"ბიჭების მამამ იმ არაკაცის შეჩერება ვერ შეძლო, 26 წლის ძმა დანით მოკლა და თან გაიქცა..." - კვირის პალიტრა

"ბიჭების მამამ იმ არაკაცის შეჩერება ვერ შეძლო, 26 წლის ძმა დანით მოკლა და თან გაიქცა..."

18 აპრილს, გვიან ღამით, კასპის მუნიციპალიტეტში, უმძიმესი დანაშაული მოხდა -   1992 წელს დაბადებული გ.მ.  სამზარეულოს დანით სასიკვდილოდ დაჭრეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მისი 1978 წელს დაბადებული ძმა შ.მ. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ძმები კასპის ცენტრში ცხოვრობდნენ, სადაც ორივეს კარგად იცნობდნენ.

გვესაუბრება გარდაცვლილის მეზობელი:

- მომხდარით გაოგნებულები ვართ. ბიჭებს დედა არ ჰყავდათ, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაეცვალათ. უფროს შვილზე ნერვიულობას გადაყვა, რომელმაც ძარცვა-ყაჩაღობა და ადამიანების გამწარება პროფესიად აქცია და ციხეშიც ამოყო თავი. ბოლოს კი ძმის მკვლელად იქცა. ოჯახის ტვირთი და მამის მოვლა საკუთარ თავზე უმცროსმა ძმამ აიღო. 26 წლის ბიჭი ციხიდან გამოსულ, 40 წლის ნაძირალა ძმასაც პატრონობდა. სანაცვლოდ კი ამ არაკაცმა ყელი გამოჭრა.

ციხიდან გათავისუფლებული უფროსი ძმა იმდენად უწესოდ იქცეოდა, ხალხი მასთან შეხვედრასაც კი ერიდებოდა...

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- არა, თუ დასჭირდებოდა, თავს ისე მოიკატუნებდა, უწესიერესი კაცი გეგონებოდა. რა თქმა უნდა, არ მუშაობდა და გამუდმებით უმცროს ძმას სთხოვდა ფულს. მასაც განა რამდენი უნდა ჰქონოდა, ბიჭი ხელფასზე იყო დამოკიდებული. შელაპარაკებაც ალბათ ამის გამო მოუვიდათ. უმცროსი ძმა ცდილობდა ისე მოეხერხებინა, უფროსი ნორმალურ გზას დასდგომოდა, ცდილობდა დახმარებოდა... ძმამ ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა - სამზარეულოს დანა დაარტყა. ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მამა იყო ამ უბედურების დროს შინ, მაგრამ იმ არაკაცის შეჩერება ვერ შეძლო...

- ბრალდებული საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას?

- ეს რომ გაეკეთებინა, ნამუსის ნატამალი მაინც უნდა ჰქონოდა, ძმა დანით მოკლა და თან გაიქცა... სამართალდამცავებმა მალევე იპოვეს. იქნებ ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეგ კიდევაც გამოვა ციხიდან, კვლავ ივლის ამ დედამიწაზე, არც სინდისი შეაწუხებს და შეიძლება კიდევ ვინმეც იმსხვერპლოს. ვინც სიცოცხლის ღირსი იყო, ის კი სამუდამოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. სად არის სამართალი?!.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)