"მისმა სიტყვებმა გონება გადამიკეტა, ჯერ ქვა, მერე რამდენჯერმე დანა ჩავარტყი" - კვირის პალიტრა

"მისმა სიტყვებმა გონება გადამიკეტა, ჯერ ქვა, მერე რამდენჯერმე დანა ჩავარტყი"

20 წლის ანი ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც დადგინდა, მკვლელობის ღამით

04 საათამდე ანი და ლადო ერთმანეთს მესიჯებს სწერდნენ.

"22 თებერვალს, დაახლოებით 05 საათსა და 30 წუთზე, გრიგალაშვილმა სახლიდან გაიხმო ანი და კორპუსის უკან, სკვერში შეხვდა. იქ შურისძიების მოტივით კისრისა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა", - თქვა პროცესზე პროკურორმა. მისი თქმით, შემდეგ გრიგალაშვილმა გამოიცვალა ქურთუკი, დანა გადამალა, გამთენიისას გოგონას სახლში მისულმა მის დას უთხრა, რომ ანის ეძებდა, რადგან სოციალურ ქსელში აღარ პასუხობდა.

გრიგალაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია დანა, რომელზეც სისხლის კვალი არ არის, თუმცა გამოძიება დარწმუნებულია, რომ დნმ-ის კვალს იპოვის.

"ჩემი დაცვის ქცეშ მყოფმა იცის, რომ მის შეყვარებულს ბე-ემ-ვეს მძღოლთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ გრიგალაშვილის გარეთ ყოფნა უსაფრთხო არ არის, რადგან არ არის დადგენილი, გოგონა ვინ გაიყვანა სახლიდან."ბე-ემ-ვესა და მის მძღოლს კიდევ ერთი მოწმე ასახელებს", - ამბობს ნაირა ოტიაშვილი, ბრალდებულის ადვოკატი, თუმცა პროკურორმა პროცესზე მოწმის შესახებ ინფორმაცია უარყო.

ისმის კითხვა, თუ შეყვარებული ღამის 04 საათამდე სწერდა გრიგალაშვილს მესიჯებს და იცოდა, რომ გოგონა შინ იყო, იმ ღამესვე რატომ დაუწყო ძებნა, რატომ მიაკითხა შინ და არ დაელოდა გათენებას?

გრიგალაშვილმა მეგობრებს ანის ძებნაში დახმარება სთხოვა. პროკურატურის აზრით, ამით ალიბის შექმნა სცადა. როგორც გაირკვა, გრიგალაშვილი გამთენიისას მეგობრებთან ერთად რატომღაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზეც ეძებდა შეყვარებულს.

ჩვენი ინფორმაციით, ცხედრის აღმოჩენიდან ნახევარ საათში ძალოვანებმა ეჭვი გრიგალაშვილზე მიიტანეს და მას უთვალთვალებდნენ. სასამართლომ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი მტკიცებულებად მიიღო. პოლიციამ თავიდან ხმა დაარხია, თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა, სადაც გოგონას მამასა და მეგობრებთან ერთად თურმე ბრალდებულიც მივიდა. მართალია, ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, მოწმედ დაკითხვისას გრიგალაშვილმა აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა შავ ბე-ემ-ვეში უსიამოვნო ვითარებაში და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი მამამ იმ დღეებში სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება გადამიკეტა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო, აღიარა ბრალდებულმა. თუმცა ეს ჩვენება მან უკვე შეცვალა და ბრალდებულად დაკითხვისას დუმილის უფლება გამოიყენა.

მოწმის სტატუსით დაკითხულის ჩვენებას მოსამართლე მტკიცებულებად ვერ მიიღებს და პროკურატურას მოუწევს მტკიცებულებების წარდგენა, რათა უტყუარად დაადასტუროს გრიგალაშვილის ბრალი.

იხილეთ: "აღიარა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა" - რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში?!

თეა ხურცილავა