ერთობლივად შეთითხნილი "სიგიჟე", ანუ ექსპერტ-ფსიქოლოგთა, მოსამართლეთა და პროკურორთა მაფია - კვირის პალიტრა

ერთობლივად შეთითხნილი "სიგიჟე", ანუ ექსპერტ-ფსიქოლოგთა, მოსამართლეთა და პროკურორთა მაფია

5 ივლისს სამართალდამცველებმა მიხ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექსპერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ფსიქიატრებს: მერაბ ქორჩილავას (საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე), გიორგი ნანეიშვილს, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას, თეიმურაზ სილაგაძესა და თამარ გოჩიტაშვილს ბრალად მექრთამეობა,  მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და ყალბი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღება დაედოთ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ყალბი დასკვნა გასცეს შპს "ელიზის" დირექტორ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟის, მკვლელობაში მსჯავრდადებულ გურამ ელიზბარაშვილის საქმეზე, - ექსპერტებმა დასკვნაში მიუთითეს, რომ გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო.

ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები: პატიმრის მამა თამაზ ელიზბარაშვილი, სიმამრი ზურაბ ივანიშვილი, მეუღლე სალომე ივანიშვილი და თამაზ ელიზბარაშვილის ბიზნესპარტნიორი თეიმურაზ მაჭავარიანი. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შვილის სასჯელის გადავადებისთვის საჭირო შეურაცხადობის დასკვნის მისაღებად, რძლის - სალომე ივანიშვილი-ელიზბარაშვილისა და მამამისის - ზურაბ ივანიშვილის მეშვეობით 2010 წლის 3 ივლისს 2.000 აშშ დოლარი გადასცა მიხ.

"ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის" დირექტორს (ექსპერტიზის დარგში) თეიმურაზ ხარებავას. თამაზ ელიზბარაშვილს უნდა მიეღო კიდევ ერთი ყალბი დასკვნა, რადგან 2005 წელს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეჟიმის შეცვლის დროს, ექსპერტთა სხვა კომისიამ მისი შვილი გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო.

KvirisPalitra.Geცნობისათვის: სამართალდამცავთა ვერსიით, ექსპერტებს თამაზ ელიზბარაშვილმა ყალბი დოკუმენტისთვის პირველად  2003 წელს მიმართა. მაშინ თამაზ ელიზბარაშვილი მეგობრის, თემურ მაჭავარიანის მეშვეობით დაუკავშირდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს გოგი ნანეიშვილს და თემურ ხარებავას, რომლებმაც 30 ათასი ლარი მოითხოვეს. აქედან 10 ათასი ლარი, ჯანდაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე მერაბ ქორჩილავასთვის უნდა გადაეხადათ. ქორჩილავას 10 ათასი ლარი გადასცეს, 20 ათასი ლარი კი ექსპერტებმა გაინაწილეს...

თამაზ ელიზბარაშვილს, თემურ მაჭავარიანსა და ზურაბ ივანიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ, პატიმრობაში დატოვეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეც. ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს  გოგი ნანეიშვილს, თემურ სილაგაძესა და ზურაბ ბერიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს და საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამო მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ თბილისის ყოფილმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის გაყალბების გამო თერთმეტი დამოუკიდებელი ექსპერტ-ფსიქიატრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ პროკურატურამ ვერაფერი დაამტკიცა. პირიქით, ექსპერტებმა იქით უჩივლეს პროკურორს და ვალერი გრიგალაშვილი განსხვავებული აზრის გამო დევნაში დაადანაშაულეს.

ექსპერტ-ფსიქიატრების თქმით, მათი დევნა გრიგალაშვილმა სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ მისი დაკვეთა (ბრალდებულ სამსიანისთვის დასკვნაში დაეწერა "ჯანმრთელი") არ შეასრულეს. სხვათა შორის, მაშინ ექსპერტებს ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე შეურაცხადობის დამადასტურებელი 65 ყალბი დასკვნის გაცემას ედავებოდნენ.

სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპერტებზე ატეხილი სკანდალის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით შეიქმნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი და ხელმძღვანელად სწორედ მერაბ ქორჩილავა დაინიშნა! სხვათა შორის, ჯანმრთელი დამნაშავეების "გაგიჟება" მხოლოდ ექსპერტ-ფსიქიატრთა კისერზე არ არის. იმისთვის, რომ გიჟის საბუთი გამოიყენო, მისი ნამდვილობა ჯერ პროკურატურამ უნდა ირწმუნოს, შემდეგ კი მოსამართლემაც დაიჯეროს.

ექსპერტ-ფსიქიატრები კი არასდროს არღვევენ დაუწერელ კანონს - "საქმე" უნდა აკეთო პროკურატურასა და სასამართლოსთან ერთად, თორემ გარიგებიდან არაფერი გამოვა. ასე რომ, სადაც ექსპერტ-ფსიქიატრთა პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება, იქ არც მოსამართლეებისა და პროკურორების დავიწყება იქნება.

* * *

2001 წლის 19 მაისს მიხეილ ცილიკიშვილი მეთვრამეტე დაბადების დღეს აღნიშნავდა. ცილიკიშვილს მშობლების, დისა და მეგობრების თვალწინ ესროლეს და მოკლეს.

ნანა ცილიკიშვილი, მიხეილ ცილიკიშვილის დედა: - მკვლელობის შემდეგ გურამ ელიზბარაშვილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმალებოდა, ის 2002 წლის 30 ნოემბერს დააპატიმრეს. ადვოკატის შუამდგომლობით მას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკური აშლილობა ან ჭკუასუსტობა არ აღენიშნებოდა, მაგრამ დასკვნა მალე შეიცვალა.

ჩემი ვაჟი თვეების მოკლული იყო, როცა თამაზ ელიზბარაშვილს გამომძიებლის კაბინეტში შევხვდი. თვითონვე მითხრა, არ მინდა, მატყუარა კაცი გეგონოთ, პირდაპირ გაგიხსნით კარტს და მორიგებას გთავაზობთო. თანხა არ დაუსახელებია, მაგრამ მზად იყო, რამდენსაც მოვისურვებდით, იმდენი გადაეხადა და როცა ცივი უარი ვტკიცე, პირდაპირ მითხრა, ჩემს შვილს თეთრ ბილეთს გავუკეთებ და ამ საქმეს თავს დააღწევსო. მოგვიანებით, როცა გურამ ელიზბარაშვილი დაიჭირეს, მან კიდევ ერთხელ შემომთავაზა გარიგება ადვოკატის პირით. ჩემს მეუღლეს ნერვიულობის გამო ძვლის ტვინის სიმსივნე განუვითარდა.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ იყო, სწორედ მაშინ მოგვადგა ადვოკატი და გვითხრა, აიღე ფული, თორემ ეგ ქმარიც მოგიკვდება და ხახამშრალი დარჩები, რადგან გურამს სამ თვეში მაინც გამოვიყვანო. ვინ აღარ ჩარიეს მორიგების საქმეში: საერთო ნაცნობები, მეზობლები, ბოლოს კი ვაკე-საბურთალოს პროკურორის ერთ-ერთმა ყოფილმა მოადგილემ დედაჩემიც კი დაიბარა. უთხრა, აიღეთ ფული, მორჩით ამ საქმეს და მერე, თუ მაინცდამაინც შურისძიება გინდათ, მაგის თავიდან მოშორებას ხუთი ათასი დოლარიც ეყოფაო(!). მაშინ მივხვდი, რომ დიდი ბრძოლა მელოდა.

გურამ ელიზბარაშვილი ექიმ-ფსიქიატრების: გოგი ნანეიშვილის, თემურ სილაგაძის, თემურ ხარებავას, ზურაბ ბერიასა და ნინო ოკრიბელაშვილის დასკვნით "შეურაცხადი" აღმოჩნდა. რამდენჯერმე გავასაჩივრეთ, მაგრამ ბოლოს უზენაესი სასამართლოს ხელშეწყობით ელიზბარაშვილის "შეურაცხადობა" უდავო ჭეშმარიტებად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ელიზბარაშვილის "შეურაცხადობაზე" ხელმომწერი ფსიქიატრები აღარ იყვნენ ექსპერტიზის კომისიაში და საექსპერტო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებაც აკრძალული ჰქონდათ, ნანეიშვილი მოსამართლე ქოიავამ პირველივე სხდომაზე მოიწვია, როგორც ექსპერტ-ფსიქიატრი(?!). მოსამართლემ არც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება გაითვალისწინა და არც ის, რომ ჩვენ პრეტენზია სწორედ ნანეიშვილთან გვქონდა.

ერთი სიტყვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ექსპერტიზის ჩატარება ისევ ფსიქიატრიის ინსტიტუტს დაავალა, მაშინ როდესაც უკვე არსებობდა ინსტიტუტთან არსებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ახალი განყოფილება. 2004 წელს ელიზბარაშვილს შეუფარდეს კიდეც იძულებითი მკურნალობა ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2005 წლის 22 დეკემბერს ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა დევდარიანმა შუამდგომლობით მიმართა ფოთის სასამართლოს, - ელიზბარაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანაო. სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექსპერტიზის ჩატარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დაავალა.

საბოლოოდ კომისიამ დაასკვნა, რომ გურამ ელიზბარაშვილი ქრონიკული ფსიქიკური აშლილობით დაავადებული არ არის და ის ციხეში გადაიყვანეს.

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, ეს საქმე თითქოს მიივიწყეს და ჩანს, ელიზბარაშვილებმა ნაცადი ხერხის გამოყენება განიზრახეს, მაგრამ გარიგება ვიღაცამ გათქვა. ვინ, პროკურატურა საიდუმლოდ ინახავს.

P.S.  წლების წინ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტს 24-ვე ექსპერტ-ფსიქიატრის მამხილებლი დოკუმენტები ჰქონდა, მაგრამ, როგორც მაშინ ამ დეპარტამენტის აწ გარდაცვლილმა ხელმძღვანელმა თეიმურაზ კობახიძემ მითხრა, მისი ბრძოლა ექსპერტ-ფსიქიატრების მაფიასთან იმით დასრულდა, რომ დეპარტამენტი, ანუ ექსპერტ-ფსიქიატრების მაკონტროლებელი ორგანო გააუქმეს. მაშინ ბატონმა თეიმურაზმა მეტად საინტერესო რამ მიამბო: "მოქალაქე გ.ტ.-მ ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილი მანანა შევარდნაძე მოსკოვში გაიცნო და დაუმეგობრდა.

როცა შევარდნაძეები საქართველოში დაბრუნდნენ, მან მანანა შევარდნაძის ნახვა მოისურვა და კრწანისის რეზიდენციაში მიაკითხა. დაცვამ მანანა შევარდნაძესთან არ შეუშვა, რის გამოც გ.ტ.-ს დაცვის წევრებთან ჩხუბი მოუვიდა. ის სასტიკად სცემეს, მალე კი ექსპერტ-ფსიქიატრებმა შეურაცხადობა დაუდგინეს. დავიბარე თემურ სილაგაძე (ექსპერტ-ფსიქიატრი) და ვკითხე, გამაგებინეთ, ამ კაცს სიგიჟე რატომ დაუდგინეთ-მეთქი? ოო, ეგ მამალი გიჟია, მანანა შევარდნაძე უყვარსო.

გადავირიე კაცი, სიყვარული თუ სიგიჟის მაჩვენებელი იყო, არ მეგონა. ბოლოს სილაგაძე გამომიტყდა, რომ დავწერო გ.ტ. ნორმალურია, მომხსნიანო. აი, ასეთი რამეები ხდება ფსიქიატრიაში და კიდევ გიკვირთ რამეო?"

KvirisPalitra.Ge"ძირს დაცემულს მივვარდი... ჩემი შვილი უკვე მთლად თეთრი და გაშეშებული იყო"

2001 წელს ჟურნალი "გზა" ამ გახმაურებული მკვლელობის შესახებ დეტალურად წერდა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

2001 წლის 19 მაისს თბილისში საშინელი მკვლელობა მოხდა. 18 წლის მიშა ცილიკიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ფიზიკის ინსტიტუტის ეზოში მდებარე საბანკეტო დარბაზში მართავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მისი და - თეა ცილიკიშვილი: გოგონას ტყვია მხოლოდ იმიტომ ასცდა, რომ სროლის მომენტში მან ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს დაეცა. მათი ბიძა - ნუგზარ ცილიკიშვილი კი ფეხში დაიჭრა და არტერია დაუზიანდა.

დაზარალებულთა ვერსიით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ფირმა "ელიზის" პრეზიდენტის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილი - 19 წლის გურამ ელიზბარაშვილია.  წინასწარი გამოძიების ვერსიით, მკვლელობა გოგონას - ნანა ბაქრაძის მიზეზით მოხდა. იგი მიშა ცილიკიშვილის შეყვარებული იყო, გურამ ელიზბარაშვილი კი მისი თაყვანისმცემელი გახლდათ.

ნანა ცილიკიშვილი, მოკლულის დედა:

"ნანა ბაქრაძე მიშიკოს სულ სამი თვის გაცნობილი ჰყავდა. თუმცა, ამ პატარა დროის განმავლობაში ჩემმა შვილმა მისი უზომოდ შეყვარება შეძლო. 19 მაისს მიშიკო 18 წლის გახდა. დაბადების დღეზე, რა თქმა უნდა, ნანაც იყო დაპატიჟებული.

გურამ ელიზბარაშვილს არც მე, არც ჩემი შვილი, არ ვიცნობდით.  როგორც ვიცი, ნანა მიშიკოს ეუბნებოდა - ელიზბარაშვილს ბავშვობიდან მოვწონვარ, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული დამდევს, მოსვენებას არ მაძლევსო...

საღამოს 8 საათი იყო, როცა მიშიკო ზოგიერთი სტუმრის  გასაცილებლად საბანკეტო დარბაზის ეზოში გავიდა. სწორედ ამ დროს, თეთრი "ნივიდან" ოთხი უცნობი ბიჭი გადმოსულა. ჩოჩქოლი რომ ატყდა, მეც გარეთ გავედი. მიშიკოს გვერდით ვიდექი, როცა მან ყავარჯნიანს (ელიზბარაშვილს) უთხრა - ვინა ხარ, რა უბნელი ხარო? ელიზბარაშვილმა მის თანმხლებ ბიჭებს გადაულაპარაკა - ეს ვერაზე ძალიან "გაბლატავდა" ერთი, ჭკუა ვასწავლოთ, ამის დედაო..."

ერთმანეთის მიყოლებით გაისროლა  - ექვსჯერ! მე უცებ მიშიკოს შევხედე, პირველ გასროლაზე არაფერი დასტყობია, მეორეზე და მესამეზე - თვალები გადმოატრიალა, ხელი უკან, თირკმლის ადგილზე მოიკიდა და თქვა - ვაიმე, მესროლესო - და მაშინვე უგონოდ დაეცა, ძირს დაცემულს მივვარდი, ჩემი შვილი უკვე მთლად თეთრი და გაშეშებული იყო.

თვითმხილველთა თქმით, სროლის მომენტში ელიზბარაშვილის თანმხლები სამი ბიჭი მაშინვე გაიქცა. მიშა ცილიკიშვილის დაცემის შემდეგ, ელიზბარაშვილიც გაშორდა იმ ადგილს, თუმცა მას გარდაცვლილის და გაეკიდა. უყვიროდა - მობრუნდი, ვის ესროლე? ეს რა ჩაიდინეო?! ამ სიტყვებზე ელიზბარაშვილი გოგონასკენ შემობრუნდა და პისტოლეტი მასაც დაუმიზნა. გასროლის მომენტში თეა ცილიკიშვილმა შემთხვევით ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს დაცემულს, ტყვია ასცდა. ამის შემხედვარე ბიძა მისკენ გაემართა, ელიზბარაშვილმა მისი მიმართულებითაც გაისროლა. ნუგზარ ცილიკიშვილს ტყვია ფეხში, არტერიაში მოხვდა.

თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ ოთხივე ახალგაზრდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, საქმე ელიზბარაშვილის ერთ-ერთი თანმხლების მამამ გახსნა. შვილისგან მომხდარის შესახებ შეიტყო თუ არა, იგი მაშინვე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა და ახსნა-განმარტება დააწერინა. მან დანარჩენ პირთა ვინაობაც დაასახელა.

დამნაშავე შესაძლოა სასჯელს ასცდეს, მაგრამ მის შიშს ვერსად გაექცევა

სენეკა

მეგი ცანავა ჟურნალი "გზა", 2001. #21