"ის გაიტაცეს და მოკლეს" - ოკუპაციას შეწირული კიდევ ერთი ქართველი - კვირის პალიტრა

"ის გაიტაცეს და მოკლეს" - ოკუპაციას შეწირული კიდევ ერთი ქართველი

"ბებია ჰყავდა იქ, სხვა არავინ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ  ახალგორში დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახს, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ცხოვრობს, არ ჰქონდა და მათ ეს სამწუხარო  ამბავი რამდენიმე საათის წინ შეატყობენეს. პირველად  ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ,  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის  წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რომლის თანხმადაც,  ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორის კიბიდან დაგორდა და მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა. ამ  ვერსიის არც ოჯახის წევრებს, არც დაღუპულის ნათესავებს და მეზობლებს არ სჯერათ. ისინი სასწრაფოდ მოითხოვენ დადგინდეს თუ რა ვითარებაში დაიღუპა არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში და გაირკვეს რეალურად რა მოხდა.

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ხშირად დადიოდა ოკუპრებულ რეგიონში, სადაც ცხოვრობდა მისი ბებია. მას არ ჰქონდა არანაირი ბიზნესი, თუმცა გარკვეული პერიოდულობით ტვირთი შექონდა ადგილზე.

"ბებია ჰყავს იქ,  სხვა არავინ. არაფერი ბიზნესი არ ჰქონდა, უბრალოდ,  მანქანა ჰქონდა დაქირავებული და დრო და დრო ახალგორში მიდიოდა, პრიდუქტების შემოსატანად. თუ საბუთი არ ჰქონდა, ცხინვალის ოკიპურებილ ტერიტორიაზე არ გადავიდოდა. ახალგორში კი შედიოდა ხოლმე, ვინც ის მოკლა, თვითონ უნდა მომკვდარიყო. კარგი ადამიანი დავკარგეთ", - ამბობენ მეზობლები "რუსთავი 2"- თან.

ქართველი მოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვალების ფაქტზე საუბრით დაიწყო დღეს შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინსტრათან  გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა თავდაცვის სისტემაში და იყო ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და მოკლეს. გიორგი მარგველაშვილი წილკანში გაემგზავრა და აპირებს, რომ პირადად მიუსამძიმროს ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

როგორც ირკვევა ის ავღანეთისა და ერაყის მისიების მონაწილე გახლდათ.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების პოზიციას მომხდართან დაკავშირებით,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს.

"საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი, უწყება ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

ოკუპურებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ასევე  გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.

რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.