ავარიული დაშვება
19-03-2018
ავარიული დაშვება
16 მარტს გუდაურში ერთ-ერთი საბაგირო მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, გაჩერდა და უკუსვლა დაიწყო... შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმეტესობა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. მეტიც, ერთ-ერთი დაშავებული ისევ გუდაურში აბრუნდა და ტრასაზე სრიალი განაგრძო. ეს საბაგირო ცნობილი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერის" წარმოებული და დამონტაჟებულია 2007 წელს, ბოლო ტექნიკური ინსპექტირება კი 2017 წლის 22 დეკემბერს კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალმა" ჩაუტარა.

სანდრო შელია, "სი ეი ინთერნეიშენა­ლის" დირექტორი:
- ამ ეტაპზე
ვერსიებზე საუბარი ნაადრევია. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საბაგიროს ინსპექტირება­ ჩავატარეთ, მათ შორის, ეს საბაგიროც შევამოწმეთ გასული წლის 22 დეკემბერს.

- როგორ ატარებთ ინსპექტირებას?

- კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დოკუმენტაციას, რომელიც ინსპექტირებისას დგება, შემდეგ ინსპექტორი ამოწმებს. თუ დაფიქსირდება შეუსაბამობა, ვალდებული ვართ, რაც შეიძლება მალე (48 საათის განმავლობაში) მოვახსენოთ
ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ჩვენ მხოლოდ მდგომარეობას ვაფიქსირებთ.

- ამ საბაგიროს ინსპექტირებისას დარღვევა თუ დაფიქსირდა?

- ყველაფერი ნორმაში იყო, არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. ეს დასტურდება დოკუმენტაციითაც.

- რა პერიოდულობით უტარდება საბაგიროებს ინსპექტირება?

- ორ წელიწადში ერთხელ.

- ორწლიანი შუალედი, როდესაც სეზონზე უამრავი დამსვენებელია, არ გეჩვენებათ, რომ დიდი შუალედია? როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

- სხვადასხვა ქვეყანაში პერიოდულობა მორგებულია ადგილობრივ რეალობას. მაგალითად, ინგლისში არის 6-დან 12 თვემდე, საფრანგეთში 5 წელიწადში ერთხელ...

- თქვენი აზრით, რა გახდა ავარიის მიზეზი?

- არასწორი იქნება კომენტარის წინასწარ გაკეთება. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომელშიც მონაწილეობს ჩვენი ინსპექტორიც. ჩვენ ხელს შევუწყობთ გამოძიებას, რომ გავარკვიოთ, რა მოხდა რეალურად. ყოველდღიურად განსაზღვრული პროცედურებია შესასრულებელი. რეგლამენტითაც განსაზღვრულია ვალდებულებები, რომლებიც აქვს ობიექტის მფლობელს, და ეს პროცედურები ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს ჩართვის ან გამორთვის დროს.

- ტარდება?

- ჩვენ 2 წელიწადში ერთხელ შევდივართ და ვამოწმებთ ჩანაწერებს. ჩანაწერების მიხედვით, სრულდება, მაგრამ ჩვენ იქ ყოველდღე ხომ არა ვართ და თავს ვერაფერზე დავდებთ. ჩვენ თავს ვდებთ იმაზე, რომ შევამოწმეთ და დავდეთ შედეგი. ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ინსპექტირება. ეს უსაფრთხოების მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. დანარჩენი კომპონენტებია მწარმოებელი კომპანიის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის წესების შესრულება, ზედამხედველობა, მოვლა-პატრონობა, კომპეტენტური პერსონალი.

- როგორც ცნობილია, ასეთი ავარიის დროს უნდა ამოქმედდეს სათადარიგო მუხრუჭები, რომლებმაც, თუ გავრცელებულ ფირს გავიხსენებთ, ფაქტია, არ იმუშავა.

- მუხრუჭები შემოწმების დროს მუშაობდა, მაგრამ ახლა ფაქტი სახეზეა, საბაგირო უკუღმა მოძრაობდა და ამ დროს მუხრუჭმა ვერ იმუშავა! რატომ? პასუხი გამოძიების შემდეგ გაიცემა.
ახლა მთავარია სწორად ჩატარდეს­ გამოძიება და მივიღოთ პრევენციული ზომები - ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს!

ჩვენი ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე­ იმყოფებოდა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად. გვამცნო, რომ საბაგიროს დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ხარვეზი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ახლა მნიშვნელოვანია, რას იტყვიან საერთაშორისო ექსპერტები, მათ მოლოდინში ყველაფერი დალუქულია.

გიორგი ბაბუნაშვილი, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი: -
ითქვა, თითქოს ავარია ელექტროენერგიის ვარდნას უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით "ენერგოპრომ" განაცხადა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფაქტი კი ის არის, რომ ავარიული დაშვება და უკუღმა ტრიალი მუხრუჭების უმოქმედობამ გამოიწვია. ავარიული მუხრუჭები ყველა საბაგიროს აქვს. რატომ გამოვიდა მწყობრიდან, დასადგენია - პერსონალმა ვერ ჩართო, ვერ მიიღო დროული გადაწყვეტილება, ჩართო და არ იმუშავა თუ საერთოდ ადგილზე არ იყო, ამას გამოძიება გაარკვევს. საბაგირო მაღალი ხარისხისაა, მაგრამ მის ექსპლუატაციას პერსონალი ახდენს. შესაძლოა პროგრამული ხარვეზიც ყოფილიყო.

ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი - ერთმა ან რამდენიმემ და მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით ან ჯარიმის დაკისრებით არ უნდა დაისაჯონ. ბოროტი არა ვარ, მაგრამ სადამსჯელო ღონისძიების მიზანია, სხვამ იგივე აღარ გაიმეოროს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

ტურისტი: "ავარიაზე რეაგირება ძალიან ოპერატიულად მოხდა"

თვითმხილველი რუსი ტურისტი რუსტამ იბრაგიმოვი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, მომხდარის შესახებ დეზინფორმაცია არ გაავრცელონ: "დიახ, რაღაც მიზეზის გამო საბაგიროს ორივე მუხრუჭი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან. ოპერატორმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. რამდენადაც მე ვიგრძენი, საბაგირო უკუსვლით დაიძრა 300-400 მეტრზე და ყველამ გადახტომა სცადა. ვინც ქვედა საყრდენთან ახლოს იყო, ნაკლებად გაუმართლა, თუმცა ზოგმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და გადახტომა მოასწრო. კიდევ კარგი, წინადღეს მოთოვა და ფერდობზე რბილად დავეცით. მე 8 მეტრი სიმაღლიდან მომიხდა გადმოხტომა, თანაც დიდი სიჩქარით. მეშინოდა, მაგრამ სხვა ვარიანტი არ არსებობდა. იქვე მაშველებიც იყვნენ და ოპერატიულად რეაგირებდნენ. მეც ვეხმარებოდი მათ.

ოპერატიულად ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ მაშველებმა და მოხალისეებმა მთების წვერზე დარჩენილი ადამიანებიც ჩამოიყვანეს. ყველა ჯგუფი ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობდა. მათ ყველა მადლობას უხდიდა. მთელ სამაშველო ოპერაციას დაახლოებით 1,5 საათი დასჭირდა".

"დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში ჩაერთვება მსოფლიოში ცნობილი კომპანია "ბიურო ვერიტასის" ექსპერტული ჯგუფი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს, რადგან საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე. მინისტრის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და უმკაცრესად დაისაჯოს ის, ვინც მომხდარშია დამნაშავე.

კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო "საძელეს" სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ. ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია, ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას "ბიურო ვერიტასს", რომელმაც თანხმობა განაცხადა, თავისი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე. მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით