"კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

"კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ე.წ. კანონიერი ქურდი" ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი" დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

"ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - "Caucase Normandie". დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი": საბერძნეთის ქალაქ

სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი"; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად "სიუ". საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. "კანონიერი ქურდები": 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად "ნოდო გლდანსკი" და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად "ჩიკორა". (იხილეთ სრულად)

როგორც ცნობილია, 2017 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ქართველ სამართალდამცველებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ესპანეთის პოლიციამ დააკავა ლაშა შუშანაშვილის ძმის, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, კახა შუშანაშვილის დაჯგუფების 23 წევრი, რომელთა შორის 19 საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, ყაჩაღობდა და ფულს "ათეთრებდა". გაირკვვა, რომ ქართულ მაფიას საკუთარი გადამზიდავი კომპანიაც კი ჰქონია, რომლის მეშვეობითაც ნაქურდალი ნივთები რეალიზებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰქონდათ.

დაკავებულთა შორის იყო კახა შუშანაშვილის მეუღლეც, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილთან შეგროვებული "ობშიაკი" მისივე მითითებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდებოდა. ევროპული ქურდული სალაროდან ყველაზე დიდ პროცენტს იღებდა კახას ძმა, ლაშა შუშანაშვილი ("რუსტავსკი"), რომლის დაკავება პოლიციამ სპეცოპერაცია "იავის" დროს ვერ შეძლო - ის ბერძენ სამართალდამცველებს სალონიკის ერთ-ერთი სასტუმროდან გაექცა. (იხილეთ სრულად)

როგორია ლაშა შუშანაშვილის დაკავებების ისტორია?

საბერძნეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო. საბერძნეთის ქალაქებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები გამოჩნდნენ - ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს. ქართული კრიმინალური სამყაროს შტაბბინა ქალაქი თესალონიკი გახდა. ამ საქმეში ქალებიც იყვნენ ჩართული. 2009 წელს ევროპამ "ქართული მაფიის" ასალაგმად რამდენიმე ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციები წამოიწყო. "კანონიერი ქურდებისთვის" ევროპა უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ საბერძნეთში გადაბარგდნენ{.} საბერძნეთში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი ბოსი, ლაშა შუშანაშვილიც გამოჩნდა. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები უკვე აკონტროლებდნენ საბერძნეთი-საქართველოს როგორც ტვირთის გადამტან, ასევე მგზავრების გადამყვან საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტებს, ბეწვით მოვაჭრე მაღაზიებს, კურორტების რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს. ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა ბაზრიდან განდევნა ალბანური მაფია. უცხოური მედია ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდა ქართულ მაფიასა და საბერძნეთის სამართალდამცავთა შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. მეტიც, ესპანეთის პროკურატურა აცხადებდა, - ლაშა შუშანაშვილის დაკავებაში ხელს ბერძენი კორუმპირებული პოლიციელები გვიშლიანო. 2010 წელს

ესპანურმა მხარემ, როგორც იქნა, დაითანხმა ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შუშანაშვილის დაკავება ვერ მოხერხდა - პოლიციას მითითებულ სალონიკის სასტუმროში მაფიის ბოსი აღარ დახვდა.

სულ მალე ესპანურ მედიაში გაჩნდა განცხადება, შუშანაშვილს გაქცევაში ბერძენმა პოლიციელებმა შეუწყვეს ხელი, რაც "კანონიერ ქურდს" 800 000 ევრო დაუჯდაო. ბერძნულმა მხარემ არ დაახანა და ქრთამის აღება ესპანელ კოლეგებს დააბრალა. ამასობაში "ქართული მაფიის" სამიზნე ნარკოტრაფიკი გახდა. 2012 წელს ბერძნებმა შუშანაშვილი მაინც დააკავეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. საინტერესოა, რომ ციხეში შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა ალბანელებს, რომლებიც საბერძნეთის ციხეებში დაუბრკოლებლად ყიდდნენ ჰეროინს. მისი გათავისუფლება მალევე მოხერხდა. მას საპატიმროში ინსულტი დაემართა და ქვეყანაში შეცვლილი კანონმდებლობის წყალობით გათავისუფლდა. იხილეთ სრულად