საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად, ორი მათგანის ცოლიც არის დაკავებული - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად, ორი მათგანის ცოლიც არის დაკავებული

საფრანგეთში, ქალაქ კაენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად, ორი მათგანის მეუღლეებიც დააკავეს, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.

"ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - Caucase Normandie. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი": საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი"; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად "სიუ". საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. "კანონიერი ქურდები": 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად "ნოდო გლდანსკი" და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად "ჩიკორა".

შსს-ს ინფორმაციით, ქართველი ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

"საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი - საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას. საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. "მაყურებლები": 1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე, 1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი, 1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. "ქურდული საერთო" ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები - 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ: "ნაცნობი "კანონიერი ქურდი" თითქმის ყველას ჰყავს" - საფრანგეთში მომღერალი "კაბუ" დააკავეს