"ქეთინოს მამიდამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ანგელოზივით გოგო უაზროდ დაღუპა" - კვირის პალიტრა

"ქეთინოს მამიდამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ანგელოზივით გოგო უაზროდ დაღუპა"

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-26)

ქალთა კოლონიაში გატარებული წლები "კვირის პალიტრასთან" დალი ხოდაშნელაშვილმა გაიხსენა, რომელსაც 20 ათასი მანეთის  გაფლანგვის გამო (სინამდვილეში კი იმ უწყისზე  ხელის მოწერის გამო, სადაც "მკვდარი სულები" იყვნენ) 10 წელი მიუსაჯეს.

დალი ხოდაშნელაშვილი: - რადგან მუხროვანის დასახლება-კოლონიის რეჟიმის უფროსმა ჩემთან ურთიერთობაში საწადელს ვერ მიაღწია (ის კაცი ისე მძულდა, მისი სახელის გახსენებაც არ მინდა), ჩემს საწინააღმდეგოდ საბუთების შეგროვება დაიწყო, რომ ისევ უკან, კოლონიაში დავებრუნებინე.

თითქოს სამუშაოზე ვიგვიანებდი, ვიღაცას ზედმეტად ველაპარაკებოდი, დროზე არ შევდიოდი დასაძინებლად და სამუშაო გეგმას ვერ ვასრულებდი. იანვარში ბოლოკის საგლეჯად მიშვებდა და თან გეგმის შესრულებას მთხოვდა. რა გეგმის შემსრულებელი ვიყავი? დასახლებაში პატიმარი კაცებიც იყვნენ. ისინი შუაში დამსვამდნენ, თვითონ მუშაობდნენ და ჩემკენ ყრიდნენ ამოთხრილ  ბოლოკს. რეჟიმის უფროსის მანქანას რომ დაინახავდნენ, მეუბნებოდნენ, მის დასანახად შენც დაგლიჯეო. სასამართლო დანიშნული რომ იყო და რეჟიმის უფროსი გამარჯვებას ზეიმობდა, ამ დროს ვადაზე ორი წლით ადრე გამათავისუფლეს.

გისოსებს მიღმა ქალების ცხოვრება რომ საშინელებაა, ამის დასტურად ერთ ფაქტს მოგიყვებით. კოლონიაში არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, რომ ქალებს უყვარდათ ერთმანეთი. როგორც ჩვეულებრივი წყვილი, ისე იყვნენ ერთმანეთთან. ზოგიერთი პატიმარი, რომელსაც ასეთ ურთიერთობაში მამაკაცის როლი ჰქონდა, კაბის ჩაცმას თაკილობდა. ერთ ღამესაც კოლონიაში ხმაური ატყდა. შემოდიოდნენ და შერჩევით გაჰყავდათ ქალები. რის მიხედვით, არ ვიცოდით.

მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. მოგვიანებით გავიგეთ, კოლონიის უფროს ხატაშვილს გადაუწყვეტია არაორდინარული წყვილების გაყოფა, ნაწილი დატოვა და ნაწილი კი რუსეთში გადაიყვანა. დილით ყველა წყვილი გაყოფილი იყო და კოლონიაში გლოვა დაიწყო. შინმოუსვლელი მეომრების ტანსაცმელს რომ დასტირიან ახლობლები, ისე გამოფინეს ქალებმა თავიანთი "სატრფოების" ტანსაცმელი და მოთქვამდნენ. ეს საყურებლად სატირალიც იყო და სასაცილოც.

ეს იყო ქალების დაცინვა. ასეთ მდგომარეობამდე როგორ უნდა მიიყვანო ქალი? გგონიათ, ერთ ან ორ დღეში გაიქარვეს წუხილი? "მეორე ნახევრებს" კვირებისა და თვეების განმავლობაში გლოვობდნენ როგორც დაღუპულებს.

კოლონიაში ყველაფერი გვენატრებოდა. ჩამოვწერდი ათას ნუგბარს და ვუგზავნიდი ჩემებს, მომიტანეთ-მეთქი, მაგრამ ჩემიანებს რომ დავინახავდი, ლუკმას ვერ ვიდებდი პირში. პაემანი 3 დღე გრძელდებოდა და არ ვიცი, როგორ ვძლებდი უსმელ-უჭმელი. მთელ სანოვაგეს პატიმრებს ვუგზავნიდი. მე ყველასთვის კარგი მეგობარი ვიყავი, ყველასთვის კარგი მინდოდა და არ ვიცი, რად დამსაჯა ღმერთმა ასე. კოლონიაში ერთი ქალი (საამქროს უფროსი) გადამეკიდა.

დამსვამდა მანქანასთან და სულ მეჩხუბებოდა, ნელა კერავო. მართლაც ნელა ვკერავდი, რადგან უვარგისი მანქანა მქონდა. ოსტატმა ნახა ერთხელ და გაოცდა, როგორ კერავო. თურმე მანქანა განგებ იყო ნელ სვლაზე დაყენებული, საქმე რომ ვერ მომესწრო და იმ ქალს ჩხუბის საბაბი ჰქონოდა.

- კოლონიიდან გაქცევის შემთხვევა თუ ყოფილა?

-   ერთი  გაიპარა კარცერიდან. თურმე მორიგეს ჩაიში რაღაც ჩაუყარა, დააძინა, გასაღები მოჰპარა და გაიქცა.  2 თვე იყო გაქცეული და ერთ დღესაც კოლონიის ფაბრიკის უფროსის მოადგილემ არ ნახა რძის რიგში? იმან დაიჭირა და დააბრუნა კოლონიაში. ერთი პატიმარი ქალი კი ნაგვის მანქანას აეკრა ქვემოდან და ისე გააღწია კოლონიიდან. ისიც მოაბრუნეს.

- შეგიძლიათ გათავისუფლების მომენტი გაიხსენოთ?

- გათავისუფლებაზე მეტად რეჟიმის უფროსზე გამარჯვება მიხაროდა. გულში ვზეიმობდი, რომ იმ ავკაცს ჩემი დამცირების საშუალება არ მივეცი და ვაჯობე. 4 მარტი იყო, რომ გავედი, თოვლჭყაპი. დასახლებიდან ცენტრალურ გზამდე ერთი კილომეტრი ფეხით უნდა გამევლო. ერთიანად დავსველდი, მაგრამ ვერც ვგრძნობდი. წლების განმავლობაში ველოდებოდი, როდის გაიღებოდა კოლონიის კარი, მაგრამ როდესაც ეს დღე დადგა, იმდენად დაცლილი ვიყავი, გათავისუფლება ვერც აღვიქვი.

გულიკო ნადარეიშვილი, ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორი: - კოლონიაში 24 წლის აშოლტილი გასათხოვარი გოგო ქეთინო თ. მოიყვანეს. ისე ტიროდა, მისი ცრემლები მტკვარს ერთვოდა. თურმე  მოლარედ მუშაობდა, მამიდამისი კი იმავე დაწესებულების ბუღალტერი იყო. რასაც მამიდა ეუბნებოდა, ქეთინოც იმას აკეთებდა და... მამიდა რომ დაიჭირეს, ეს გოგოც დაუსახელებია, ჩემი თანამზრახველი იყოო. ქეთინოს მამიდაც ჩვენთან იხდიდა სასჯელს და ვერავინ იტანდა იმის გამო, ანგელოზივით გოგო ციხეში რომ ჩაასმევინა. ქეთინოს 6 წელი ჰქონდა მისჯილი.

3 წლის შემდეგ ლილოს დასახლებაში გადაიყვანეს მიმაგრებით. მისი და არ წყვეტდა სასამართლოში სიარულს, რომ როგორმე ეს სასჯელიც მოეხსნათ. სასამართლომ მართლაც  გადაწყვიტა, ქეთინო უდო-თი გაეთავისუფლებინათ... ლილოდან მეგობრებთან ერთად მანქანით წამოსულა. სანამ ქეთინოს შინ მიიყვანდნენ, მანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა და ყველა (4 კაცი) დაიღუპა. კოლონია-დასახლების უფროსმა ღამის 4 საათზე დამირეკა და ეს საშინელი ამბავი შემატყობინა.

ბავშვი პატარა მყავდა და ვერ დავტოვე, დედაჩემი წავიდა ქეთინოს დასთან, რომ ეს საშინელი ამბავი ეცნობებინა. მათ ოჯახში დედაჩემს საშინელი ამბავი დახვდა, ქეთინოს სიკვდილი რომ გაუგია, მისი და ჭკუიდან გადასულა. მისულ ხალხს თურმე ეუბნებოდა, დასხედით და ქეთინოც მალე მოვაო. რატომ დაატყდათ ასეთი უბედურება ამ გოგოებს (გულიკო ნადარეიშვილი ცრემლებს იწმენდს)? ქეთინოს მამიდამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ანგელოზივით გოგო უაზროდ დაღუპა. ყველაზე მეტად ის მაოცებდა, რომ მამიდას ოდნავი დარდიც ვერ შევატყვე ქეთინოს დაღუპვის გამო.

21 წლის ვიყავი, როდესაც ნელი ო. მოიყვანეს. 28 წლისა იქნებოდა, ერთი ლოყა დამწვარი და დამწვრობისაგან თვალის ფორმა შეცვლილი ჰქონდა. ნელი თურმე საყოფაცხოვრებო მომსახურებაში ექსპედიტორად მუშაობდა. სასტუმროებს და აბანოებს ამარაგებდა სხვადასხვა ნივთით. საყვარელი ჰყოლია, ცოლიანი კაცი. ერთ დღესაც თურმე ნელის ხალიჩებით დაუტვირთეს დიდი (სატვირთო) მანქანა.

ხალიჩები სასტუმროებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში უნდა მიეტანა. მან კი "ლევად" გაყიდა და საყვარელთან ერთად გაიპარა ავტომანქანით მოსკოვში. 2 დღის შემდეგ რომ მოუკითხავთ, იმ დროს უკვე მოსკოვის უძვირფასეს სასტუმროში იყო საყვარელთან ერთად.

ნელი ო. მიყვებოდა, სასტუმროში რომ ერთად ვყოფილიყავით, საყვარლის პასპორტიდან მისი ცოლის სურათი ამოვიღეთ და ჩემი ჩავაკარით. ფული ჩეჩქივით მქონდაო. საყვარელს ცისფერი ცინცხალი "ვოლგა" უყიდა. ამასობაში თბილისიდან ახლობელმა შეატყობინა, რომ ეძებდნენ. ნელიმ მიამბო, სალონში მივედი, თმა ქერად შევიღებე, ისეთი მაკიაჟი გამიკეთეს, მთლიანად შევიცვალე, თვალები იმგვარად შემიღებეს, ჩემი ფიზიკური  ნაკლი და დამწვრობა სადღა ჩანდა. სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ვეღარ ვიცანიო. სხვა რას იცნობდა? მოსკოვიდან ლენინგრადში წასულან მანქანით. თეთრ ღამეებსა და ხიდების გახსნას ვუყურებდით, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები იყოო.

ნელის საყვარელი თურმე გამუდმებით რეკავდა ცოლ-შვილთან და არწმუნებდა, მივლინებაში ვარო. თბილისიდან ახლობელმა აცნობა, საქმე ცუდად არის, კაცის კვალზეც გავიდნენ და  ორივეს ოჯახებს აგიწიოკებენო. კაცი ღირსეულად მოიქცა, არ დატოვა ნელი და ერთად ჩამოვიდნენ თბილისში. ბინა დაიქირავა ნელისთვის და ყოველდღიურად აკითხავდა. ქალს აფრთხილებდა, გეძებენ და გარეთ არ გახვიდეო, მაგრამ ქალები ზოგჯერ ძალიან გაუფრთხილებლები ვართ.

ერთ დღესაც ნელი აბანოში წასულა. იქიდან თურმე ტროლეიბუსით ბრუნდებოდა, რომ ბიძაშვილს შეხვედრია. სანამ მოსკოვში გაიქცეოდა, ნელი ამ ბიძის ოჯახში ცხოვრობდა. ბიძაშვილს უთქვამს, ამაწიოკეს, ძალიან შემაწუხეს გამომძიებლებმა, ჩვენი ყოფა აღარ ღირს, გამომძიებელი კარგი კაცია, თუ ფულს დააბრუნებ, არ დაგიჭერენო. ბიძაშვილმა თურმე გამომძიებლის ცოლს დაურეკა და ნელის ადგილსამყოფელი უთხრა. ასე დაუპატიმრებიათ ნელი.

მაშინ ქალაქის მილიციის  სამმართველოს უფროსი გვარად ძლიერიშვილი იყო, ისიც მისულა აყვანის დროს და ნელი რომ დაუნახავს, გაოცება ვერ დაუმალავს, შვილო, სასწორის ერთ მხარეს შენი მიტაცებული ფული რომ დავდოთ და მეორე მხარეს შენ დაგსვათ,  ფული გადაგწონის. სად წაიღე ამდენი ფულიო? ნელის 6 წელი მიუსაჯეს. მისი საყვარელი არ დაუჭერიათ.

ერთი დაბალი, საოცრად შეუხედავი რუსის ქალი იხდიდა კოლონიაში სასჯელს. გვარად ბაგატირიოვა იყო. სახელი არ მახსოვს, რადგან კოლონიაში ყველა "კოვჩიკას" ვეძახდით. თავის ამბავს მომიყვა: დედა და მამინაცვალი მყავდა. 5 წლისა მოსკოვის ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. რამდენიმე წლის მერე დედა მამინაცვალს გასცილდა და სახლში დამაბრუნა. მამინაცვალს გაულოთებია. უსასმლოდ ვეღარ ძლებდა. გარეთ მაგდებდა, სასმელი რომ მომეტანა.

საშინელი სიმთვრალე ჰქონდა დედას, ნასვამი უმოწყალოდ მცემდა. ასეთ მოპყრობას 16 წლამდე გავუძელი, მერე კი სახლიდან გავიქეცი. ღამეს სადგურში ვათევდიო. ერთხელ ვიღაც მამაკაცი მოვიდა, მომეფერა, თბილად მომექცა და დავნებდი. ფული მომცა, ტანსაცმელი და საჭმელი რომ მეყიდა და წავიდა.  ამის მერე ვმეძავობდი და ერთ დღესაც დავფეხმძიმდი. ჩამჩიჩინებდნენ, ბავშვი მომეცილებინა, მაგრამ აბორტის ფულიც არ მქონდა. ბავშვი რომ გავაჩინე, დედამ სახლში არ მიმიშვა.

ამიტომაც ჩვილი გოგონა ბავშვთა სახლში მივიყვანე და 6 წლამდე სულ ვაკითხავდი. ერთი ქალი მეხვეწებოდა, ფულს მოგცემ და მომეცი შენი შვილი, მაგრამ უარი ვტკიცეო. მერე და მერე "კოვჩიკას" შემოსავალი აღარ ჰქონდა. გოგონას ვეღარ აკითხავდა და ბავშვი გაუშვილებიათ.

მე რომ გავიცანი, "კოვჩიკა" უკვე 60 წლამდე იყო. ერთ დღესაც მითხრა, თურმე ჩემი ქალიშვილი მეძებსო და წერილი მაჩვენა. გოგო წერდა, შეიძლLება ჩემი ბიოლოგიური დედა იყოთ და თუ ნებას მომცემთ, თქვენთან ჩამოვალო. გაირკვა, რომ მართლაც ბაგატირიოვას შვილი იყო. ერთ დღესაც "კოვჩიკა" გამოპრანჭული მომადგა, ჩემი ქალიშვილი მოვიდაო. მთელი კოლონია გარეთ გავიდა მისი გოგოს სანახავად. იცით, რა გოგო იყო? ულამაზესი, დედას არაფრით ჰგავდა.

უცებ "კოვჩიკამ" შვილის მიღებაზე უარი თქვა და იცით, რატომ? მოთქვამდა, რომ მნახავს ასეთ მახინჯს, დედად არ მიმიღებსო. გადავირიეთ. ვამშვიდებდით, მაგრამ ქალი გაკერპდა, ისტერიულად ტიროდა და ვერ დავიყოლიეთ. ბოლოს შვილს უთხრეს, დედას რაც აწუხებდა და იცით, რა შემოუთვალა გოგომ? დედა, ცხოველსაც რომ ჰგავდე, ძაღლის თავიც რომ გებას, არ იფიქრო, რომ არ მეყვარები. შენ ხომ ჩემი მშობელი ხარო. ამ სიტყვების მერე გავიდა "კოვჩიკა" შვილთან. 3 დღე "სვიდანიების" ოთახში იყვნენ დედა-შვილი. მთელი კოლონია ხარობდა "კოვჩიკას" ბედნიერებით.

ბოლოს მინდა, მარო ბიბილაშვილის ამბავს მივუბრუნდე, რომელზეც პირველ წერილში გიამბეთ. მარო "შამპანურის საქმეზე" დააპატიმრეს, მაგრამ დანაშაულს არ აღიარებდა. ამიტომაც გამოძიებამ საქმეში აგენტი ჩართო, რომელიც მაროს საკანში შეუშვეს. მიგზავნილმა ქალმა მარო მოატყუა, შენი ქმარი საყვარელთან ერთად კისლოვოდსკში ისვენებსო და დამონტაჟებული ფოტო აჩვენა, სადაც მისი ქმარი ვიღაც ქალთან ერთად იყო.

აგენტმა მუხანათური ტყუილით შეურაცხყოფილ ქალს ათქმევინა, სადაც ჰქონდა დამალული ორი ჩემოდანი ფული. ფულის ადგილსამყოფელი მაროს ქმარს, გოგიასაც სცოდნია და ისიც დაიჭირეს, როგორც თანამზრახველი. მარომ დაასახელა ის პირებიც, რომლებიც უსაქონლო ოპერაციაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ. მისი ჩვენების საფუძველზე 30-მდე კაცი დააპატიმრეს.

ხომ შეიძლებოდა მაროს ქმარი და მაროს ჩვენების საფუძველზე დაპატიმრებულები ერთ საკანში არ შეეყვანათ? მაინცდამაინც მათ საკანში შეიყვანეს და გოგიას შამპანურის საქმის გამო დაპატიმრებულები გაუსწორდნენ. ციხეში გარდაიცვალა საწყალი, მაროს კი ნერვიულობისაგან ორჯერ დაემართა ინსულტი. ქალი საღ-სალამათი შემოვიდა და მძიმე ავადმყოფი გაათავისუფლეს.

ახლახან გავიგე, კოლონიიდან გასვლის შემდეგ მაროს 3 წელი კიდევ უცოცხლია. თურმე იმდენად მძიმედ იყო, ეს პერიოდი სულ საავადმყოფოში გაუტარებია. შვილები ძალიან პატრონობდნენ, მაგრამ მარომ ვეღარ გაუძლო დარდს, ვარამსა და ავადმყოფობას. სამართალდამცავების სისასტიკემ შვილებს ორივე მშობელი წაართვა, მთელი ოჯახი გააუბედურა. რაკი მარო გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ხომ შეიძლებოდა ლმობიერება გამოეჩინათ და აბსოლუტურად უდანაშაულო მამა მაინც არ დაეპატიმრებინათ? სამწუხაროდ, ზოგჯერ ძალიან სასტიკი და დაუნდობელი იყო ჩვენი გამოძიება.

P.S. გულიკო ნადარეიშვილი დამპირდა, რომ კოლონიის ამბებისა და საბჭოთა გამოძიების ლაფსუსებზე თხრობას თავის კოლეგასთან ერთად მომავალ ნომერში გააგრძელებს.