"უდედოდ ძალიან გამიჭირდა. 12 წლის ვიყავი, პირველად რომ ვიქურდე" - რას ჰყვება მოზარდი, რომელიც 2 წელია ქურდობით ირჩენს თავს?
11-03-2018
"უდედოდ ძალიან გამიჭირდა. 12 წლის ვიყავი, პირველად რომ ვიქურდე"  - რას ჰყვება მოზარდი, რომელიც 2 წელია ქურდობით ირჩენს თავს?
"ერთს ვიცნობ, უკვე 16 წლის არის და თუ დაიჭირეს, ცუდად ექნება საქმე, მგონი, 40-ზე მეტი ქურდობის ამბავი იცის პოლიციამ. ძმაც ჰყავს 14 წლის, მაგრამ უფროსი ძმა ცდილობს, პატარამ არ მოიპაროს"

14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა საგრძნობლად რომ იმატა, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობს. მოზარდები ქურდობენ ყველგან - სუპერმარკეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სალონებში, აფთიაქებში, ძარცვავენ ავტომანქანებს და ზოგჯერ ბინებსაც.
არაერთი მაღაზიის თუ ობიექტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ისინი და მათი დაკავება არ გაუჭირდება პოლიციას, თუმცა არ აკავებენ, რადგან 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ეს კარგად იციან მოზარდებმა და იმავეს აგრძელებენ. ეს პრობლემაა არა მარტო თბილისში, ასევე ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. ერთი და იმავე მოზარდს თურმე ათეულობით ქურდობა აქვს ჩადენილი, არაერთხელ მიუყვანიათ პოლიციის განყოფილებაში და
გამოკითხვის მერე გამოუშვიათ. მოსახლეობა გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტები და ადამიანის უფლებადამცველებიც ეთანხმებიან, მათი აზრით, არასრულწლოვნის დასჯა გამოსავალი არ არის და სხვა გზებია მოსაძებნი.

ჩვენი რესპონდენტი 2 წელია ქურდობით ირჩენს თავს. მის ვინაობას, ბუნებრივია, არ ვასახელებთ.

- 2 წელია ასე ვცხოვრობ. ბევრჯერ დავუკავებივარ პოლიციას, მაგრამ ვიცი, სანამ 14 წელი არ შემისრულდება, ვერავინ შემეხება. მალე გადავაბიჯებ ამ ასაკს და მერე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. პოლიცია ჩასაფრებულია. ჩემს მეგობრებს ბევრი საპროცესო აქვთ გაფორმებული, ბევრის სასამართლო პროცესი ახლაც მიდის, მაგრამ იმედია, ციხეში არ გაუშვებენ. ჩემი "პადელნიკი" 16 წლის როგორც კი გახდა, დაიჭირეს, 30-ზე მეტი ქურდობა დაუფიქსირა პოლიციამ, ალბათ, "სროკზე" გაუშვებენ.

- შენ რატომ დაიწყე ქურდობა?

- 11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა სიმსივნით, მანამდე კერძო სკოლაშიც დავდიოდი, წრეებზეც, ყველაფერი მქონდა. მამაც მყავს და ბებიაც, მაგრამ უდედოდ გამიჭირდა. ვალების გამო ბინა გასაყიდი გაგვიხდა, ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. მეგობრები ქუჩაში გავიჩინე და დალევა დავიწყე. მთვრალი რომ მივდიოდი, ჩემები მიბრაზდებოდნენ და მეც ისევ გარეთ გამოვრბოდი. 12 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად რომ წავედი საქურდლად.

- ყოველთვის გაქვთ ნადავლი?

- თითქმის, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, არაფერი დაგვხვედრია. ასეთ დროს იქაურობას ვანგრევთ. მერე ჭკუა ისწავლეს პატრონებმა და ცოტა თანხას მაინც ტოვებენ. ერთხელ იმხელა მაღაზიაში შევედით და მარტო 10 ლარის ელემენტები გამოვიტანეთ. კი იყო ძვირად ღირებული "ტავარი", მაგრამ ზურგზე ვერ მოვიკიდებდით. მაშინ დაგვიჭირა პოლიციამ, მართალია, მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი მეგობარი 16 წლის იყო და საქმე აღუძრეს. ასეთ პატარა რამეზე "სროკზე" როგორ უნდა გაუშვა ადამიანი?

ისე, რომ იცოდეთ, მარტო ჩვენ არ ვჭამთ, სხვებსაც ვეხმარებით. ახლახან ჩემს მეგობარს დაბადების დღე გადავუხადე რესტორანში. ორი და ჰყავს, დედამისი არ მუშაობს და 500 ლარი ვაჩუქე.

- გაჭირვების გამო დაიწყე ქურდობა?

- აბა, რა მექნა, ბინის ქირის გადასახდელი ფული რომ არ ჰქონდა ბებიაჩემს.

- ბებიამ იცოდა, შინ ნაქურდალი რომ მიიტანე?

- თავიდან არა, ახლა ყველაფერი იცის, რადგან პოლიციაში ბევრჯერ მიმიყვანეს და ბებიამ წამომიყვანა. იცის, მაგრამ რას იზამს.

- სკოლაში დადიხარ?

- ხანდახან. იქაც გაბაზრდა, რომ ვქურდობ.

- ერთმანეთს უყვებით ამბებს?

- რომ ვიკრიბებით, მიდის გარჩევა, ვინ რა გააკეთა. ზოგს მართლა უმართლებს და დიდ ფულს შოულობს. მათი გვარების ჩამოთვლა არ მომთხოვო, მაინც არ გეტყვი.

ბევრმა იმდენი იშოვა, ბიზნესიც კი წამოიწყო. ფულს უაზროდ კი არ ხარჯავენ. ზოგს ძაღლის ბედი აქვს. ერთმა დიდი მაყუთი იშოვა. უკვე 16 წლის არის და თუ დაიჭირეს, ცუდად ექნება საქმე, მგონი, 40-ზე მეტი ქურდობის ამბავი იცის პოლიციამ. ძმაც ჰყავს 14 წლის, მაგრამ უფროსი ძმა ცდილობს, პატარამ არ მოიპაროს. ერთხელ მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33.000 ლარი წამოიღო. მერე რუსთავში ბინა იყიდა.

ბიჭებს პატარ-პატარა ბიზნესებიც აქვთ. რამდენიმემ "ბურანი" იყიდა, ციგები, თხილამურები, ბაკურიანში აქირავებენ და ფულს შოულობენ. ბავშვებისთვის არ შეიძლება ბიზნესი, მაგრამ ახლობლის პოვნა არ არის პრობლემა, მასაც ცოტა ფულს მისცემ და ეს არის.

- ყველაზე დიდი რა თანხა მოგიპარავს?

- ერთხელ 4.000 ლარი დამხვდა, სადაც შევედით. ახლახან 1.500 ლარი გამოვიტანეთ, არადა, ისეთი ობიექტი იყო, ამდენ ფულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

- კარს ამტვრევთ და ისე შედიხართ?

- პოლიცია და მაშველები რომ ვერ აღებენ, ისეთი კარიც გამიღია. ვიცით, შეიძლება კამერებმა დაგვაფიქსიროს, მაგრამ მერე რა, რომც დაგვიჭირონ, მაინც გამოგვიშვებენ. 16 ქურდობა მექნება ჩადენილი ისეთი, რომელიც პოლიციამ არ იცის. ჩემს მეგობარს 60-ზე მეტი აქვს და პოლიციამ ნახევარიც კი არ იცის. მთავარია სუფთად იმუშაო. იმ ფულით, რასაც ვშოულობ, ტანსაცმელს ვყიდულობ ჩემთვის, ჩემი ძმისთვის, ბებიასაც ბევრჯერ ვუყიდე. კარგად ვჭამ. თან სხვებსაც ხომ უნდა დახმარება. თუ მოპარული კომპიუტერი, ტელეფონები ან პლანშეტი გვაქვს, ზოგჯერ ლომბარდში ვაბარებთ. ახლობელს ვეუბნებით, რომ ფული გვინდა და მას მიაქვს.

- პოლიცია გამოკითხვისთანავე გიშვებთ?

- როცა გაკავებენ, სუნის ანალიზებს იღებენ, მერე თითის ანაბეჭდებს, დამპალოზე არის ექსპერტიზა. პროკურატურაშიც დავყავართ. ბევრს ტელეფონიც არა აქვს, რომ მერე პოლიციამ მოწმედ არ დაიბაროს. მეგობრის წინააღმდეგ ჩვენებას ხომ არ მისცემ, ამიტომ გირჩევნია, დაიმალო. ბევრჯერ გადადებულა სასამართლო, რადგან მოწმეები ვერ მოჰყავს პროკურატურას. ზოგჯერ იმდენი საქმეა, პოლიცია გახსნას ვერ აუდის. ახლა დაიწყო დაჭერები და ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ბათუმში ან ქუთაისში გადაინაცვლა. განსაკუთრებით ზაფხულშია კარგი ბათუმი, ფული იშოვება, ქურდობაც არ არის პრობლემა...

"დაუსჯელობა წამახალისებლად მოქმედებს"

როგორ ებრძვის მოზარდების დანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ საკითხზე გვესაუბრება შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა ფერაძე:

- როცა ქურდობა ხდება, იწყება ფაქტის მოკვლევა. თუ გამოვლინდება, რომ 14 წლამდე მოზარდის ჩადენილია, საქმე შეწყდება, მაგრამ თუ ეს ორგანიზებული ჯგუფის ჩადენილია, მაშინ ის ერთი სუბიექტი გამოირიცხება, როგორც 14 წლამდე პირი, უფრო დიდი ასაკის პირზე გრძელდება გამოძიება.

- ხშირია მოზარდთა ჯგუფური დანაშაულები?

- დიახ, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ ორგანიზებული ხასიათი არა აქვს. ეს არის 2 ან მეტი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულები, უფრო მეტად ქურდობა, ძარცვა, იშვიათად ყაჩაღობა.

- დაუსჯელობის სინდრომმა ხომ არ განაპირობა მსგავსი დანაშაულების მატება?

- კომპლექსურად გამოსაკვლევია, რამ მოგვცა ეს შედეგი. თუმცა დაუსჯელობის სინდრომი წამახალისებლად მოქმედებს და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც არის ერთ-ერთი გარემოება. ამიტომაც დავიწყეთ შს სამინისტროში საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. ვფიქრობთ, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც არ დაექვემდებარება ძალოვან სტრუქტურებს და რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ.

- როცა ქურდობისთვის 14 წლამდე მოზარდს აკავებთ, მოკვლეული საქმეები საგამოძიებო ორგანოში რჩება?

- ისტორია იკვრება თითოეულ საქმეზე და რჩება განსაზღვრული ვადით, მაგრამ, თუ 14 წლის მერე იმავე მოზარდს დააკავებენ, დაუშვებელია ძველი ისტორიების გამოყენება, მათი გამოყენების საშუალება არა აქვს არც პოლიციას და არც პროკურატურას. როცა მოზარდს აკავებენ, პოლიციის პირდაპირი ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ მოიძიოს მისი კანონიერი წარმომადგენელი. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ პოლიცია დაუკავშირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს და ისინი დაესწრებიან ბავშვის გამოკითხვას.

- ასეთი მოზარდების სოციალური მდგომარეობა მძიმეა?

- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ასეთ დანაშაულებს სჩადიან სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მოზარდები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა კარგი ჰქონდეს და მაინც იქურდოს.

თეა ხურცილავა

რედაქტორის რჩევით