"ცოცხლები კი არიან, მაგრამ ოთხივე დაჭრილი ციხეშია" - რატომ დააკავეს ქართველები პოლონეთში? - კვირის პალიტრა

"ცოცხლები კი არიან, მაგრამ ოთხივე დაჭრილი ციხეშია" - რატომ დააკავეს ქართველები პოლონეთში?

თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 4 ქართველი, 7 უკრაინელი და 1 მოლდოველი დააკავეს. ადგილობრივი მედია ამტკიცებდა, რომ ისინი პოლიციელებს დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, ამ ბრალდებით რვა მათგანს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც ირკვევა დაკავებული ქართველები ამ ინციდენტისას პოლიციელებმა დაჭრეს.

პოლონეთის ციხეში გამოკეტილი საქართველოს 4 მოქალაქე სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. შემთხვევა ქალაქ ზგიეჟში მოხდა. დაკავებული ბიჭების ოჯახის წევრებმა მომხდარი შემთხვევით შეიტყვეს და მას მერე შვილებზე ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ცნობილია, რომ ყველაზე მძიმედ დაჭრილი 33 წლის გოგა გოგალაძეა, ის დედისერთაა. ოჯახმა პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიმართა. თუმცა, ამბობენ, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. გოგას დედის თქმით, მისი შვილი სამუშაოდ ბანკიდან გამოტანილი ფულით წავიდა. მასთან ერთად არის მისი მეგობარი ნიკა ქუჩუკიანი. ორივე ქარელის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. კიდევ დაკავებულია ორი ახალგაზრდა, ისინი ბიძაშვილები არიან.

დაკავებული ბიჭების ინტერესების დასაცავად პოლონეთში ადვოკატი ლედი ტუკვაძე რამდენიმე დღეში ჩავა და პოლონელ კოლეგებთან ერთად ჩაერთვება საქმეში. ის მოინახულებს დაკავებულებსაც. ადვოკატი ტელეფონით ესაუბრა იქაურ კოლეგებს და დარწმუნებულია, რომ პოლიციელებმა თავიანთ უფლებებს გადაამატეს:

"ბიჭები სამუშაოდ პოლონეთში ჩავიდნენ. ვარშავაში დამსაქმებელმა ამუშავა, მაგრამ ფული არავინ გადაუხადა. პატიოსანი, მშრომელი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთი შრომის საზღაურიც ვერ მიიღეს. სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვა ქალაქში გადავიდნენ სამუშაოდ და ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. ოჯახის წევრებთან აგზავნიდნენ ფოტოებს და ამბობდნენ, რომ ამჯერად სიტუაცია ნორმალური იყო, იმედი ჰქონდათ, იქ მაინც მიიღებდნენ ანაზღაურებას. იმ დღეს სამუშაო ტანსაცმელები ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებს და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. პოლიცია გამოუძახია ვიღაცას და მოჩხუბრებს თავზე პოლიცია დაადგა, რომელმაც იარაღი გამოიყენა.

დაჭრილია 4 ქართველი, ითქვა, თითქოს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ტყუილია. არანაირი იარაღი ჩვენს ბიჭებს არ ჰქონიათ, ჭუჭყიანი სამუშაო ტანსაცმლით იყვნენ იქ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ახლა ამ ბიჭებს დაცვა სჭირდება. იმედია, საკონსულო აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და დავიცავთ მათ უფლებებს. დაკავებულებს შეუბღალავი წარსული აქვთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია იქ უპატრონოდ დარჩენილი და მათ მიხედვა სჭირდება. მე ორი ახალგაზრდის ინტერესს დავიცავ", - გვითხრა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

ნიკა ქუჩუკიანის მამა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულოს და სახალხო დამცველის აპარატს საქმეში ჩართვას და დახმარებას სთხოვს.

ჯონდო ქუჩუკიანი:

- ჩემი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. რადგან მშრომელი, უკონფლიქტო ახალგაზრდაა. იქ არ წასულა ქურდობისა და ცუდი საქმისთვის, აქ რომ არ იყო პირობები, იმიტომ გადაწყვიტა წასვლა. მისი უახლოესი მეგობარი და თანაკლასელია გოდერძი (გოგა) გოგოლაძე.

24 დეკემბერს წავიდნენ პოლონეთში, დამსაქმებელმა ამუშავა თვეზე მეტი, მაგრამ თანხა არ გადაუხადეს, ვერაფერს გახდნენ, შეუშინებიათ, პოლიციას მოვიყვანთ და ვიტყვით, რომ არალეგალურად მუშაობთო. წავიდნენ იმ ქალაქიდან სხვაგან, ახლა ქარხანაში მუშაობდნენ. ორი თვე ვიქნებით, ცოტა ფულს მოვაგროვებთ და წამოვალთო. არ უნდოდათ ვიზის დარღვევა და აქეთ ველოდებოდი.

იქვე ქარხანასთან ყოფილა მაღაზია იქ შესულან და უკრაინელებს დაუწყიათ ჩხუბი. კონკრეტულად რა მოხდა, უცნობია. სულ 13 კაცი ყოფილა. პოლიციამ იარაღი გამოიყენა. ოთხივე დაჭრილი ქართველია.

გოგოლაძე იმდენად მძიმედ იყო დაჭრილი ოპერაცია დასჭირდა. არ ვიცი ჩემი შვილი როგორ არის. ეს ამბავიც შემთხვევით გავიგეთ, შევშინდით ბიჭები რომ არ გამოჩნდნენ. დაჭრილები ციხეში არიანო, ვითხოვთ მთავრობა დაგვეხმაროს, უპატრონოდ ნუ დაგვიტოვებთ ჩვენს ბიჭებს. პატიოსანი შვილი მყავს, აქ ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. აქ რამდენჯერმე სიკვდილს გადაურჩა, ოსებმა "პიკაპები" რომ ააფეთქეს, მაშინ იქ იყო და მასზე ყველა საუბრობდა. ცუდს ვერავინ იტყვის, მშრომელი ხალხია. მთავრობა იქნებ დაგვიდგეს გვერდზე, ვემუდარები ყველას დამეხმარეთ სიმართლის პოვნაში. ახლა იმას ვნატრობ ჩემი შვილის ხმა გავიგო. 23 დღეა ასეთ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ დახმარებას.

გოჩა ღვინიაშვილი:

- გოდერძი გოგალაძე ჩემი დეიდაშვილია. ავადმყოფი დედა ჰყავს, გოგა ერთადერთი შვილია. ამ ამბის გაგების შემდეგ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მე ვაკითხავ და თვალცრემლიანი მარტო ამას ამბობს, დამეხმარეთ, ჩემი შვილის ამბავი გამაგებინეო... სამსახური არ გვაქვს და ამიტომ წავიდნენ სოფლიდან ბიჭები. ცუდ საქმეს არ ჩაიდენდნენ ამაში დარწმუნებული ვარ. ვთხოვ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია დაგვეხმაროს. საელჩოსგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ცოცხლები არიან და ოთხივე დაჭრილი ციხეშია. იქნებ იპოვონ ბიჭებმა სამართალი.

საკონსულოში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმის კურსში არიან. ოთხივე დაჭრილი ციხეში იმყოფება და არც ერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო