"ეს არის გაფრთხილება რუსეთისთვის, - ძალიან ნუ "გაგულავდებითო" - კვირის პალიტრა

"ეს არის გაფრთხილება რუსეთისთვის, - ძალიან ნუ "გაგულავდებითო"

2010 წლის ივნისის ბოლოს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ათი რუსი ჯაშუში დააკავა. ეს საერთაშორისო სკანდალი იყო, მით უმეტეს, რომ ჯაშუშების დაკავება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, კრისტოფერ მეთსოსმა (ნამდვილი გვარ-სახელი არ არის) მიმალვა მოახერხა.

ის ორი დღის შემდეგ კვიპროსზე დაიჭირეს, მაგრამ გირაოს გადახდის შემდეგ დროებით გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილი უკვალოდ გაქრა და კვიპროსელი სამართალდამცველები დღემდე ამაოდ ეძებენ. ვარაუდობენ, რომ ის კვიპროსიდან რუსეთის დაზვერვამ გაიყვანა.

ახლახან ცნობილი გახდა ისიც, რომ დაკავებულები გაცვალეს ოთხ ჯაშუშში, რომლებიც აშშ-ისთვის სასარგებლო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში არიან ეჭვმიტანილნი და რუსულ ციხეებში იხდიან სასჯელს.

უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი:

- როგორ ან რატომ დაემთხვა აგენტების გამოაშკარავება დმიტრი მედვედევის ვიზიტს ამერიკაში?

- მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მათ თვალყურს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა, ეჭვმიტანილთა გამოაშკარავება რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს დაამთხვიეს. ჩემი აზრით, ბარაქ ობამა გამოვიდა იმ ეიფორიიდან, რაც თავიდან ჰქონდა - მას სჯეროდა, რომ გახდებოდა პრეზიდენტი და რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა. რუსეთს არაფერი დაუთმია და არ გადაუხვევია ნეოიმპერიალისტური პოლიტიკიდან, ამერიკამ კი რუსეთს ძალიან ბევრი რამ დაუთმო. ეს ჯაშუშური სკანდალი არის გაფრთხილება რუსეთისთვის, - ძალიან ნუ "გაგულავდებითო".

- ჯაშუშების დაკავებით რუსული სპეცსამსახურების სისუსტე ხომ არ გამოვლინდა?

- რუსული სადაზვერვო სამსახური დღესაც ერთ-ერთი უძლიერესია. ჩავარდნები და მარცხი ყველას აქვს, მაგრამ, როგორც წესი, სპეცსამსახურების წარმატებებს ჩვენ იშვიათად ვიგებთ ხოლმე. რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ იმავე შტამპებით, მეთოდებითა და ხერხებით, რაც ადრე, საბჭოთა ეპოქაში ჰქონდათ. ეს ცნობილია მთელ მსოფლიოში.

მაგალითად, კვიპროსში დაკავებულ კრისტოფერ მეთსოსს კანადური პასპორტი აღმოაჩნდა. ბავშვი, რომლის სახელსა და გვარსაც ის ატარებდა, გარდაცვლილია. ეს სწორედ საბჭოთა სპეცსამსახურების ხელწერაა, ისინი ოდითგანვე ასე იქცეოდნენ: ძველ სასაფლაოებზე, სკოლებში, ეკლესიებში ეძებდნენ გარდაცვლილთა შესახებ ჩანაწერებს, სწავლობდნენ მათ ბიოგრაფიებს და ამ გზით ამზადებდნენ არალეგალურ პასპორტებს.

- დაკავებული ანა ჩაპმანი ძალიან თამამად იქცეოდა, თავის ფოტოებს ათავსებდა ინტერნეტში და უამრავი მეგობარიც ჰყავდა.

- შეგახსენებთ, რომ ჩაპმანი მისი ნამდვილი გვარი არ არის, ის გვარად კუშჩენკოა. სპეცსამსახურებზე უზარმაზარი თანხა იხარჯება ამერიკაშიც და რუსეთშიც, მაგრამ მათთან შედარებით გაცილებით ეფექტიანები არიან დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურები. ამ ქვეყნების სპეცსამსახურებს ნაკლები დანახარჯი აქვთ და ძალიან კარგად მუშაობენ. ისრაელისა და ინგლისის შემდეგ მოდიან აშშ და რუსეთი.

არალეგალური დაზვერვის სპეციფიკა ისეთია, რომ შეგზავნილი აგენტი მკვიდრდება, ნატურალიზებას ახდენს იმ ქვეყანასთან, სადაც ჩადის, ითქვიფება მოსახლეობაში და ცხოვრობს მათი წესებით. დღეს ბევრს უკვირს, ანა ჩაპმანი "ფეისბუქში" რატომ იყო, ან მიხეილ სემენკოს "ოდნოკლასნიკებში" რა უნდოდა. ისინი ცხოვრობდნენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით, როგორც რიგითი მოქალაქეები. მათი ძირითადი ამოცანაც ეს იყო: თანდათან დამკვიდრებულიყვნენ, შესულიყვნენ აშშ-ის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტაში და მიეღოთ ინფორმაცია.

ჯაშუშები დაახლოებულნი იყვნენ ჰილარი კლინტონის, ალბერტ გორის, უორენ ბაფეტისა და სხვა ცნობილი პირების გარემოცვასთან, რათა სხვადასხვა წრეში ეპოვათ დასაყრდენი. უფრო მეტიც, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დაინტერესდა ანა ჩაპმანის კავშირებით და დაადგინა, რომ ის დადიოდა სწორედ იმ ღამის ბარში, სადაც ხშირად დადიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეები. არის ვარაუდი, რომ მათთან პირადი კავშირიც ჰქონდა. მით უმეტეს, ლამაზი ქალია და არ გაუჭირდებოდა ვინმესთან ახლო ურთიერთობის დამყარება.

არავინ იცის, წლების განმავლობაში რა ინფორმაცია გადასცეს რუსულ მხარეს... ანა ჩაპმანი თებერვლიდან ცხოვრობს აშშ-ში, მანამდე თურქეთსა და დიდ  ბრიტანეთში ცხოვრობდა. მიხეილ სემენკოც ახალი ჩასული იყო, ანუ ისინი იყვნენ პერსპექტიული აგენტები, რომლებიც მომავალში გავლენის აგენტები ან აგენტი-ინფორმატორები გახდებოდნენ. ასეთ დროს სახელმწიფოები ცდილობენ, არ დაძაბონ სიტუაცია. ჯაშუშების გაცვლაც ამით უნდა აიხსნას, მით უმეტეს, რომ ეს მთელ მსოფლიოში მიღებული ხერხია.

ხათუნა ჩიგოგიძე

შესანიშნავი ექვსეული

სხვადასხვა დროს რუსეთზე მომუშავე ამერიკელი სამხედროები და კონტრმზვერავები

KvirisPalitra.Geოლდრიჩ ეიმსი

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დიდჩინოსანი, რომელიც "საბჭოთა განყოფილებას" ხელმძღვანელობდა, 1985 წელს თავად მივიდა სსრკ-ის საელჩოში და თანამშრომლობა შესთავაზა. მისი საქმიანობა CIA-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩავარდნად იქცა. სხვადასხვა მონაცემით, მან 12-დან 25-მდე ამერიკელი აგენტი ამხილა, აქედან ათი სიკვდილით დასაჯეს.

ცხრა წლის განმავლობაში ეიმსს 2,7 მლნ დოლარი გადაუხადეს. ოლდრიჩი გარშემომყოფთ არწმუნებდა, რომ მის მეუღლეს დიდი მემკვიდრეობა ერგო. ოლდრიჩ ეიმსმა ორჯერ გაიარა შემოწმება "პოლიგრაფზე" ისე, რომ ეჭვი არავის გასჩენია. ოლდრიჩ ეიმსი 1994 წელს დააპატიმრეს, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

KvirisPalitra.Geჰაროლდ ჯეიმს ნიკოლსონი

CIA-ის დახურული ცენტრის ინსტრუქტორმა სპეციალისტების მომზადების დარგში, მეტსახელი ბეტმენი რუსეთის სპეცსამსახურებში მიიღო. ის 1996 წელს გაშიფრეს, - სიცრუის დეტექტორმა ამხილა, ამასთან, მის ანგარიშზე გაურკვეველი წარმოშობის 120.000 დოლარი გაჩნდა. ნიკოლსონი გამოტყდა, რომ რუსეთს გადასცა ინფორმაცია მოსკოვში CIA-ის რეზიდენტსა და ახალგაზრდა თანამშრომლებზე.

ჰაროლდ ჯეიმს ნიკოლსონს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ის კვლავ აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს და გასამრჯელოს თავისი ვაჟის მეშვეობით იღებდა. 2009 წელს მამა-შვილს ახალი ბრალდებები წაუყენეს.

KvirisPalitra.Geერლ ედვინ პიტსი

გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის განყოფილების თანამშრომელი ერლ ედვინ პიტსი КГБ-მ 1987 წელს გადაიბირა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საგარეო დაზვერვის სამსახურს 5 წლის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო აგენტებზე. ამ ხნის განმავლობაში მისმა ჰონორარმა 224.000 დოლარს მიაღწია.

1992 წელს თანამშრომლობა შეწყდა, თუმცა პიტსზე ეჭვი მაინც მიიტანეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ხანგრძლივი ოპერაცია დაიწყო, - ვითომდა რუსმა მზვერავებმა პიტსს თანამშრომლობის აღდგენა  შესთავაზეს. 1996 წელს პიტსი დააპატიმრეს და 1997 წელს მან დანაშაული აღიარა. პიტსს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

KvirisPalitra.Geჯორჯ ტროფიმოფი

დაიბადა გერმანიაში, რუსი ემიგრანტების ოჯახში, მშობლებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერა ჯარში დაიწყო. 1969 წელს იგი გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის სამხედრო დაზვერვის ცენტრში მიავლინეს და სწორედ იქ გადაიბირა КГБ-მ, კერძოდ, როგორც ამბობენ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა.  ტროფიმოფი 25 წელი ემსახურა ჯერ სსრკ-ს, შემდეგ კი რუსეთს.

ამ ხნის განმავლობაში 50 ათასზე მეტი სხვადასხვა დოკუმენტი გადასცა რუსებს, მათ შორის ინფორმაცია ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე. 1994 წელს ეჭვმიტანილ იქნა ჯაშუშობაში და იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მაგრამ მასზე საბუთებს მაინც აგროვებდნენ. 2000 წელს 73 წლის ჯაშუში დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

KvirisPalitra.Geარიელ ვეინმანი

2006 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს წყალქვეშა ნავის სამხედრო მოსამსახურე არიელ ვეინმანს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ჯაშუშობა აღიარა და გარიგებაზე დათანხმდა. მართალია, სასამართლოსა და პროკურატურას არ გამოუცხადებიათ, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა ვეინმანი, მაგრამ აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაბეჯითებით მიუთითეს რუსეთზე. ვეინმანი ფრთიანი რაკეტებით შეიარაღებულ წყალქვეშა ნავზე - "ტომოჰავკი", მსახურობდა.

2005 წელს მან საიდუმლო მონაცემებიანი ნოუტბუკი მოიპარა და ავსტრიაში გაფრინდა, რომ უცხოური მთავრობისთვის მიეყიდა საიდუმლო ინფორმაცია, შემდეგ კი მექსიკის გავლით აშშ-ში დაბრუნდა, სადაც დააპატიმრეს. თავად ვეინმანმა თავისი საქციელი ახსნა გულწრფელი სიმპათიით იმ ქვეყნის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც ჯაშუშობდა.

KvirisPalitra.Geრობერტ ჰანსენი

გამოძიების ფედერალური ბიუროს "საბჭოთა განყოფილების" ხელმძღვანელი რობერტ ჰანსენი, მეტსახელით რამონი, 1985 წელს КГБ-ს აგენტი გახდა, თუმცა ამერიკული პრესის მონაცემებით, 70-იანი წლების დამლევს ჰანსენს უკვე ჰქონდა კონტაქტი რუსეთის სპეცსამსახურებთან. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ჰანსენმა შეწყვიტა კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან, 1999 წელს კი ისევ აღადგინა.

1,4 მლნ დოლარისა და ბრილიანტების საფასურად მან მოსკოვს 6000 თაბახზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა. 2001 წელს ჰანსენი ამერიკელებმა დააპატიმრეს. სასიკვდილო განაჩენის თავიდან ასაცილებლად ჯაშუში გარიგებაზე დათანხმდა და დანაშაული აღიარა. მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონში საბჭოთა საელჩოს ქვემოთ გათხრილი საიდუმლო გვირაბის შესახებ სწორედ მან შეატყობინა აშშ-ის სამართალდამცველებს. ჰანსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.