"კიდევ თუ გადაიდო პროცესი, აღარ დავიწყებ არც მოსამართლის და არც პროკურატურის ლოდინს"
19-03-2018
"კიდევ თუ გადაიდო პროცესი, აღარ დავიწყებ არც მოსამართლის და არც პროკურატურის ლოდინს"
ბაქრაძეს დიდხანს არ გავაჩერებთ ციხეში, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ამდენი წლის მერე ფარდა ახადა ამ შემზარავ დანაშაულს და საჯაროდ ამხილა დამნაშავეები. როგორც იქნა, დადგა ეს დღე და სიმართლე გაირკვა. ამ კაცმა დეტალურად თქვა, ვინ იყვნენ გამყალბებლები, რომ არანაირი ტყვიის გავარდნა არ მომხდარა, რომ ბაშალეიშვილმა მოკლა ჩემი შვილი. შემთხვევის ადგილიდან ორი მასრაა ამოღებული, ორი ტყვია გაისროლეს, გავარდნა არ ყოფილა. მალე იქნება ამაზე დისკიც და ფილმიც გაკეთდება... დონაძესა და მიქაძეს ვეუბნები,
ჯერ სად ხართ, სიურპრიზები წინ გელოდებათ...


13 წელია ამირან (ბუტა) რობაქიძის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. დიდი ბრძოლის შემდეგ ოჯახმა იმას მიაღწია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით განსასჯელის სკამზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი ზის. სასამართლო პროცესები ამ სკანდალურ საქმეზე მეექვსე წელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაზარალებულები
თვლიან, რომ საქმეს შეგნებულად აჭიანურებენ. შეგახსენებთ, განსასჯელის სკამზე არიან ყოფილი ძალოვანები: ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ (ზაზა) ბაქრაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საქართველოში დაბრუნდა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც იძებნებოდა. ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა­ "დღის თემაში" მისმა სკანდალურმა აღიარებამ საბოლოოდ ახადა ფარდა რეალობას. მან საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა. ზურაბ ბაქრაძე ამჟამად პატიმარია და დეტალურ ჩვენებას სასამართლოს მალე მისცემს. მისი ადვოკატი, სავარაუდოდ, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას და გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სასამართლო პროცესები მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო და მორიგი სხდომა 11 აპრილს გაიმართება. ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თვლის, რომ პროცესებს განგებ აჭიანურებენ.

სოსო რობაქიძე: -
უკვე მერამდენედ გადაიდო პროცესები. ბოლო სხდომაზე გვითხრეს, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, თირკმელში კენჭის გავლა ჰქონია და ამ მოტივით გადაიდო პროცესი.­ 20 დღით აუღია ბიულეტენი. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ისიც უწყობს ხელს საქმის გაჭიანურებას. ამ ხნის განმავლობაში მან დონაძისა და მიქაძის ჭკუაზე იარა, ბევრჯერ გადადო სასამართლო პროცესები. დონაძის და მიქაძის ადვოკატმა პირდაპირ უთხრა ბაქრაძის ადვოკატს, ხან მე არ მოვალ სასამართლოზე, ხან დონაძე, ხან მიქაძე, ხან ფირცხალავა და ასე გავაჭიანურებთ სასამართლო პროცესებსო.

- რატომ აჭიანურებენ პროცესების ჩატარებას?

- უნდათ ზურაბ ბაქრაძე დიდხანს იყოს ციხეში გამოკეტი­ლი და არ შეეფარდოს გირაო. არადა, ბაქრაძემ სიმართლე თქვა, პრაქტიკულად, ხელი დაადო დამნაშავეებს. ახლა მას დონაძე და მიქაძე ამის გამო სჯიან. 6 წელია ეს დამნაშავეები გირაოთი­ არიან გათავისუფლებული, ერთი დღე არ გაუტარებიათ საპყრობილეში. დონაძე და მიქაძე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ფსიქოლოგიურად იმოქმედონ ზურაბ ბაქრაძეზე და გატეხონ. ჩემი ოჯახი ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ზურაბ ბაქრაძეს სასჯელი შეუმსუბუქდეს. იმაზეც ვარ თანახმა, რომ გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ვაფრთხილებ დონაძესა და მიქაძეს, არაფერი გამოუვათ.

- თვლით, რომ ბაქრაძე უნდა გათავისუფლდეს?

- ბაქრაძეს დიდხანს არ გავაჩერებთ ციხეში, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ამდენი წლის მერე ფარდა ახადა ამ შემზარავ დანაშაულს და საჯაროდ ამხილა დამნაშავეები. როგორც იქნა, დადგა ეს დღე და სიმართლე გაირკვა. ამ კაცმა დეტალურად თქვა, ვინ იყვნენ გამყალბებლები, რომ არანაირი ტყვიის გავარდნა არ მომხდარა, რომ ბაშალეიშვილმა მოკლა ჩემი შვილი. შემთხვევის ადგილიდან ორი მასრაა ამოღებული, ორი ტყვია გაისროლეს, გავარდნა არ ყოფილა. მალე იქნება ამაზე დისკიც და ფილმიც გაკეთდება, საზოგადოება ნახავს, როგორ იღებს და როგორ ესვრის ბაშალეიშვილი ჩემს შვილს იარაღს. დონაძესა და მიქაძეს ვეუბნები, ჯერ სად ხართ, სიურპრიზები წინ გელოდებათ.

ზურაბ ბაქრაძემ სიმართლის თქმისთვის ყველა შეღავათი უნდა მიიღოს. როგორც ვიცი, პროკურატურაც მზად არის ამისთვის... კიდევ თუ გადაიდო პროცესი, აღარ დავიწყებ არც მოსამართლის და არც პროკურატურის ლოდინს. თუ საჭირო გახდა, მთელ თბილისს დავაყენებ ფეხზე, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი დამთავრდეს. ვინც სიმართლეს ამბობს, ის ხალხი არ უნდა იჯდეს ციხეში, დამნაშავეებმა უნდა აგონ საკადრისად პასუხი.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები