"მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ შვილი მომიკლა" - რას ამბობს სულხან მოლაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ შვილი მომიკლა" - რას ამბობს სულხან მოლაშვილის მამა?

"მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა", - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაში არამხოლოდ კაპანაძის, არამედ სხვა ადამიანების გადაწყვეტილებების გამო ჩავარდა.

"ახლა ამბობენ, რომ კითხვები ისმის კაპანაძესთან მიმართებაში და კითხვები აქვს საზოგადოებასო. მე არავითარი კითხვა არ მქავს. მე პირდაპირ ბრალს ვდებ, რომ ჩემი შვილი მაგანაც მოკლა. სულხან მოლაშვილს შუბლში ტყვია არავინ ესროლა, არც ხანჯალი გაუყრიათ, მაგრამ დაწყებული პირველი დღიდან, რა დღეშიც ჩააგდეს, გვარებს ჩამოვთვლი: კაპანაძე, მეიშვილი, მურუსიძე, ვალერი გრიგალაშვილი, ბოკერია, ვინც გინდათ, იმდენი ხალხი იყო ჩემი შვილის ნელ-ნელა მოკვლაში ჩართული, რომ არ ვიცი. კითხვებს კი არ ვსვამ, პირდაპირ დანაშაულში ვამხელ ამ ხალხს. ჩემს შვილს არაფერი ეშველება აწი, მაგრამ სხვის შვილს ამისთანა რამეს რომ გაუკეთებენ, ეს ხომ სადღაც უნდა მორჩეს. გამაგებინოს იუსტიციის საბჭომ, მან ხომ ზეპირად იცის კაპანაძის მიერ ჩადენილი დანაშაული, ბოდიში თუ მოახდევინეს ან მითითება თუ მისცეს?! საზოგადოებას გააგებინონ", - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.