თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. გუშინვე მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

"ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტომანქანიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"