"მკვლელობის შემდეგ კედელზე სისხლით მიაწერა "დამიჭირეთ" - კვირის პალიტრა

"მკვლელობის შემდეგ კედელზე სისხლით მიაწერა "დამიჭირეთ"

სოსო დრობიშევი 1996 წელს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაასამართლა. იმდენად მძიმე იყო მაშინ ბრალი, რომ პროკურორმა მისი დახვრეტა მოითხოვა. კოლეგიის სამივე მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა და კოლეგიის თავმჯდომარემ ვერდიქტი გამოაცხადა: "მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა". მაშინ განსასჯელის სკამზე მასთან ერთად სოსოს ძმაც იჯდა, სასამართლომ ძმას 15 წელი მიუსაჯა, სოსო დრობიშევი კი სიკვდილმისჯილთა საკანში გაამწესეს. თითქმის ერთ წელზე მეტხანს დახვრეტის მოლოდინში იყო.

დრობიშევსა და კიდევ 52 სიკვდილმისჯილს ბედმა გაუღიმა - 1997 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. პრეზიდენტმა ყველა შეიწყალა და დახვრეტა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მოგვიანებით, სიკვდილმისჯილებს 15 წლამდე შეუმცირეს სასჯელი.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, სოსო დრობიშევს 45 წლის ზურაბ სურმანიძის მკვლელობისთვის ასამართლებენ. ამჯერადაც პროკურორმა მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა. უვადო პატიმრობას ითხოვდა მოკლულის ოჯახიც.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დრობიშევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურა, ასევე ბრალდებულის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ - ადვოკატი ბრალის კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემცირებას, ხოლო პროკურატურა უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვს.

მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოხდა. სუპერმარკეტში ლუდის საყიდლად შესულ სოსო დრობიშევს თანასოფლელ ორ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. შელაპარაკების შემდეგ დრობიშევი მარკეტიდან გავიდა, რამდენიმე წუთში დანით დაბრუნდა და სურმანიძეს მუცელში დაარტყა. დაჭრილი სახლისკენ გაიქცა. გამოძიების ვერსიით, მას სოსო დრობიშევი დაედევნა, სახლთან დაჭრილს შვილი და ახლობლები დახვდნენ, დაჭრილმა შვილისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, მომდევენ, დაიმალეთო.…ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო მათკენ მომავალ დრობიშევს და დამნაშავე გაიქცა... დაჭრილი საავადმყოფოში ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

თეა ხურცილავა