მოკლულს დანით 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული - რა ვერდიქტი გამოუტანა სასამართლომ ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის გოგოს? - კვირის პალიტრა

მოკლულს დანით 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული - რა ვერდიქტი გამოუტანა სასამართლომ ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის გოგოს?

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ორი ახალგაზრდა ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

2017 წლის 9 აპრილს მეზობლებმა ნახეს, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილის ბინიდან ცეცხლის კვამლი გამოდიოდა და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველებს სახლში მოხუცის დასახიჩრებული ცხედარი დახვდათ, მას სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა. აშკარა იყო, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავეებმა კვალის წაშლის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ბაბუის მკვლელობაში მისი 19 წლის შვილიშვილი გოგონა იქნებოდა გარეული.

დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის თავზე, ძალოვანებმა მარიამ კუპრეიშვილი დააკავეს, მეორე დღეს კი მისი მეგობარი, 20 წლის გიორგი გვარამია აიყვანეს. მარიამმა პირველი დაკითხვისას დეტალურად აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, მისი მეგობარი დუმილის უფლებას იყენებდა. მოგვიანებით მარიამმაც უარყო ბაბუის მკვლელობაში მონაწილეობა და ამბობდა, რომ ეს ძალადობით მიღებული ჩვენება იყო. პროკურატურამ ახალგაზრდებს ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.

უმძიმესი იყო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილს სხეულზე დანით 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, კუპრეიშვილი მეორედ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავდა.

სწორედ ერთ-ერთი ვაჟის ქალიშვილი გახლავთ მარიამი. ისიც გაირკვა, რომ მოკლულმა მთელი ქონება, მათ შორის ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ბინა და ავტომობილი მეორე ცოლის ოჯახს დაუტოვა. თქვეს, რომ სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა მარიამი. იმასაც ამბობდნენ, ჯუმბერ კუპრეიშვილი შეძლებულად ცხოვრობდა, კერძოდ, მევახშეობით იყო დაკავებული და სახლშიც სოლიდურ თანხას ინახავდა. ეს იცოდა მასზე განაწყენებულმა შვილიშვილმა და ანგარების მიზნით, მეგობარ გიორგი გვარამიასთან ერთად ბაბუის მკვლელობა განიზრახაო.

ბრალდებული გვარამია თავიდან მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა, მაგრამ ძალოვანებს არ გამოჰპარვიათ ერთი გარემოება: კუპრეიშვილის მკვლელობის დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათთან ახალგაზრდა მამაკაცი ხელზე მყესების დაზიანებებით იყო მოთავსებული.

სამართალდამცავებს საავადმყოფოში გიორგი გვარამია დახვდათ, რომელსაც მარჯვენა ხელის თითებზე მყესები ჰქონდა დაზიანებული. ის ამბობდა, რომ შანხაიას ქუჩაზე დაყაჩაღება დაუპირეს და თავდასხმისას მყესები გადაეჭრა. ბოლოს გიორგიმ გამომძიებელს უთხრა, რომ თითები სახლში, დანით დაიზიანა და ყაჩაღობის ვერსია უბრალოდ, მოიგონა, რაც სამართალდამცავებმა არ დაიჯერეს. კვალმა ისინი მარიამ კუპრეიშვილზე გაიყვანა. ჯერ მარიამი დააკავეს, მერე - გიორგი.

პროკურატურა ანგარებით, ჯგუფურად, სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა მათ, მაგრამ სასამართლომ ყველა ბრალდებაში ისინი დამნაშავედ არ ცნო და მოუხსნა ანგარება და სისასტიკე, თუმცა ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განადგურებაში.

დანაშაულთა ერთობლიობით, თითოეულს სასჯელის ზომად 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბონდო ვათიაშვილი, გიორგი გვარამიას ადვოკატი:

- სასამართლო პროცესები დახურული იყო, ამიტომ ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამჟღავნების უფლება არ მაქვს. მართალია, მოსამართლემ მოუხსნა ბრალდებულებს ანგარებით ჩადენილი მკვლელობის მუხლი და ასევე სისასტიკე, მაგრამ რატომ დატოვა ჯგუფური მკვლელობა, ჩემთვის გაუგებარია. გავასაჩივრებთ გამოტანილ განაჩენს, რადგან გამოტანილი სასჯელით განცვიფრებულები ვართ. პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ ეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა იყო. გიორგი გვარამია თვითონ იყო დაჭრილი, მყესები გარდაცვლილმა გადაუჭრა თავის დაცვისას, რაც ექსპერტების დაკითხვამაც დაადასტურა.

- თავიდან უარყოფდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას. მერე აღიარა?

- სახლში ყოფნას ადასტურებს გიორგი გვარამია, გარდაცვლილმა თვითონ გაუღო კარი და სახლში შეუშვა თავისი შვილიშვილი და მისი მეგობარი. ისაუბრეს მათ საერთო ნაცნობებზე, ბევრ სხვა თემებზე. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. რატომ და რისთვის მოხდა, ვერ გავამჟღავნებ, რადგან დახურული იყო პროცესი და ეს მათ პირად ურთიერთობას ეხება. თანხა საერთოდ არ იყო წაღებული სახლიდან, ამიტომ ყაჩაღობა გამოირიცხა. ბრალდების წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებითაც გაირკვა, რომ გარდაცვლილი ცხოვრობდა პენსიით. ამაზე საუბრობდა სასამართლოში გარდაცვლილის საყვარელიც. ამიტომ, თუ ანგარება არ იყო, მაშინ რატომ მოკლავდნენ ისინი ჯგუფურად?

- ფაქტია, სახეზეა უმძიმესი დანაშაული, 40 ჭრილობა ჰქონდა მოკლულს მიყენებული. რით ხსნიდნენ ბრალდებულები ამდენ დაზიანებას? გაგრძელება

თეა ხურცილავა