შაქრო კალაშოვს 9 წლითა 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს? - კვირის პალიტრა

შაქრო კალაშოვს 9 წლითა 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს?

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "კანონიერ ქურდს" შაქრო კალაშოვს ("შაქრო მალადოი") რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვის გამო, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კალაშოვის დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

"განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ჩვენ მას გავასაჩივრებთ", - განუცხადა "რია ნოვოსტის" კალაშოვის ადვოკატმა თენგიზ პაპასკუამ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს რესტორან Elements- თან დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი რესტორნის მეპატრონე ჟანა კიმი და დიზაინერი ფატიმა მისიკოვა გახლდათ - ჟანა უკმაყოფილო იყო მისიკოვას მუშაობით და უარი განაცხადა მისთვის ფული გადაეხადა.

გამოძიების მტკიცებით, რესტორანში შაქრო კალაშოვის ხალხი მივიდა, მათ შორის იყო ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე "იტალიელი". ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა.

საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა, ხოლო თანხით უკმაყოფილო მისიკოვამ, კალაშოვის ხალხთან ერთად, ჟანა კიმს 8 მილიონი რუბლის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ ჟანა კიმი თავის ადვოკატს, გადამდგარ პოლკოვნიკს ედუარდ ბუდუანცევს დაუკავშირდა, რომელიც რესტორანში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა, სადაც ჟანას ადვოკატმა 2 ადამიანი დაჭრა. კალაშოვი კი მის ხალხთან ერთად დიდძალი თანხის გამოძალვის გამო დააკავეს. ბუდანცევი 2 კაცის მკვლელობის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ მუხლი შეუცვალეს. (იხილეთ სრულად)

იხილეთ: "მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?