"ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო, გამყვლიფა და ცხოვრება დამინგრია" - რატომ მისცა შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება? - კვირის პალიტრა

"ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო, გამყვლიფა და ცხოვრება დამინგრია" - რატომ მისცა შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება?

2017 წლის 25 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ ნეფარიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს ბრალდებულის ოჯახზე. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატის ვაჟმა განუცხადა, მას ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელმაც დააპირისპირა მამამისს, რადგანაც მას არ მსურდა მამამისის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროება. მისივე თქმით, მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მამის პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარით აიძულეს.

"მე მიმიყვანეს მოდულის შენობაში და დამიდეს მასალები. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე. მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა ამ მასალებს გაასაჯაროებდნენ. საუბარს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილი და სხვა თანამშრომლები. მათ სურდათ ჩემგან მიეღოთ ჩვენება და მე მამაჩემის წინააღმდეგ უნებურად ხელი მოვაწერე ისეთ რამეს, რამაც მასთან დამაპირისპირა. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მსურდა ვიდეოების გასაჯაროება. აღნიშნულ ქმედებაში ვისი ინტერესია არ ვიცი. გარდა ამისა, ხდება ზეწოლა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე", - განაცხადა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილმა ზურა ნეფარიძემ.

საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, ზურაბ ნეფარიძეზე ან მის ოჯახზე არანაირი ზეწოლა არ არის. პროკურორის განმარტებით, მსგავსი ბრალდება მისი მისამართით აბსურდულია და ემსახურება ზურაბ ნეფარიძის მიერ წარდგენილი ბრალისათვის თავის არიდებას.

"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ჩანაწერი. საქმეში არის ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება და ნამდვილად არავის სჭირდება ასეთი ჩანაწერები. მათ მიერ გაკეთებული განცხადება ემსახურება პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მისცა ბრალდებულის შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ჩვენება ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პიროვნება ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძეს და 36 000 ლარი თაღლითურად მიითვისა. ბრალდებულის შვილი ზურა ნეფარიძე ადასტურებს, რომ თვითონ გააცნო მამამისს ეს პიროვნება", - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

პროკურორის განცხადებით, მოხდება თუ არა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილის მიმართაც ბრალის წარდგენა, ამას გამოძიება აჩვენებს და წინასწარ ვერ ისაუბრებს. პროკურორმა ისიც განმარტა, რომ ის მზად არის საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ქმედებაზე აგოს პასუხი.

სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალი, მაია დარსალია, წლებია სასჯელს იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 2015 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა - უვადო სასჯელი ვადიანით შეუცვალა. ის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მისი ადვოკატი მაშინ ზურაბ ნეფარიძე იყო. პატიმარი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ყოფილ ადვოკატს. მაია დარსალია "კვირის პალიტრას" ქალთა დაწესებულებიდან დაუკავშირდა და თავისი ამბავი გვიამბო:

- ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო და ცხოვრება დამინგრია. უდანაშაულოდ ნამდვილად არ დავუკავებივარ, მაგრამ სამუდამო პატიმრობა საშინელება იყო... ყველაფერი კი ასე მოხდა: ქალი, ვისაც წამალი მივყიდე, ზუგდიდში დააკავეს, მან მე დამასახელა და დაიწყო ძებნა. მე რეალიზატორსა და დიდ ბარიგას შორის შუამავალი ვიყავი. ის დიდი ბარიგა მარნეულში გავიცანი. როცა გავიგე, ზუგდიდში ის ქალი დააკავესო, მაშინვე დავიმალე. ჩემზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, ჯერ ჩემს დას ჩაუდეს წამალი და დააპატიმრეს, მერე ჩემი მეუღლე. კარგა ხანს ძებნილი ვიყავი. როცა ოჯახის წევრების დაკავების ამბავი გავიგე, ადვოკატ ზურაბ ნეფარიძესთან მივედი და ყველაფერი ავუხსენი. მითხრა, ჯერ არ გამოჩნდე, პოლიციას მე თვითონ ჩაგაბარებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ახლა ფული მჭირდება შენი ქმრისა და დის დასახსნელადო. მეც მივენდე... სხვა გზა არ მქონდა, გამაყიდვინა სახლი, მანქანა, ჩემი დის ბინა, ჩვენი ოქროული მიითვისა, 23.000 დოლარიც მივეცი... გაგვყვლიფა და მოტყუებული დაგვტოვა. ჩემების დაჭერის მერე წამალს ხელს როგორ მოვკიდებდი, მაგრამ ნეფარიძემ 10 გრამი წამალი მომთხოვა. მითხრა, გადასახდელი ფული არ გყოფნის და ნარკოტიკი მოიტანე ამ ფულის სანაცვლოდ, მერე ჩაგაბარებ პოლიციასო. ამიტომ გავრისკე, მაგრამ როცა მასთან წამალი მიმქონდა, დამაკავეს. მაშინ ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ვითხოვდი ჩემი და ზურაბ ნეფარიძის საუბრების ამონაწერს, მაგრამ ჩემი ადვოკატი ის იყო და ვინ დამეხმარებოდა?! მერე საქმეში სხვა ადვოკატი ჩავრთე, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მოიპოვა მტკიცებულება. ფაქტზე დამაკავეს, წამლით, რომელიც მასთან მიმქონდა. (იხილეთ სრულად)