"რომ დააგვიანდა, ძებნა დავიწყე, თურმე უკვე გარდაცვლილი მყოლია" - ავტოავარია, რომელსაც მე-11 კლასელი გოგონა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"რომ დააგვიანდა, ძებნა დავიწყე, თურმე უკვე გარდაცვლილი მყოლია" - ავტოავარია, რომელსაც მე-11 კლასელი გოგონა ემსხვერპლა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკით, ოთხი მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგაზაო შემთხვევა, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათგან ორი არასრულწლოვანი.

წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი ქეთი აფრიდონიძე შეეწირა. მათან ერთად კი მძიმედ დაშავდა იმავე ავტომანქანაში მჯდომი მისივე ოთხი თანატოლი.

"ავტომანქანა, რომელშიც სამი არასრულწლოვანი გოგონა და ორი ბიჭი იჯდა, ხეს შეეჯახა. ამ შეჯახებას ქეთი უკვე შეეწირა, დანარჩენები კი მძიმედ არიან. ავტომანქანის საჭესთანაც იჯდა გოგონა, რომელმაც მანქანის ტარება წესიერად არც კი იცოდა! ჰოდა, კარგად მომისმინეთ: ვინც მანქანის ტარება არ იცით, საჭესთან ნუ დაჯდებით და ხალხს ნუ შეიწირავთ, აწი მაინც!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქეთის ერთ-ერთმა მეგობარმა.

- ქეთი უკარგესი, ტკბილი და ჩუმი გოგო იყო, მოსიყვარულე და დამჯერი შვილი. როგორც ირკვევა, ავტომანქანაში ოთხ მის თანატოლთან ერთად იჯდა, რომელსაც არასრულწლოვანი მძღოლი მართავდა.

ქეთის ბებია ამბობს, კერძი გავუცხელე, ისადილე; მერე კი დამიძახა, - ბებო, ცოტახანს ქუჩაში გავალ, მზესუმზირას ვიყიდი და შემოვალო; ძალიან რომ დააგვიანდა, ძებნა დავიწყე და თურმე ამ დროს უკვე გარდაცვლილი მყოლიაო.

გოგონები უბნელები არიან და ცხადია, მოლაპარაკებული ჰქონდათ ავტომობილით გასეირნება, იმიტომ შეიკრიბნენ. ქეთისაც გულმა მეგობრებისაკენ გაუწია, - ეს გასაკვირი არც არის. ამ საბედისწერო წამმა გადაუწყვიტა ყველაფერი.

ქეთის ოჯახში ისეთი ტრაგედია ტრიალებს, რომლის აღწერა შეუძლებელია, - საღსალამათი ბავშვი უცებ დაკარგეს. დანარჩენებიც მძიმედ არიან; როგორც ამბობენ, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ბოძს შეეჯახა და ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა.

პ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს ავტოკატასტროფის 3117 შემთხვევა დაფიქსირდა და 345 ადამიანი გარდაიცვალა; 2017 წელს ავტოკატასტროფის 2605 შემთხვევა მოხდა და 322 კაცი დაიღუპა; 2018 წლის მხოლოდ იანვრში კი ავტოკატასტროფის 466 შემთხვევაა მომხდარი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)