"მოსვენებას არ აძლევდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა" - რას ამბობენ თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრები ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"მოსვენებას არ აძლევდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა" - რას ამბობენ თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრები ბრალდებულზე?

22 თებერვალს გამთენიისას, თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებული მოკლული გოგონას შეყვარებულია.

მათი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებულმა ლადო გრიგალაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, მკვლელობის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, გოგონას სასიკვდლო ჭრილობები მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გოგონას მეგობრები საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. მოკლულის და დაკავებულის საერთო მეგობრების ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლადო გრიგალაშვილი გოგონას ოჯახში თავად მივიდა და ანა ნაცვლიშვილს ოჯახის წევრებთან ერთად ეძებდა.

"ლადომ დაურეკა მეგობრებს, უთხრა, რომ ანა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მოძებნაში დახმარებოდნენ. მერე ოჯახშიც მივიდა და მათთან ერთად ეძებდა ანას", - აცხადებს ერთ-ერთი მეგობარი.

მეგობრები მოკლულსა და დაკავებულს შორის არსებულ ურთიერთობებზეც საუბრობენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ გრიგალაშვილი მოკლულს ხშირად აკითხავდა.

"მოსვენებას არ აძლევდა ფაქტობრივად. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, ანას სურვილის მიუხედავად", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეგობარმა.

"ინტერპრესნიუსი"