"ბახალა" და "კომპანიონები" - კვირის პალიტრა

"ბახალა" და "კომპანიონები"

ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე ნასამართლევია და ციხე ამნისტიის შემდეგ დატოვა

საზოგადოებას ახსოვს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") ხმაურიანი სასამართლო პროცესი. მაშინ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. "ბახალას" მეგობრებმა მაშIინ აქციებიც კი გამართეს და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, დღეს კი ირკვევა, რომ მდგომარეობა უფრო რთულია: სამართალდამცველების მტკიცებით, "ბახალა" ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო. მას ბრალი დაუმძიმდა და ახლა ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენასაც ედავებიან. დააკავეს გიორგი გიორგანაშვილის მეგობარი ირაკლი ქორიძეც - დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული "კატასტროფის მედიცინის ცენტრის" ყოფილი დირექტორი. მათ ბრალად ედებათ საქართველოში 900 აბი სუბოტექსის შემოტანა. იმასაც ამბობენ, რომ გიორგანაშვილსა და ქორიძეს საერთო ბიზნესი ჰქონდათ და ელექტროსიგარეტების მაღაზიის გახსნასაც აპირებდნენ.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის გახსნას ხელი შეუწყო ამ საქმეში გარეულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა - რეანომობილის მძღოლმა ჯაბა ხულორდავამ. მან განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებები თურქეთში "ბახალამ" გადასცა, არადა, ადვოკატი გიორგი მახარაძე ირწმუნება, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს და ამ გზით მეგობრის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ: "უნდა ეთქვა, რომ ის ნარკოტიკები, რომელიც რეანომობილის მძღოლის საქმეში ფიგურირებს, ირაკლი ქორიძეს"ეკუთვნოდა".

ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ქორიძე ნარკოდანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს და დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

სამართალდამცველთა მტკიცებით, სწორედ ქორიძე იყო ჯგუფის ორგანიზატორი, სქემა კი ასეთი იყო: 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, უცხოეთიდან უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება... გამოძიების ცნობით, გიორგანაშვილი გაემგზავრა საზღვარგარეთ და უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი 900 აბი ნარკოტიკული საშუალება. საქართველოში შემოსატანად გეგმა ქორიძემ შეადგინა. 2017 წლის იანვრიდან ის, ფაქტობრივად, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა შპს "კატასტროფის მედიცინის ცენტრში". ამ ცენტრს პაციენტები რეანომობილებით გადაჰყავდა როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. ქორიძემ მძღოლად მუშაობა დააწყებინა ჯაბა ხულორდავას, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო ტრაპიზონში, სადაც გიორგანაშვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გადასცემდა... გამოძიების ვერსიით, ქორიძის მითითებით, მძღოლი დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ გადაყვანა არ სჭირდებოდა, თუმცა მაინც დაიყოლიეს, გაჰყოლოდა მათ ტრაპიზონში, სადაც სისხლის ანალიზს აუღებდნენ... ქორიძემ დანაშაულებრივი სქემის შესანიღბად "პაციენტს" ცენტრის ექიმი და ექთანიც გააყოლა... გზაში რეანომობილი გაფუჭდა. ექიმსა და ექთანს უკან დაბრუნება სურდათ, რადგან პაციენტს სისხლის ანალიზის სასწრაფოდ აღება არ სჭირდებოდა, მაგრამ ქორიძემ ისინი თბილისში არ დააბრუნა. მან "კატასტროფის მედიცინის ცენტრის" ახალციხის ფილიალიდან გამოიძახა სხვა რეანომობილი, სადაც გადასხდნენ. მძღოლი ხულორდავაც მათ გაჰყვა. ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ხულორდავა შეხვდა "ბახალას", რომელმაც მას 900-მდე აბი გადასცა. ეს წამლები მძღოლმა რეანომობილის სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მათ სარფის გავლით საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა შეძლეს, თუმცა, ხულორდავა მაინც დააკავეს და ნარკოტიკული აბებიც ამოიღეს. ის, "ბახალას" მსგავსად, უკვე გაასამართლეს და შვიდი წელიც მიუსაჯეს. როგორც ჩანს, სწორედ ის ალაპარაკდა, სქემა დეტალურად ახსნა და ორგანიზატორად ქორიძე დაასახელა. ალბათ, ამ თანამშრომლობისთვის პროკურატურა მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს...

რა ჩვენებას მისცემს ქორიძე, მალე გაირკვევა. ადვოკატი აცხადებს, რომ ის დანაშაულს არ აღიარებს, ამ სქემასთან კავშირი არ აქვს და რომ ხულორდავამ ეს ვერსია თავის გადასარჩენად შეთხზა.

"კატასტროფის მედიცინის ცენტრში" მომხდარზე არაფერს ამბობენ. აცხადებენ, რომ ირაკლი ქორიძე ყოფილი ხელმძღვანელია და ახლა ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ.