუგზავნოთო.

ერთხელ,  დღის 12 საათი იქნებოდა, გულიკო ნადარეიშვილმა დამირეკა, მიშველე რამე, პატიმრები დაიწამლნენ, სადმე სოდა მიშოვეო. მაშინ სოდა დეფიციტი იყო. ტირილით, გლახასავით ჩამოვიარე კორპუსებში, და მყავს პატიმარი, მოწამლულია და შეიძლება მოკვდეს. ვისაც სოდა გაქვთ, მომეცით-მეთქი. ასე შევაგროვე ორი ლიტრიანი ქილა. 4 საათზე უკვე კოლონიასთან ვიყავი. გულიკო ნადარეიშვილი კართან დამხვდა.

რადგან რაღაცის გადაცემის საშუალება მომეცა, მარტო სოდას ხომ არ მივიტანდი? კარაქი და სხვა რამეებიც მივაყოლე. გულიკომ ყველაფერი კაბის ქვეშ დამალა და შეიტანა. ბევრი პატიმარი გადაარჩინა იმ სოდით კუჭის ამორეცხვამ.

დის გამო ისეთ რამეებს ვაკეთებდი, ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს. ერთხელ ერთი თავი ყველი ვიყიდე დალისთვის შესაგზავნად. მივუახლოვდი კოლონიას და იმ დასაქცევის კოშკურიდან ერთი თოფიანი კაცი გამომეხმაურა, ეი, სესტრაო, და ხელი დამიქნია. ეტყობა, მიხვდა, რომ პატიმრისთვის რაღაცის გადაცემა მინდოდა.

კოშკურიდან ჩამოვიდა და მეც ბრმად მივყევი ვიწრო ბილიკზე. მიმიყვანა ერთ ადგილას. ვიღაცებს გასძახა, ხოდაშნელაშვილი გამოიყვანეთო. ვუთხარი, დამანახვეთ, რომ ჩემი და ნამდვილად მოვიდა, ყველს სხვას არ მივცემ-მეთქი. უცნობმა კაცმა გალავანზე ამაფოფხა.

დალის მაინც ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმა მივაწვდინე, მანდ ხარ-მეთქი? აქ ვარო, რომ დამიძახა, ყველი მოვისროლე. რას დავეძებდი, თუ დაიმტვრეოდა, ნაფხვენებს ხომ მაინც შეჭამდა, მაგრამ ყველი სიგნალიზაციას მოხვდა და  სირენა ჩაირთო.  გული გადამიქანდა.  იმ კაცმა აცნობა ვიღაცას, სიგნალიზაციას ჩიტი შეეხოო და გადავრჩით. ისევ გავძახე დალის, ყველი აიღე-მეთქი? ავიღეო, - გადმომძახა გალავანს იქიდან. მეთვალყურეს 15 მანეთი მივეცი და ვთხოვე, 30 კაპიკი მომეცი, რომ სახლში წავიდე, გზის ფული აღარ მაქვს-მეთქი. ახლა მოსაყოლად ადვილია, მაგრამ იცით, რამხელა შიში და ნერვიულობა გადავიტანე მაშინ?

დალი ხოდაშნელაშვილი: - დანაშაული არ მიღიარებია და შეწყალებაზეც ვერ დავწერდი განცხადებას. უკვე 5 წელი მქონდა მოხდილი,  დაიბარეს ჩემი ქალიშვილი და მას დააწერინეს შეწყალებაზე თხოვნა. შს მინისტრი შოთა გორგოძე მომეხმარა, რომ 2 წელი მოეხსნათ ჩემთვის. კოლონიიდან მუხროვანის დასახლებაში გადამიყვანეს. იქ საშინელ პირობებში ვიყავი.

ხან ფერმაში მამუშავებდნენ, ძროხებს მაწველინებდნენ, ხანაც მინდორში ბოლოკსა და ხახვს მაღებინებდნენ. გორგოძემ სულზე მომისწრო, თორემ მუხროვანში ისე გადამეკიდა რეჟიმის უფროსი, უკან, კოლონიაში მიპირებდა გადაყვანას.

- რით გაანაწყენეთ ასე?

- მოვწონდი, რაც უნდოდა, ის რომ არ გამოუვიდა, გადამეკიდა. თავიდან ტელეფონისტად დამნიშნა კომუტატორზე. დათვრებოდა და ხან შუაღამისას მომაკითხავდა, ხანაც დილაადრიან. საწადელს რომ ვერ მიაღწია, გადამემტერა. ტელეფონისტობიდან მომხსნა და ძროხებში სამუშაოდ გამიშვა. ხშირად მემუქრებოდა, ხან კარცერში მსვამდა, ხანაც უსაფუძვლოდ მტუქსავდა. ამითაც რომ ვერაფერს მიაღწია,  საბუთების შეგროვება დაიწყო, რომ კოლონიაში მივებრუნებინე. ჩემებს მივაწვდინე ხმა, საშინელ დღეში ვარ, იქნებ გორგოძემ მიშველოს-მეთქი.

(გაგრძელება იქნება)