"როგორც ქალბატონ ფატუ ბენსუდას საკმარისი მტკიცებულებები ექნება, საქმეს სასამართლოში წარადგენს" - კვირის პალიტრა

"როგორც ქალბატონ ფატუ ბენსუდას საკმარისი მტკიცებულებები ექნება, საქმეს სასამართლოში წარადგენს"

საქართველო ახლახან პირველი ქვეყანა გახდა აფრიკის კონტინენტს გარეთ, სადაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნა. რამდენად დაგვაახლოებს ბიუროს გახსნა 2008 წლის ომის დანაშაულების საბოლოო გამოძიებასთან, ბიუროს ხელმძღვანელს, ესტონელ დიპლომატ კაუპო კანდს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ.

- 2008 წლის კონფლიქტი და მსხვერპლი საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს სასამართლოს ახსოვს და ადარდებს. ეს ჩვენი პირველი წარმომადგენლობაა აფრიკის გარეთ, ეს არის სიმბოლური და იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გარე სამყაროსათვის.

- რუსეთმა ყველა ღონე იხმარა, რომ ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიები საქართველოდან "გაეგდო". გამორიცხავთ, რომ შეიძლება თქვენც იგივე ბედი გაიზიაროთ?

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 120-ზე მეტი სახელმწიფოა გაწევრებული. რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება - ხელი მოაწერეს, მაგრამ შემდგომ ხელმოწერა გაიტანეს. აქედან გამომდინარე, რუსეთს შეზღუდული აქვს რესურსები, ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს აქტივობებზე, იქნება ეს საქართველო თუ სხვა.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით 2008 წლის ომს? გჯერათ კი რუსული ნარატივის, რომ ეს იყო ქართული მხარის პროვოკაცია?

- ჩვენი სასამართლო არ იძიებს იმას, ვინ ვისი პროვიცირება მოახდინა, ვინ დაიწყო ომი, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. ჩვენ ვიძიებთ მხოლოდ უმძიმეს დანაშაულებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა საქართველოში 2008 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

- ამჟამად რა პროგრესი შეინიშნება?

- გამოძიება გრძელდება მანდატის თანახმად და ის არის კონფიდენციალური, როგორც სისხლის სამართლის ყველა გამოძიება. უმნიშვნელოვანესია, რომ პროკურორმა შეძლოს სიმართლის დადგენა და 2008 წლის ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობა აღდგეს. როგორც კი პროკურორს, ქალბატონ ფატუ ბენსუდას საკმარისი მტკიცებულებები ექნება, საქმეს სასამართლოში წარადგენს და შემდგომ ვნახავთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.

- გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა, რამდენად არის იმის საშიშროება, რომ საქმე სუბიექტურად იქნეს მიჩნეული.

- ეს შეკითხვა ჯობს, თავად პროკურორს დაუსვათ. აუცილებელია, სიმართლე გაირკვეს და მართლზომიერი შედეგები დადგეს. შეიძლება ეს მეორე მხარის თანამშრომლობის გარეშეც მოხდეს, არ არის გამორიცხული. მაგრამ წარმატებული გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ ითანამშრომლოს.

- და რა მოხდება, თუ გამოძიება ბოლოს იტყვის: ძვირფასო ქართველებო, საქმე ბუნდოვანია და ის, რაც თქვენ თავს გადაგხდათ, არ მტკიცდებაო. ან თუ დაიდება ტალიავინის ანგარიშის მსგავსი დოკუმენტი, სადაც, როგორც იტყვიან, არც მწვადია დამწვარი, არც შამფური.

- ჯერ კიდევ წინასაგამოძიებო მოკვლევისას, პროკურორის ოფისმა მოიძია საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო. მტკიცებულებები რომ არ ჰქონდეთ, გამოძიება საერთოდ არ დაიწყებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ მოსამართლეები. ეს იქნება საერთაშორისო, დამოუკიდებელი მოსამართლეების პანელი - გაეცნობიან საქმეს, მტკიცებულებებს და შემდგომ გამოიტანენ განჩინებას.

ვაჟა თავბერიძე