"დამნაშავე უნდა იპოვონ, რომ სხვისი შვილებიც არ იმსხვერპლოს ადამიანთა გულგრილობამ..."
"დამნაშავე უნდა იპოვონ, რომ სხვისი შვილებიც არ იმსხვერპლოს ადამიანთა გულგრილობამ..."
"ალბათ, შენობიდან შუშა იმიტომ ჩამოვარდა, რომ უხარისხო წებოთი იყო დაწებებული. ეს კი დიდი პროცენტით ადამიანის ბრალია, მხოლოდ 2-3%-ით ვუშვებ, რომ ქარხანამ გამოუშვა უხარისხო წებო"

ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს ასლან მამედოვი თანაკლასელებთან ერთად გართობას "მაკდონალდსში" აპირებდა, მაგრამ ორბელიანის მოედანზე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს შენობიდან ჩამოვარდნილი მინა თავზე დაეცა. ბიჭი, რომელსაც მხოლოდ გული უცემდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, მას გზაში გული გაუჩერდა, ექიმებმა ამუშავება
შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საავადმყოფოში მისი თანაკლასელებიც შეიყვანეს მსუბუქი დაზიანებებით, სადაც კვლავ რჩება ერთი ბავშვი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტრაგედიას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. აცხადებენ, რომ ამ უბედურებაში დამნაშავენი უმკაცრესად დაისჯებიან.

ალიხან მამედოვი, დაღუპული მოზარდის მამა: - უბედურ შემთხვევას­
ჩემი ასლანი, ჩემი შუათანა ბიჭი ემსხვერპლა.­ იმ დღეს გაკვეთილების მერე სახლში მოვიდა, გამოიცვალა და ბავშვებთან ერთად წავიდა... ორბელიანის მოედანზე ჩამოსულან ავტობუსიდან, მერე მეორე ავტობუსით რუსთაველამდე უნდა მისულიყვნენ. დამრიგებელს მოუგროვებია ბავშვები, უნდა დაგთვალოთო. ამ დროს ჩამოვარდა შუშა და ჩემს შვილს დაეცა.
ბავშვი სულ დასახიჩრებული იყო. ეტყობა, შუშა არასწორად იყო ჩაყენებული. მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები. სიმართლე უნდა გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს.

იმ დღეს მეუღლემ დამირეკა, დამრიგებელს უთქვამს, პირველ კლინიკურში მოდითო. ოთხჯერ გული გასჩერებია ბიჭს. რომ მივედი, ვყვიროდი, ჩემი შვილი მაჩვენეთ-მეთქი, ყველას ვეხვეწებოდი, იქნებ მისი ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს. ძალიან მიყვარდა ჩემი ბიჭი, არაფერს ვაკლებდი, პატიოსან და წესიერ ბავშვს ვზრდიდი. ამბობდა, სპორტსმენი მინდა გავხდეო, კრივზე დადიოდა. არასოდეს გამოუტოვებია ღონისძიებები და გართობები, სხვებთან ერთად ისიც ყველგან მიდიოდა.

საიდა მამედოვა, ასლანის ბებია: - ყველასთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა. პატარა კატა იპოვა და სახლში მოიყვანა, ეფერებოდა, ცივა, ცოდვააო და თავისი ხელით აჭმევდა. ძალიან სუფთა სულის იყო. ჩვენი ქვეყანა ინგრევა, ნახეთ, ცოტა ხნის წინ რა მოხდა მეტროში, იქ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ იმდენი ხალხი დაშავდა და პასუხი არავის უგია.
დამნაშავე უნდა იპოვონ, რომ სხვისი შვილებიც არ იმსხვერპლოს ადამიანთა გულგრილობამ...
ასლანის კლასელები ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველები არიან. მათთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. დამრიგებელმა ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო...

ვალერიან გიორგაძე, თბილისის 70-ე საჯარო სკოლის დირექტორი: -
დამრიგებელი დღემდე შოკშია, საშინლად განიცდის. ხელში ჩააკვდა, ფაქტობრივად, ასლანი. ამბობს, ხმაური გავიგე და ზევით ავიხედე, ვხედავდი, ვარდებოდა რაღაც, ამ დროს ერთ ბავშვს ხელი წავავლე და გამოვწიე, ასლანის გამოწევა ვერ მოვასწარი, წამებში მოხდა ყველაფერიო. ძალიან მძიმეა ჩვენი სკოლისთვის ის, რაც მოხდა. მიზეზი არ ვიცით. ვიღაცამ თქვა, ზევით ჩხუბი იყოო, რამდენად სწორია, არ ვიცით, აბა, შუშა თავისით ხომ არ გადმოვარდებოდა.

შენობა, საიდანაც მინა ჩამოვარდა, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ეკუთვნის. კომპანიამ იმავე დღესვე გაავრცელა განცხადება: "დაახლოებით დღის 15:30 საათზე სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიისა და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ოჯახის გვერდით ვდგავართ. უსაფრთხოების მიზნით შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს განხორციელდა და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს".

ტრაგედიის მეორე დღესვე შენობის ფასადზე გამოჩნდნენ მუშები. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ვერულაშვილმა განგვიმარტა, მათი ინიციატივით დაიწყო ფასადის შემოწმება. 
შენობის შიდა სივრცის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ, რადგან თხოვნაზე უარი მივიღეთ.

ვინ აგებს პასუხს მშენებლობის უსაფრთხოებაზე?!


ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, სამწუხაროდ, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. უფრო ადრე სამშენებლო მასალის ჩამოვარდნას ორი მოზარდი შეეწირა ქუთაისში. ერთი ბანკის შენობასთან გარეთ დედამ დატოვა და უბედურება სწორედ მაშინ მოხდა, მეორეს (12 წლის გოგონას) მშენებლობიდან გადმოვარდნილი აგური დაეცა... ვინ აგებს პასუხს მშენებლობის უსაფრთხოებაზე და სად არის გამოსავალი?! სწორედ ამ თემით დავინტერესდით.

მალხაზ სოლომნიშვილი, შპს "ბაუსტარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
- ის სავალალო შედეგი, რასაც ხშირად ვიღებთ, საქმის არაკეთილსინდისიერად შესრულებას უკავშირდება. მუშამ თუ არ გამოიყენა შესაბამისი მარკის ცემენტი, უკვე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან გვაქვს საქმე, რაც თავისთავად შენობის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო მგონია, რომ ბარათაშვილზე მდებარე შენობიდან შუშა იმიტომ ჩამოვარდა, რომ უხარისხო წებოთი იყო დაწებებული. ეს კი დიდი პროცენტით ადამიანის ბრალია, მხოლოდ 2-3%-ით ვუშვებ, რომ ქარხანამ გამოუშვა უხარისხო წებო და გაასაღა როგორც ხარისხიანი. ასეთი ამბები რომ არ მოხდეს, ამიტომ კომპანიას უნდა ჰყავდეს დასაქმებული მაღალკვალიფიციური მუშა, მას კი სჭირდება მაღალი ანაზღაურება.

მაგალითად, ჩემი ბეტონის მომწოდებელი ერთ-ერთი ცნობილი ფირმა, რომელსაც გაცილებით მეტს ვუხდი, ვიდრე სამშენებლო კომპანიები უხდიან ახალგამომცხვარ ბეტონის ქარხნებს, თუმცა ფასის გამო კონკურენტებთან არათანაბარ მდგომარეობაში ვარ. იმის გამო, რომ ლიფტის შახტაში მუშა არ ჩაგივარდეს, ლიფტს ჯებირი უნდა გაუკეთო, რაც ხარჯს მოითხოვს და ამას ბევრი ერიდება. მე ყოველთვის ვთხოვდი მუშებს, გაეკეთებინათ ჩაფხუტი და ღვედი. საბოლოოდ კი იცით, რა გამოდის? სხვებთან შედარებით 40 ათასი ლარით ძვირი მიჯდება მშენებლობა.
ახლა კი მთავარს გეტყვით - თუ უხარისხო მშენებლობაში მოვიაზრებთ იმას, რომ კარკასს სიმტკიცე აკლია, მაშინ ეს ნაყოფს 20 წლის შემდეგ გამოიღებს, ხოლო თუ იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ სადღაც ჭერი ჩამოვარდა, ბათქაში, მინა და ა.შ., მაშინ ამ შედეგებს უკვე ვიმკით, რადგან პროცესი დაწყებულია.
მამუკა ფირცხალავა, ექსპერტი სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებში: - ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ბარათაშვილზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნა - ათი წლის წინანდელმა რემონტმა თუ იმან, რომ შენობა ძველი იყო. ამას ექსპერტიზა დაადგენს. თუმცა, სავარაუდოდ, იქ არ იყო მყარი კონსტრუქცია.

უბედურება ისიც არის, რომ მფლობელს ან მოსარგებლეს სურვილიც რომ გაუჩნდეს შენობის უსაფრთხოების გადამოწმების, არ იცის, ვის მიმართოს. სწორედ ამიტომ შევქმენით შრომისა და მშენებლობის უსაფრთხოების ასოციაცია. ჩვენთან არიან ექსპერტები, მშენებლები, იურისტები, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ ამა თუ იმ შენობის უსაფრთხოების ხარისხი, განსაზღვრონ რისკ-ფაქტორები, შესთავაზონ მომხმარებელს გამოსავალი.

ძველი შენობების უმეტესობა ამორტიზებულია, ახალი მშენებლობების ხარისხი კი კითხვებს აჩენს. ცხადია, არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც შენობების უსაფრთხოების გაკონტროლება ევალება, მაგრამ ეფექტიანად ვერ ფუნქციონირებს. რატომ? მიზეზი მარტივია - მან რომ სრულად აღწეროს, თუ რამდენი შენობა-ნაგებობაა ავარიული, კატასტროფულ მაჩვენებელს დადებს, ამას კი რეაგირება უნდა მოჰყვეს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც იზრუნებს ამ შენობა-ნაგებობების გამაგრებასა ან ახლით ჩანაცვლებაზე, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მავანმა და მავანმა პრობლემაზე თვალის დახუჭვით იპოვა "გამოსავალი". ეს კი იმას ნიშნავს, რომ უხარისხო მასალით ნაშენი შენობები დროთა განმავლობაში თავზე დაგვემხობა.

უხარისხო მშენებლობებს პრობლემები მოჰყვა და მომავალში უფრო გამრავლდება. ჩვენ ფიზიკურ პირებსაც ვთავაზობთ, როცა კერძო სახლის აშენებას რომელიმე სამუშაოთა მწარმოებელს მიანდობენ, მოგვმართონ და გადავამოწმებთ, რამდენად ხარისხიანი საშენი მასალით მიმდინარეობს მშენებლობა, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. სასურველია, ამა თუ იმ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი უსაფრთხოების ვალდებულებას შეეხებოდეს. მივესალმები, თუ სახელმწიფო აიძულებს კომპანიებს, ასეთი პუნქტი ხელშეკრულებებში შეიტანონ.

- ევროპის ქვეყნებში როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

- სასამართლო განიხილავს და თუ დაადგენს, რომ ვინმე უხარისხო მშენებლობის გამო დაზარალდა, მკაცრად ისჯება ის, ვისი მიზეზითაც ეს მოხდა. ასეთი მიდგომით სამშენებლო კომპანიები საქმეს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

თეა ხურცილავა, ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები