"ბავშვმა მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა - გადახტაო..." - კვირის პალიტრა

"ბავშვმა მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა - გადახტაო..."

შემზარავი მკვლელობა ვაკეში - პოლიციიდან დაბრუნებული გოგონა მამინაცვალმა მოკლა

13 აპრილს თბილისის ცენტრში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 25 წლის ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მამინაცვალმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვების განწირული კივილი მეზობლებმა გაიგონეს და პატრული გამოიძახეს. მისულებს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი და დედამისი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდნენ და დახმარება ითხოვეს. ამბობდნენ, რომ მოძალადე მათ მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციამ დედა-შვილს ჩვენება ჩამოართვა. ვეფხია ბაქრაძეს ყოფილ ცოლთან ერთი თვის განმავლობაში მიახლოებაც აეკრძალა, თუმცა, როგორც ჩანს, შემაკავებელმა ორდერმა ის ვერ შეაჩერა და განრისხებულმა გერის ძებნა დაიწყო, რადგან ოჯახის დანგრევაში, თურმე, მას ადანაშაულებდა. მანამდე კი ცოლი გაუფრთხილებია, თუ არ შემირიგდები, გაგამწარებო.

გოგონა პოლიციიდან დედაზე ადრე გამოვიდა და ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში მივიდა. მოძალადეს კარი ბავშვებმა გაუღეს. ის ყვირილით შევარდა სახლში და 4 და 7 წლის ბავშვებს დედა თვალწინ მოუკლა. ბავშვებმა ბებიის ქმარი იცნეს და სამართალდამცავებს მაშინვე უთხრეს დამნაშავის ვინაობა.

"ბავშვების ტირილი გავიგონე. კარი რომ არავინ გამიღო, სალონში ჩავედი და ვთხოვე, გამომყოლოდნენ. ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ თაკო გადახტა. ეზოში რომ ვერავინ ვნახე, ამოვბრუნდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გოგონა იყო გარდაცვლილი", - გვითხრა მეზობელმა, რომელმაც მომხდარი პოლიციას აცნობა.

ვეფხია ბაქრაძე 1991-1992 წლებში არასაუწყებო დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

1972 წელს დაბადებულ ვეფხია ბაქრაძისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. ნათია გობაძეს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

- ქმარი ხშირად სცემდა. განსაკუთრებით ბოლო დროს გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა. ვეფხია ერთი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა. ის მაშინაც ნათია გობაძეზე ძალადობისთვის გაასამართლეს და ორი წელი იჯდა. ციხიდან გამოსულმა ბათუმში ჩააკითხა ნათიას, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა და მისთვის ყვავილები მიუტანია. სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. ქალი რომ არ გაჰყვა, თავი ქვით გაუტეხა, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

- ნათია ამბობდა, მეშინია, შვილების მოკვლით მემუქრებაო. ამიტომ დაშორდა ქმარს, მაგრამ კაცი სახლში აკითხავდა, ეჩხუბებოდა. მეზობლებსაც ხშირად უნახავთ ნაცემი. ვეუბნებოდით, პოლიციისთვის მიემართა. გვეგონა, თუ განაცხადებდა, უფრო დაცული იქნებოდა. ეტყობა, ვეფხიამ რომ გაიგო, შემაკავებელი ორდერი გაიცა, შურისძიება განიზრახა. პოლიციაში რომ არ მისულიყვნენ, ეს გოგო იქნებ ცოცხალი ყოფილიყო... მითხარით, ვის იცავს ორდერი? ახლა რა ეშველება მის ორ პატარას, - ამბობს მოკლულის ახლობელი.

სამართალდამცველებმა სოფელ თელეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული. როგორც ირკვევა, ბაქრაძე პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო.

P.S. ეს მკვლელობა არ არის გასულ კვირას მომხდარი ერთადერთი შემთხვევა. ოჯახური კონფლიქტის გამო ამ დღეებში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ერთი ფაქტი მუხიანში მოხდა. 26 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში მისი სიძეა მხილებული... კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ფოთში, ბათუმის ქუჩაზე. 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა...

"გახშირდა შეწყალებულთა ჩადენილი დანაშაული"

დავით კუხალაშვილი, ექსპერტი: "ბოლო დროს გახშირდა შეწყალებულთა ჩადენილი დანაშაული. როცა შეწყალების საქმე წყდება, პროცესში აუცილებლად ჩართული უნდა იყვნენ პროფესიონალები, პროკურატურისა და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია და კარგად იციან, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პირის შეწყალება. ვფიქრობ, მთლად კარგად არ არის საქმე პრობაციის სამსახურშიც, ეტყობა, ზერელედ ხდება შეწყალება.

მარტო პრეზიდენტზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ეს სისტემის ბრალია. კომისიამ უფრო ყურადღებით უნდა განიხილოს საქმეები, კომისიის დაკომპლექტების დროს კი უნდა გამოირიცხოს წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა. თუ ყურადღება მხოლოდ პროფესიონალიზმს მიექცევა, შედეგს მივიღებთ. ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ პროცესში. ყველა საფეხურზე უნდა არსებობდეს შესაბამისი დასკვნა. ვფიქრობ, შესაწყალებელი პირის შესახებ არსებობდა დასკვნა, თორემ პრეზიდენტი ასე ხელაღებით არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ კომისიის მიერ შეწყალებული პირები ისევ სჩადიან დანაშაულს და ამას მასშტაბური ხასიათი აქვს, მაშინ ამ კომისიის წევრთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქროთ."

...965 შემაკავებელი ორდერი

2018 წლის 16 მარტის მონაცემებით, თბილისში გაცემულია 965 შემაკავებელი ორდერი (გასულ წელს 4370). ოჯახური ძალადობის 221 შემთხვევიდან 103 საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. წელს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ძალადობის 114 ფაქტი დაფიქსირდა. ქვემო ქართლში, 16 მარტის მონაცემებით, დაფიქსირდა ძალადობის 117 შემთხვევა, აჭარაში - 64, კახეთში - 63, შიდა ქართლში - 60; შედარებით ნაკლები - 24 ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში კი ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.

თეა ხურცილავა