"სიმართლის თქმას არ მოვიშლი" - კვირის პალიტრა

"სიმართლის თქმას არ მოვიშლი"

"რაკი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამსრისეს, ახლა ჩემი მოსპობა აქვთ გადაწყვეტილი"

16 ივლისს ნუგზარ ნაჭყებიას სასამართლო პროცესი განახლდება. პატიმრობა ემუქრება კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც  უშიშროების ოდეერებს ზოგიერთი თანამდებობის პირის საწინააღმდეგო აქტების დაწერის დაკვეთაში ამხელდა.

თავის მხრივ, პროკურატურამ ნაჭყებიას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი. "კვირის პალიტრამ" კიდევ ერთხელ გაიხსენა იმ საქმის დეტალები, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალ სასამართლო პროცესზე განიხილავენ.

ნუგზარ ნაჭყებია: - გახსოვთ, ხელისუფლება სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროს ბიძინა გიორგობიანს რატომ გადაეკიდა? გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მივლინებული კუდ-ის მაიორი გოგიტა პაპაშვილი და მასთან ერთად სხვა უშიშროების თანამშრომლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ხეტყით უკანონო ვაჭრობის საქმეს კურირებდნენ, რაც ითვალისწინებდა უსაქონლო ოპერაციებს, თანხების ჩამოწერასა და სხვ.

სწორედ იმ დროს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხეტყის უკანონოდ ჭრამ იმატა. ბიძინა გიორგობიანმა თავისი განკარგულებით ეს შავი ბიზნესი შეაჩერა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ვაჭრობა აკრძალა, მანვე უარი განაცხადა ტყეების პრივატიზების ბენდუქიძისეულ გეგმაზე, სწორედ ამის შემდეგ დამავალეს მასზე ისეთი აქტის დაწერა, რომლითაც მას ადვილად მოიცილებდნენ თავიდან.

ალბათ, ყველას ახსოვს, რომ ეს საქმე გავახმაურე და პროკურორ დავით კორძაიასაც მივმართე, მან კი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დამადანაშაულა და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი პუნქტით წამიყენა ბრალი.

- მაგრამ გიორგობიანზე შეტევას წინ უძღოდა ხეტყის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში შემჩნეული პირების დაკავება.

- დიახ, დააკავეს ვინმე რაისიანი და მოვსესიანი, რომლებიც კომუნისტების დროიდან ამ შავ ბიზნესს ეწეოდნენ. ისინი პარლამენტის წევრებიც იყვნენ. ჯერ ერთი, გიორგობიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან ორიოდე კვირაში გახმაურდა ამ 2 პირის დაკავების ამბავი, ე.ი. ლოგიკურად, ამ შავ საქმეში რაისიანი და მოვსესიანი მანამდე უნდა ყოფილიყვნენ შემჩნეული, როცა ჯერ კიდევ გერმანიაში ცხოვრობდა გიორგობიანი...

- თქვენი აღიარების შემდეგ, თუ როგორ ავალებდნენ უშიშროებისგან ჩანერგილი ოდეერები კონტროლის პალატის თანამშრომლებს ზოგიერთი თანამდებობის პირის "გაფუჭებას", არაერთ პერსონაზე ზეწოლა ხომ არ მოხდა?

- დიახ, არაერთი ადამიანი დაზარალდა. თუნდაც ხათუნა ტყეშელაშვილი. საქმე ის არის, რომ უშიშროების შეკვეთილი და კონტროლის პალატის მიერ შედგენილი გიორგობიანის საწინააღმდეგო აქტი შეამოწმა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიურომ, კერძოდ, ექსპერტმა ხათუნა ტყეშელაშვილმა და დასკვნაში დაადასტურა კონტროლის პალატის დასკვნის სიყალბე. Aამის შემდეგ ხათუნა ტყეშელაშვილი ჯერ თანამდებობიდან მოხსნეს, შემდეგ კი აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო.

- როგორ ფიქრობთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს?

- ეს საქმე, მგონი, ჩემი შვილიშვილების ხნის არის, ისინი კი მალე სკოლაში შევლენ. რატომ გავახსენდი სწორედ ახლა ხელისუფლებას, ვერ გეტყვით. ფაქტია, სასამართლო უწყება მომივიდა და განსასჯელის სახით გამომიძახეს. დარწმუნებული ვარ, იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე მაკა გველესიანი, რასაც დაავალებენ. ვფიქრობ, ხელისუფლებას არ მოეწონა ჩემი პოლიტიკური აქტივობა. რამდენიმე წელია, რაც საპროტესტო აქციებს ვესწრები.

როგორც ჩანს, რაკი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამსრისეს, ახლა ჩემი მოსპობა აქვთ გადაწყვეტილი. ამიტომ ვაცხადებ: ვიდრე ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, სიმართლის თქმას არ მოვიშლი!

რატომღაც მგონია, რომ ქალბატონ მაკა გველესიანს ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დააწინაურებენ. თუ გნებავთ, დააკვირდით, აუსრულდება თუ არა მას ჩემი "წინასწარმეტყველება". მე მაინც ვაპირებ სასამართლოზე შუამდგომლობის დაყენებას, რათა გამოიძახონ და დაჰკითხონ ყველა ის პირი, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ საქმეში იყვნენ გარეული, კერძოდ, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. სხვა საკითხია, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო შუამდგომლობას.

- მოითხოვთ თუ არა, მოწმის სახით დაიკითხოს გოგიტა პაპაშვილი, რომელთანაც თქვენი საუბრის ფარული ჩანაწერი გახმაურდა ვახტანგ კომახიძის ფილმში?

- აუცილებლად მოვითხოვ.

როგორც მოგახსენეთ, პაპაშვილი გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ოდეერად იყო ჩანერგილი. მაშინ, როცა ვახო კომახიძე გიორგობიანის საქმეზე ფილმს იღებდა, ფარულად ჩავწერე პაპაშვილთან ჩემი საუბარი. ჩანაწერში მას ვეკითხები: აი, ხომ ხედავ, სამსახურიდან გამათავისუფლეს. არადა, როგორც ვატყობ, გიორგობიანი პატიოსანი კაცია. რატომ მავალებდით მისი საწინააღმდეგო აქტის დაწერას, ეს თქვენგან მოდიოდა-მეთქი? "ზემოდან!" - მპასუხობს ის. ვეკითხები: "მინისტრი თუ იყო საქმის კურსში?" "კი", - მეუბნება პაპაშვილი. რამდენჯერაც დავუსვი ეს შეკითხვა, იმდენჯერვე იგივე პასუხი გამცა.