რუსეთი ოკუპანტია !
"როცა ძალიან მიჭირს, ქმრის საფლავთან მივდივარ... ძალიან განვიცდი, რომ ჩემი ხელით მოკვდა"
26-02-2018
"როცა ძალიან მიჭირს,  ქმრის საფლავთან მივდივარ... ძალიან განვიცდი, რომ ჩემი ხელით მოკვდა"
"მერე ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები"

21 წლის იყო, ციხეში უმძიმესი ბრალდებით რომ აღმოჩნდა. მართალია, ამბობდა, მოძალადე ქმრისგან თავს ვიცავდიო, მაგრამ სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ექვსი წელი მიუსაჯა.
სამი წლის შვილთან განშორება მოუხდა... ახლა თამუნა გახოკიძე თავისუფალია და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სოციალურ მუშაკად მუშაობს, ყოფილ პატიმრებსა და წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება. მასთან ინტერვიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- 16 წლის
ვიყავი, რომ მომიტაცეს.
მაშინ სირცხვილად ითვლებოდა მოტაცებული გოგოს დაბრუნება და მშობლებმა დამტოვეს. მალე ფეხმძიმედ დავრჩი, მივხვდი, ჩემს ქმართან ვერ ვიცხოვრებდი - არ მიყვარდა და ბავშვთან ერთად წამოვედი. მერე მეორედ გავთხოვდი. ჩემს მეორე ქმარს ბავშვობიდან ვიცნობდი, თუმცა 12 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა. ვიცოდი, ადრე ნასამართლევი რომ
იყო. ცოლად გავყევი, სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ გირაოთი იყო გამოშვებული. პირობით 4 წელი და 8 თვე მიუსაჯეს.

ჯვარი რომ დავიწერეთ, მერე აღმო­ჩნდა, რომ მეექვსე ცოლი ვიყავი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სისტემატურად მცემდა. ნარკომომხმარებელიც აღმოჩნდა. იმდენი წამალი არ ჰქონდა, რამდენიც სჭირდებოდა და წამალს სასმელს ამატებდა.

2004 წლის 18 ნოემბერი იყო. იმ დილით ჩემი შვილი და ჩემი პატარა ძმა ბაღში წავიყვანე. იქიდან რომ მოვბრუნდი, ქმარი ქუჩაში დამხვდა, სადღაც მიდიოდა და მეც გავყევი. მივხვდი, წამალი ჰქონდა გაკეთებული. სადაც მივედით, იქ დალია. 6 საათი ხდებოდა, რომ წამოვედით. თხლად მეცვა, მციოდა, თან მშიერი ვიყავი და დროზე მინდოდა სახლში მისვლა. ბავშვებიც გამოსაყვანი მყავდა ბაღიდან და ვუთხარი, ცოტა ჩქარა ვიაროთ-მეთქი. შენ ამის თქმა ვის გაუბედეო და, ქუჩაში დამიწყო ცემა. გავექეცი, სახლამდე მივაღწიე, რომ დამეწია, ყელში მწვდა და მახრჩობდა, თავი დავიძვრინე, ეზოში რომ შევვარდი, ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი, გამოვარდა 75 წლის ბაბუაჩემი და წინ გადაუდგა, მაგრამ მასაც დაარტყა. მერე ჩემკენ გამოიწია და ხერხემალში იდაყვი ჩამარტყა. წაქცეულმა ვთხოვე, აღარ დამარტყა-მეთქი. ადგილზე დაგაკლავო, შემაგინა და ისევ გამოიწია საცემრად. ამ დროს დავინახე, მანქანასთან არმატურის მსგავსი რკინა ეგდო. არ მახსოვს, როგორ ჩავარტყი, მხოლოდ ის მახსოვს, დავინახე, როგორ იყო მის სხეულში ჩარჭობილი. ერთი გავიფიქრე, ახლა თუ ამას არ ამოვაძრობ, თვითონ ამოიძრობს და ჩამარტყამს-მეთქი. ამოვაცალე და იქვე მივაგდე.

- მაშინვე გარდაიცვალა?
- 7-8 წუთი იცოცხლა. გონება არ დაუკარგავს. რომ მივედი, მხოლოდ ეს მითხრა: "ეს შენ ქენი?" ვეხვეწებოდი, არ მოკვდე, ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს-მეთქი. ჩემს ხელში დალია სული. გულზე ყური დავადე, იქნებ სუნთქავს-მეთქი, მაგრამ... მერე ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები - როგორ გადმოსდიოდა სისხლი პირიდან...
სანამ პატრული წამიყვანდა, სისხ­ლიანი ხელები და სახე მეზობელმა დამბანა. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს და რაც მეცვა, ექსპერტიზაზე წაიღეს. დილით "კაპეზეში" რომ გავიღვიძე და ჩემს ხელებს დავხედე, ხელებზე მისი სისხლი მქონდა შერჩენილი. ძალიან მძიმე წუთები იყო, რასაც ცრემლის გარეშე დღემდე ვერ ვიხსენებ. (იხილეთ სრულად)

ოთარი ობოლაძე
11 აპრილი 2019 12:23
ცალი მხარე ყველაფერს იტყვის...
...
01 აპრილი 2019 07:11
ბავშვები..?...რა დააშავეს მათ.....ისინი არიან სწორედ სკოლაში სტრესულ მდგომარეობაში რომ მოდიან,ისინი არიან ამ ცხოვრების მსხვერპლები,ამ ბოლო დროს გაიზარდა მათი რიცხვი ,ნეტავ მოუსმინოთ თითოეულ მათგანს......
თამარს
29 მარტი 2019 10:36
გულისყურით თუ წაიკითხე მიხვდებოდი,რომ ამ კაცს 12 წელი საზღვარგარეთ უცხოვრია,ამ ხნის განმავლობაში ანგელოზი რომ იყო შეიძლება ეშმაკადაც გადაიქცე და ეს ქალბატონი ყველა ბავშვობის ნაცნობს უცხოეთში წასულს ხომ ვერ გააკონტროლებდა.კაცი რომელიც ქალზე ხელს აღმართავს დიახაც სიკვდილის ღირსია, მითუმეტეს ნარკომანი და ხელიდან წასული არ უნდა დაინდო.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?