"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა" - კვირის პალიტრა

"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა - 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი შვილების თვალწინ, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა. გოგონას ჭრილობები ყელის არეში ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაულმა, რომელზეც საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით არის აღძრული, კიდევ ერთხელ ცხადყო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა ოჯახური ძალადობის წინაშე. შემზარავი მკვლელობის მოახლოებას ყველა დეტალი ცხადყოფდა, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება არსებული სამართლებრივი მექანიზმებით ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. სამართალდამცავთა თქმით, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მოკლული ახალგაზრდა ქალი ბარნოვის ქუჩზე, დაქირავებულ ბინაში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, იმყოფებოდა. ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარი დანაშაულის დეტალებზე გვესაუბრა.

- ულამაზესი, თბილი და საყვარელი გოგო იყო თაკო, ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს - 6 და 3 წლის; ვარკეთილში, რომელიღაც მაღაზიათა ქსელში მუშაობდა კონსულტანტად, ბავშვებს კი ბაგა-ბაღში ტოვებდა.

როგორც ვიცი, ადრე მუხიანში ცხოვრობდა და იქედან გადმოვიდა ვაკეში საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც მის დას აქვს დაქირავებული. მისი და ბარნოვის ქუჩაზევე მუშაობს სილამაზის სალონში და ბინა ზუსტად სამსახურის მოპირდაპირე მხარეს დაიქირავა, მერე კი და და დისშვილებიც თავისთან გადმოიყვანა.

როგორც ჩანს, ასე უფრო ეიოლებოდათ ერთმანეთის დახმარება.

გარდაცვლილის მეუღლე, როგორც ვიცი, საბერძნეთშია საცხოვრებლად გადასული. რაც შეეხება ამ გოგონების დედას, ის შვილებთან არ ცხოვრობდა.

განსაკუთრებით ბავშვების მომავალი მადარდებს, როლებიც ასეთ საშინელებას შეესწრენ.

მეზობლები რომ შესულან, ბავშვები შიშისგან ვეღარ ლაპარაკობდნენ თურმე, ხელით უნიშნებიათ აბაზანისკენ, - დედა იქ არისო. საწყალი გოგო სამზარეულოს დანით მოკლა იმ არაკაცმა. მეზობლებმა ყვირილი რომ გაიგეს, მისაშველებლად გაიქცნენ და კარზე ბრახუნი ატეხეს. ამ დროს მან ფანჯარა გააღო და ეზოს მხარეს გადახტა. მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იქნებ, ბავშვებიც დაეხოცა, ვინ იცის...

როგორც ვიცი, ბავშვებმა იცნეს მკვლელი -  ბებიის, ნათელა გობაძის ქმარი. ცოტა გონზე რომ მოვიდნენ, გაუთავებლად იმეორებდნენ თურმე, - ვეფხო, ვეფხოო… ვეფხვია ბაქრაძე გარდაცვლილის ყოფილი მამინაცვალია. ცოლი ხშირი კონფლიქტების გამო დაშორდა, მაგრამ თავს არ ანებებდა, მის ქალიშვილებს ადანაშაულებდა ყველაფერში, ემუქრებოდა, ყველას დაგხოცავთო... ნათელამ და მისმა გარდაცვლილმა ქალიშვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს, მაგრამ უბედურება მაინც ვერ აიცილეს თავიდან...

პ.ს. შსს-მ დაადასტურა, რომ თამარ გარეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მისი მამინაცვალი ზაქრო ბაქრაძეა, რომელიც მკვლელობიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.

იხილეთ სამართალდამცავთა მიერ გავრცელებული დაკავების კადრები

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)