"მე ვერ შემაშინებენ!" - კვირის პალიტრა

"მე ვერ შემაშინებენ!"

"მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამიტომ არ ვაპირებ აქციის გამართვას, მინდოდა რუსების ავტომობილები არ გამეტარებინა, მაგრამ ეს შესაძლოა ვიღაცამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს"

რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტრაგედია, როდესაც იცი, შვილი წამებით მოგიკლეს, მაგრამ მისთვის ღირსეული პატივის მიგების უფლებას არ გაძლევენ... სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ვერსიებს ისმენ, რა ვითარებაში მოგიკლეს შვილი და ვერაფერს აკეთებ სიმართლის დასადგენად. გთავაზობთ ინტერვიუს არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გივი ტატუნაშვილთან:

- მესამე კვირაა უმწეობის განცდა მაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რაც მედიით ვრცელდება - სხვადასხვა ვერსია, და გაუთავებელი მოლოდინი. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ დამიბრუნონ ცხედარი, მომეცეს უფლება, დავიტირო ჩემი ნაწამები შვილი და მიწას მივაბარო. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, როდის გადმომცემენ... მესმის, რომ ცხინვალთან მოლაპარაკება არ არის მარტივი, მით უმეტეს, რუსები ჩაერივნენ თავიდანვე საქმეში, ღმერთმა იცის, იქ რა ხდება, ჩვენამდე რეალურ ინფორმაციას არავინ მოიტანს.

- რა ვითარებაში გაიტაცეს თქვენი შვილი და როგორ მოკლეს, რამე შეიტყვეთ?

- მე ხომ ვიცი, როგორი შვილი მყავდა - ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, ექვსი წელი ღირსეულად ემსახურა სამშობლოს. ახალგორში აუყვანიათ, თავის მანქანაში იჯდა და პროდუქტები შეჰქონდა. ახალგორის პროკურატურის გამომძიებელს უთქვამს, შენთან საქმე გვაქვსო, არჩილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაუდვიათ ხელბორკილები, ამასობაში მოსულა ომონიც და ცხინვალის იზოლატორში გადაუყვანიათ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.

- ახალგორის პროკურატურის გამომძიებლის ვინაობა ცნობილია?

- როგორც ვიცი, არჩილი კარგად იცნობდა, ამიტომაც გაჰყოლია.

- ცნობილია, რომ არჩილი სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხშირად გადადიოდა ახალგორში პროდუქტების შესატანად. რატომ მოხდა ეს ტრაგედია ახლა?

- არჩილს ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა, მას რუსი მესაზღვრეებიც იცნობდნენ და მეტიც, არც მათთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. გამოვრიცხავ, რომ მათ არ იცოდნენ არჩილის სამხედრო სამსახურის შესახებ. ამიტომ ვერ ამიხსნია, რა მოხდა.

- თქვენ შვილის დაღუპვის დღესვე აქცია გამართეთ და მთავარი მაგისტრალი გადაკეტეთ ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით, შეხვდით შს მინისტრსაც. რა ინფორმაცია მოგაწოდათ?

- გიორგი გახარიას არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ დამპირდა, ყველაფერს გავაკეთებთ ცხედრის გადმოსაცემადო. მას შემდეგ ხშირად მოდის და თუ თავად ვერ ახერხებს, წარმომადგენელს გზავნის. აქცია იმიტომ გავმართე, მეგონა, გულთან არავინ მიიტანდა ჩემს ტრაგედიას. არ ვიცი, რატომ მქონდა ეს განცდა, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამიტომ არ ვაპირებ აქციის გამართვას, მინდოდა რუსების ავტომობილები არ გამეტარებინა, მაგრამ ეს შესაძლოა ვიღაცამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

- ცნობილია, რომ ახალგორში ომონი მოსახლეობას უკრძალავს არჩილზე საუბარს...

- მე ვერ შემაშინებენ! რისი უნდა მეშინოდეს, ვაჟკაცი შვილი ვაჩუქე ქვეყანას.

- არჩილი გამორჩეული სამხედრო იყო, რატომ თქვა უარი სამხედრო სამსახურზე?

- კონტრაქტი დაუმთავრდა, მაგრამ ჯარიდან წამოსვლის შემდეგაც სულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ვლაპარაკობდით, ოკუპაციაზე, რუსეთზე... სამშობლო უსაზღვროდ უყვარდა.

რუსუდან შელია