"თუ არ გადმოხტებოდა, უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ"
12-03-2018
"თუ არ გადმოხტებოდა, უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ"
როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები სასიკვდილო ინტერნეტთამაშისგან

"პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო"


რამდენიმე დღის წინ 16 წლის სანდრო საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბოლო დროს ბიჭს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები შეამჩნიეს. ოჯახის წევრების ვარაუდით, სანდრო სასიკვდილო ინტერნეტთამაშის მორიგი სამიზნე შეიქნა.

დროდადრო თავზარდამცემი ინფორმაციით გვახსენებს თავს სასიკვდილო ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი". როგორც წესი, მისი მომხმარებლები მოზარდები არიან, რომლებიც ე.წ. ადმინისტრატორისგან იღებენ დავალებებს. ბოლო,
50-ე დავალება თვითმკვლელობაა. რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს მოზარდების დასაცავად? რა რეკომენდაციებს იძლევიან ფსიქოლოგები? - "კვირის პალიტრამ" ამ კითხვებზე პასუხის მიღება სცადა:

"ბოლო 1 წლის განმავლობაში "ლურჯი ვეშაპის" თამაშის შედეგად 5 მოზარდი დაიღუპა"


თინათინ ყირიმლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ინტერნეტის" აღმასრულებელი დირექტორი: -
დღეს ქვეყანაში არ გვაქვს
კანონი ინტერნეტის­ შესახებ და მასთან დაკავშირებული თემები სხვადასხვა კანონშია გაბნეული. აუცილებელია დარეგულირდეს ინტერნეტსივრცე. მთავარი­ პრობლემები, რაც ინტერნეტის მოხმარებ­ისას იჩენს თავს, მათ შორის ბავშვებ­ში, არის პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობა, აზარტულ თამაშებში ჩართვა, კიბერბულინგი... ეს ყველაფერი მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება, მაგრამ უფრო დიდ პრობლემასაც ვაწყდებით - ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" მოზარდების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. არ არსებობს სპეციალური აპლიკაცია ან საიტი, სადაც შეხვალ და თამაშს დაიწყებ. "ლურჯ ვეშაპში" ჩართვის მიწვევა შესაძლებელია მიიღონ რომელიმე ონლაინთამაშის ჩატში ან სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით­. ადმინისტრატორი ჯერ უმეგობრდება მსხვერპლს, აკვირდება, ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს, გახდეს მისთვის ავტორიტეტი. დავალებები, როგორც წესი, დაკავშირებულია თვითდაზიანებასთან და ნელ-ნელა რთულდება. ბოლო, 50-ე დავალება თვითმკვლელობაა. მოზარდმა ეს იცის, მაგრამ ფიქრობს, დავიწყებ თამაშს და 50-ე დავალებას არ შევასრულებო, მაგრამ უმრავლესობა ვერ ახერხებს.

- რა უნდა გაკეთდეს პრევენციის მიზნით?

- ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ მოთხოვნით, ჩაგვეტარებინა ტრენინგები მშობლებისთვის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, რათა ისწავლონ ინტერნეტის გონივრულად მოხმარება, თავის­ დაცვა. სამინისტრო დაგვეთანხმა... ჩვენ შსს-საც მივმართეთ კითხვებით: რა განცხადებები­ შევიდა, რამდენად დასტურდ­ება, რომ ესა თუ ის თვითმკვლელობა "ლურჯ ვეშაპთან" არის დაკავშირებული? გვიპასუხეს, რომ მსგავს თემაზე სტატისტიკას არ აწარმოებენ და არც ერთხელ არ დადასტურებულა ამ ინტერნეტთამაშთან კავშირი... არადა, თამაშის ერთ-ერთ ეტაპზე მოთამაშეს "ლურჯი ვეშაპის" ლოგოს ამოკაწვრას ავალებენ. ამიტომ შსს-ს დამოკიდებულება სადავოა, ჩვენ სხვა შედეგს ვიღებთ ოჯახის წევრების გამოკითხვისას...
ჩვენი მოკვლევით, ბოლო 1 წლის განმავლობაში "ლურჯი ვეშაპის" თამაშის შედეგად 5 მოზარდი დაიღუპა. იყო თვითმკვლელობის მცდელობები, მაგრამ ბედნიერი შემთხვევითობის­ წყალობით მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დასანანია, რომ არც ერთი ადმინისტრატორი არც გამოუვლენიათ და არც დაუსჯიათ.
"ნალოლიავები ბავშვები უფრო ადვილად ებმებიან მახეში"

ირინე ტაბუციძე, ფსიქოლოგი: -
12-17 წლის მოზარდები მშობლებთან უცხოვდებიან და ხშირად მშობელზე მეტ ავტორიტეტს იძენს სხვა. ამ დროს მოზარდისთვის ოჯახი პოლიგონივითაა, სადაც უნდა მოსინჯოს ძალა, სადამდე უთმობენ და სადამდე - არა. შეიძლება მეგობრებთანაც აერიოს ურთიერთობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნალოლიავები და მშობელზე დამოკიდებული ბავშვები უფრო ადვილად ებმებიან მახეში. თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ ყველაფერს მშობელი უგვარებს, მისთვის ნებისმიერი პრობლემა ტრაგედიაა. შეიძლება ვერც პრობლემის იდენტიფიცირება მოახერხოს და ღრმად შეტოპოს.

- როგორ ხდება მათი ჩათრევა თამაშში?

- ზუსტად ისეთივე სქემაა, როგორითაც­ მუშაობენ სექტები, აზარტული თამაშების პროპაგანდისტები და ა.შ. ჯერ მოზარდის კეთილგანწყობას, ნდობას მოიპოვებენ, პრობლემებზე საუბრისას რჩევებს აძლევენ­ და ნელ-ნელა მისთვის ავტორიტეტებად გადაიქცევიან. თუ მოზარდი გაითვალისწინებს რჩევას, ისინი შეაქებენ. შემდეგ, თუ რაღაცას ვეღარ აკეთებს ისე, როგორც ავტორიტეტს სჭირდება, უბრაზდებიან და მოზარდიც ცდილობს საყვედური აღარ დაიმსახუროს - ყველაფერი შეასრულოს...
საფრთხე მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვს მოსთხოვენ პირად მონაცემებს, ოჯახის შესახებ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მას არ აშინებენ, ის ნებით ასრულებს მოთხოვნებს, უკვე ძალიან ენდობა ავტორიტეტს და ბევრ რაღაცას უყვება. შემდეგ ეტაპზე იწყება ავტორიტეტის დავალებების შესრულება, რაც თანდათან რთულდება.

- ითქვა, რომ ზოგი მოზარდი ცნობისმოყვარეობის გამო იწყებს თამაშს და ჰგონია, როცა უნდა, მაშინ დაანებებს თავს.

- სექტაშიც ასე შედიან, მაგრამ მერე ვეღარ აღწევენ თავს. ბავშვის შეშინება იოლია. ამდენი სექსუალური ძალადობაა ბავშვებზე და 99% ხმას ვერ იღებს, ისეა დაშინებული. აქაც იგივე ხდება - ემუქრებიან, მოგიკლავ ამას და ამას, მოვალ შენთან და ოჯახს ყველაფერს მოვუყვები...

- ხშირად საშიშროების მიზეზად ინტერნეტისთვის დიდი დროის დათმობას ასახელებენ.

- არსებობს სპეციალური პროგრამები,­ ე.წ. ფილტრი, რომელსაც ჩატვირთავ კომპიუტერში და კონკრეტულ საიტებზე წვდომა დაიკარგება... მხოლოდ მშობლის იმედზე ყოფნა, რომ ის გააკონტროლებს ბავშვს, შეცდომაა. შეიძლება ბავშვი დღეში 1 საათით დასვა კომპიუტერთან და ამ დროში მოახერხოს პორნოსაიტზე შესვლაც და "ლურჯ ვეშაპში" ჩართვაც.

"ყველას ერთდროულად დაეწყო დეპრესია და ყველა სიმაღლიდან ხტებოდა?!"

ჩვენ დავუკავშირდით "ლურჯი ვეშაპის" ბოლო სამი­ზნის, 16 წლის სანდროს დას, სალომეს:
- ოჯახში სანდრო ჩვეულებრივად იქც­ეოდა. ერთია, რომ სწავლას მოუკლო, რის გამოც სკოლაში­ გვიბარებდნენ. თურმე ერთხანს ძველ მეგობრებთან კონტაქტი გაუწყვეტია, უფრო სწორად, სკოლაში კი ეკონტაქტებოდა, მაგრამ აღარ დადიოდა დაბადების დღეებზე, შეკრებაზე, რომლებიც სკოლის შემდეგ იმართებოდა. მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

იმდენად ეშინოდა სიმაღლის, გამორიცხულია ოდესმე თვითმკვლელობაზე ეფიქრა. \სანდროს სოციალური ქსელის პაროლი მოვიპოვე, შევედი მის გვერდზე და ვნახე მიმოწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, განიცდიდა, მაგრამ მაინც გადახტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ. პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო. მართვით სუნთქვაზეა და არ არის მიზანშეწონილი ამ ეტაპზე კითხვების დასმა, ფსიქოლოგიურადაც განადგურებულია.
როგორც გავიგე, დავალებას ღამის 04:20 საათზე იძლევიან, 04:22 საათზე კი შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო. კვირადღეს დეიდამ ხელზე ნაკაწრები შეამჩნია სანდროს. უთქვამს, სკოლაში დამკაწრესო. მეორე დღეს სკოლაში არ გაუშვეს. დღის 14:30-ზე სტუმრები გვყავდა, სწორედ ამ დროს გადახტა სანდრო მერვე სართულიდან. 14:23 საათზე კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო.

არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელYთა ოჯახის წევრები ამგვარი დავალებების მსხვერპლნი გახდნენ. ძალიან უკვირთ, საჯაროდ რომ ვლაპარაკობ ამ თემაზე, რადგან, როგორც წესი, უმრავლესობა დუმს. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა თემქაზე დაფიქსირდა. 7 მარტსაც ბოლო შემთხვევა თემქაზე მოხდა, გოგონა მე-6 სართულიდან გადმოხტა.

- დადასტურდა, რომ თქვენ მიერ ნახსენები მოზარდები "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდნენ და მიცემული დავალებების გამო დაიღუპნენ?

- სამართალდამცავები ამაზე არ საუბრობენ. ძალიან გაბრაზებული ვარ, 9 მარტს, ანუ საზარელი შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, სანდროს გვერდზე რომ შევედი, 13 წაუკითხავი მესიჯი დამხვდა. სამართალდამცავები რომ გაიძახიან, ვიძიებთო, არავინ დაუკითხავთ, თუ იძიებენ, გამოძიება მისი სოციალური ქსელით უნდა დაეწყოთ, მაგრამ იქ ჩემამდე არავინ შესულა. მარტო ბოლო 5 დღის მიმოწერა რომ ნახონ სანდროსი თავის შეყვარებულთან, მიხვდებიან, თუ რასთან გვაქვს საქმე. სანდრო დაზაფრული სწერს: მეტი მინდოდა მეცოცხლა, კიდევ 10-20-30 წელიო... ამას რომ კითხულობ, რა ჭკუაზე უნდა დადგე?!

როგორ გგონიათ, ამ ბავშვებს ყველას ერთდროულად დაეწყო დეპრესია, ყველამ დაისერა სხეული და ყველა სიმაღლიდან ხტებოდა?! ეს ხომ აბსურდია. ამ ბავშვების ქმედებებს შორის უამრავი კავშირია. ოჯახები ამბობენ, რომ სამართალდამცავებს ექსპერტიზაზე მიაქვთ მათი ტელეფონები, კომპიუტერები, ლეპტოპები და თვეები ისე გადის, პასუხის ღირსნი ვერ ხდებიან.
ჩემი ძმა გადარჩა, მაგრამ ნებისმიერზე გული შემტკივა და თუ ჩემი რეაქცია დაეხმარება თუნდაც ერთ ბავშვს, რომელიც ამ მომენტში შეშინებულია, ჩემი დიდი გამარჯვება იქნება. როდესაც ექნებათ დაცულობის სინდრომი, მაშინ შეიძლება სასიკვდილო დავალება არ შეასრულონ. სახელმწიფო რომ გაიძახის, ასეთი რამ არ ფიქსირდებაო, ბავშვს, რომელიც ამ მომენტში ვიღაცის გავლენის ქვეშ იმყოფება და შეშინებულია, ვისი იმედი ექნება?! როგორ უნდა მოსთხოვო სახელმწიფოს პრევენცია, როცა ფაქტს არ აღიარებს?!
ამ თემაზე კომენტარისთვის "კვირის პალიტრამ" შსს-საც მიმართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია...

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით