"მამა გაუთავებლად გაიძახოდა, სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება" - კვირის პალიტრა

"მამა გაუთავებლად გაიძახოდა, სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება"

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, სადაც 65 წლის თამაზ ქურციკიძემ 50 წლის მძინარე მერაბ ქურციკიძეს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა. ისინი მეზობლად ცხოვრობდნენ.

მომხდარის შედეგად მერაბ ქურციკიძემ IV-III ხარისხის უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული, სადაც მისი ოპერაცია იგეგმება, თუმცა ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. სოფელ მუხურის რწმუნებულის, ავთანდილ ბოჭორიშვილის თქმით, ბიძაშვილებს შორის დაპირისპირება კარგა ხნის წინ დაიწყო.

ავთანდილ ბოჭორიშვილი:

- საშინელება მოხდა, კაცს მთელი სახე დასხეულის დიდი ნაწილი აქვს დამწვარი, რატომ, რისი გულისთვის? საწყალი მერაბისთანა პატიოსანი და წესიერი კაცი მარტო ჩვენს სოფელში კი არა, ყველგან იშვიათია!

- მართლაც რატომ, რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი.

- თამაზს შარშან 20 წლის ბიჭი გარდაეცვალა. მას გულის პრობლემები ჰქონდა და ზედმეტი წონაც აწუხებდა... მამამისი კი მერაბსა და კიდევ ორ ჩვენს თანასოფლელს აბრალებდა შვილის სიკვდილს, - იმ დღეს ამ სამმა დაუძახა, გაიყვანა სახლიდან, მაგათ რომ არ წაეყვანათ, ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდაო.

იმ საბედისწრო დღეს, მართლაც ამ სამ ადამიანთან ერთად იყო მისი ვაჟი, მაგრამ მალე დაბრუნდა შინ, ისინი საერთოდ არაფერ შუაში იყვნენ მის გარდაცვალებასთან. მამა გაუთავებლად გაიძახოდა, - სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება.

მერაბი იმ დღეს მეზობელთან იყო, ამ უკანასკნელს არაყი გამოუტანია და დაულევიათ. იქედან წამოსული ნასვამი მერაბი, შინ მისვლამდე, გზაზე, სკამზე ჩამოჯდა და ჩამოეძინა. მძინარე ბიძაშვილი თამაზმა სახლიდან დაინახა, საკუთარი ავტომაქანიდან ბენზინი ამოიღო, მძინარეს გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ საკუთარი სახლიდან აკვირდებოდა ბიძაშვილი როგორ იწვოდა.

- დამნაშავე დაკავებულია?

- დიახ. სცადა დამალვა, მაგრამ მალევე იპოვეს.

როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)