"ეს თუ შერჩათ, მერე ნახეთ ამ სოფლებში თარეში... აქაურებს ერთმანეთი ისედაც კბილებით გვიჭირავს" - კვირის პალიტრა

"ეს თუ შერჩათ, მერე ნახეთ ამ სოფლებში თარეში... აქაურებს ერთმანეთი ისედაც კბილებით გვიჭირავს"

"იმ ვერსიას ვერ გავიზიარებ, რომ ის ინფორმაციის გამოძალვის დროს შემოაკვდათ, მას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, თორემ ოსურ მხარეს აქამდეც ჰყავდათ რამდენჯერმე დაკავებული..."

ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელობის რეჟიმს კიდევ ერთი ქართველი, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი შეეწირა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა 23 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ წინადღეს დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა... მათივე განცხადებით, ის ოსი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით იყო ეჭვმიტანილი და უშიშროების ორგანოები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორც ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორსა და 2004-2008 წლების ქართული აგრესიის აქტიურ მონაწილეს..."

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, ტატუნაშვილს სამხრეთ ოსეთის ყალბი დოკუმენტები, ქართული პირადობის მოწმობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი აღმოუჩინეს, მისი მობილური ტელეფონით კი გადაღებული იყო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა. "დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მოითხოვა ადვოკატი და თარჯიმანი, მაგრამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, იზოლატორში გადაყვანისას კი წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ბადრაგს პისტოლეტი წაართვა. "ამ დროს უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ძალა გამოიყენეს, რა დროსაც დაკავებულმა ტრავმები მიიღო, დაეცა და კიბეზე დაგორდა... მალე არჩილ ტატუნაშვილს სუნთქვა გაუჭირდა, თავი ცუდად იგრძნო და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა..." - ნათქვამია განცხადებაში.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები. ისინი ამტკიცებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის ერაყში, სამშვიდობო ბატალიონში მსახურობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, თუმცა, არც ბატალიონი და ცხადია, არც უმცროსი სერჟანტი ტატუნაშვილი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულან. ის ვერც სეპარატისტული რეჟიმის ნახსენებ 2004 წლის მოვლენებში მიიღებდა მონაწილეობას, რადგან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა...

არჩილ ტატუნაშვილი ოჯახთან ერთად წილკნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან ხშირად მიდიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში, მამისეულ სახლში, სადაც მისი ბებია ცხოვრობდა...

ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობელი, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს და უსაფრთხოების მიზნით ვინაობას არ ამხელს, "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ გარდაცვლილი ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ყანჩავეთში იყო და წილკანში ხანდახან მოდიოდა...

- არჩილს ახალგორში ბოსტნეული და ხილი გადაჰქონდა... სოფელ მოსაბრუნთან გაუჩერებიათ. თავისი მანქანით იყო, "სოსო და ლევანი (მასთან ერთად დაკავებულები. - ავტ.) სხვა მანქანაში ისხდნენ. ორივე მანქანა ცხინვალის "ომონს" გაუჩერებია. იქ რაზე ილაპარაკეს, არ ვიცი, მაგრამ სამივე ცხინვალში გადაუყვანიათ, მეორე დღეს კი გამოაცხადეს, კიბეზე დაგორდაო. ისეთი ძლიერი ბიჭი იყო, კიბეზე კი არა, მთიდანაც რომ დაგორებულიყო, თითს არ დაიშავებდა...

არჩილის მამა გიორგი ამბის შეტყობისთანავე ცხინვალში ჩავიდა, მაგრამ იზოლატორიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაციით გამოისტუმრეს. ისეთი თავზარდაცემული იყო, ვერც ვკითხეთ, რა უთხრეს... იმ ორ დაკავებულზე - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილზეც კი არ უთქვამთ არაფერი...

ის, რომ არჩილი ახალგორში ოსურ სამხედრო ბაზებს იღებდა, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის მიეწოდებინა, ან რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმატორი იყო და მათთვის ინფორმაციას აგროვებდა, ზღაპარია. ვერც იმ ვერსიას გავიზიარებ, რომ ის ინფორმაციის გამოძალვის დროს შემოაკვდათ, რადგან მშვენივრად ეცოდინებოდათ, რომ მას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, თორემ აქამდეც ჰყავდათ რამდენჯერმე დაკავებული...

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში?

- ალბათ, საბაბს ეძებდნენ. ჩანს, არ მოსწონდათ, რომ ახალგორში დადიოდნენ და რაღაც სარგებელი ჰქონდათ - ისინი ხომ იქაურობის ბატონ-პატრონად თვლიან თავს... რამდენიმე წელია, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და სოსო პავლიაშვილი ადგილობრივ მაღაზიებს სურსათით ამარაგებდნენ. ამას უკანონოდ კი არ აკეთებდნენ, საბუთები ჰქონდათ და არც იქ შესვლა უჭირდათ. ბოლო დროს ერთ-ერთ მათგანს კონფლიქტი ჰქონდა ახალგორის "ომონის" უფროსთან, რომელიც ვერ ეგუება, რომ ის მიწა ოკუპირებულია, მაგრამ ქართველები მაინც ჩვენად ვთვლით... ეტყობა, დიდი ხანი ცდილობდა, ბიჭები იქიდან მოეშორებინა. ახლახანაც ჰქონიათ სიტყვიერი დაპირისპირება... შეიძლება მან ან სხვამ ბრაზი გულში ჩაიდო და 22 თებერვალს შანსი ხელიდან არ გაუშვა... ეს თუ შერჩათ, მერე ნახეთ ამ სოფლებში თარეში... აქაურებს ერთმანეთი ისედაც კბილებით გვიჭირავს..

- არჩილს ოჯახი არ ჰყავდა?

- ცოლ-შვილი არ ჰყავდა, დაოჯახებული ძმა ჰყავს და მშობლები...

სხვა ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს. იქაურები ამბობენ, რომ ცხინვალსა და მოსაზღვრე სოფლებში ყველა ერთმანეთს იცნობს და მედპერსონალისგან მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ახალგორიდან უკვე მოკლული ქართველი მიიყვანეს... "შეიძლება, ის ახალგორშივე მოკლეს," -"აცხადებს წყარო.

ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს, სახალხო დამცველის ოფისსაც აქვს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი:

- ამ მძიმე ფაქტზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და ადეკვატურად შეფასდეს ეს უმძიმესი ფაქტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციის მიუხედავად, ქართული მხარე სამშვიდობო პოლიტიკას არ გადაუხვევს: "ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მოვითხოვთ, გადმოგვეცეს ცხედარი..."

მომხდარს ხელისუფლების არაეფექტური მუშაობის შედეგად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:

- ხელის ჩაქნევა, რომ ამ პირობებში ხელისუფლებას მექანიზმი არა აქვს და ბრძოლას შედეგი არ მოჰყვება, მიუღებელია. არსებობს ინციდენტების პრევენციის კომისია, უსაფრთხოების საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატით...

ვიცით, რომ იქ კანონი არ არსებობს და ვერც ადამიანის უფლების დაცვას მოვითხოვთ, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს იმისთვის, რომ მის მოქალაქეს დაუცველობის განცდა არ ჰქონდეს?.. რატომ ჰყავდათ იმდენ ხანს უკანონოდ დაკავებული და რატომ არ ატეხეს ამაზე ხმაური იმ დღესვე? ან რა გაკეთდა მის დასახსნელად?

ოთხოზორიას ამბის შემდეგ ხელისუფლებას მით უფრო მეტი ძალისხმევა მართებს. მაშინვე უნდა დაეყენებინა მისი მკვლელის პასუხისმგებლობის საკითხი და საკუთარი მოქალაქის მკვლელობა ასე არ უნდა შეერჩინა აფხაზური მხარისთვის... მოწინააღმდეგემ ქართული მხარის ვითომც კონსტრუქციულობა აღიქვა, როგორც სისუსტე და ასეც იყო. ხელისუფლებას ჰქონდა რესურსი, უფრო აქტიურად ემუშავა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რომ თითქოსდა ვითარება არ გაემწვავებინა. თუ ახლაც ისევე მოვიქცევით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობასაც შერჩება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა...

- ახლა რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ?

- ხელისუფლებამ ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად უნდა მიიტანოს. უნდა განაცხადოს, რომ ოკუპაციის შედეგად ამ ტერიტორიებზე ადამიანის სიცოცხლე დაცული არ არის. პარტნიორებს, იმ ძალებს, ვინც ქართულ-ოსური დიალოგის პროცესშია ჩართული, უნდა დაანახოს, რომ როგორც ოსურ, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობა რთულია. ამას ენის მოჩლექით საუბარი კი არა, საერთაშორისო დონეზე ძალიან მწვავე შეფასება უნდა მოჰყვეს. უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანის სიკვდილი რუსეთის კისერზეა. იქ დარჩენილი ორი ქართველის გათავისუფლება კი მოლაპარაკებისას პირველი საკითხი უნდა იყოს. ქართულმა სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა უწყებებმა მეტი უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ასეთი ფაქტების დაუსჯელობა მათი წახალისებაა.

1-ლ მარტს ერგნეთში"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გააპროტესტებს და საქმის დეტალების გარკვევას მოითხოვს.

P.S. ლევან ქუტაშვილი და სოსო პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. იმის გამო, რომ ოსურმა მხარემ საბუთები ჩამოართვა, ისინი ახალგორში, მშობლების სახლში არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

გიგა ოთხოზორიას მკვლელი დღესაც თავისუფალია

2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორია გამშვები პუნქტის ტერიტორიას გაერიდა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, მაგრამ მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის - რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ გიგა ოთხოზორიას ორი ტყვია ესროლა ფეხში, სამი - მუცელში, წაქცეული კი თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. განზრახ მკვლელობის მუხლით მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 2017 წლის 7 მარტს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ აფხაზურმა მხარემ რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს განაცხადა.

ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ლალი პაპასკირი