ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს: "სამწუხაროა, ჩემი შვილი თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რომ გახდა" - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს: "სამწუხაროა, ჩემი შვილი თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რომ გახდა"

"სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა", - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის განცხადების საპასუხოდ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მის მიერ დასმული ყველა კითხვა პასუხგაუცემელია და თვეზე მეტია პასუხი ვერ მიიღო რა საფუძველი ჰქონდა ბორის კაკუბავას განცხადებას.

მისივე თქმით, "სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ელფერი ეძლევა დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ მანიპულირებას სუბელიანის ოჯახის წევრების მხრიდან და პროკურატურიდან.

"ბორის კაკუბავა თქვენი ოჯახის წევრია, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ჩემი შვილი თითქოსდა თქვენს შვილს ემუქრებოდა ტუალეტში თავის ჩაყოფით და სძალავდა ფულს, თვეზე მეტია პასუხი ვერ მივიღე პროკურატურიდან რა საფუძველი ჰქონდა ბორის კაკუბავას კომენტარს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მ.კ. ჩვენებას ცვლის სასამართლო პროცესიდან სასამართლო პროცესამდე და ამავდროულად, მირზა სუბელიანთან სახლში იმყოფებოდა, თუმცა უარყო კომუნიკაცია.

"რატომ არ დევს საქმის მასალებში ფარული ვიდეო ჩანაწერები თქვენი შვილისა და მ.კ-ს ჩვენების მიცემის, რომელზეც პროკურატურამ ზედაპირული პასუხი გამცა. რაც მთავარია, თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ ინცინდენტის და წინასწარ დაგეგმა მ.კ. ს-თან ერთად რაც უნდა მომხდარიყო 1-ელ დეკემბერს. ყველა ჩემს მიერ დასმული კითხვა პასუხგაუცემელია თქვენი ყოფილი თანამშრომლებისგან. თქვენ ვერანაირად ვერ უნდა ადევნებდეთ პროცესების მიმდინარეობას თვალყურს და შესაბამისად, არც უნდა იცოდეთ რა ხდება დახურულ პროცესზე. თუ არა პროკურატურა, ვინ გაწვდით ინფორმაციას სამართლიანად მიდის პროცესი თუ უსამართლოდ. მართლაც რომ, სამწუხაროა, ჩემი შვილი და ლევანი თქვენი და თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რომ გახდნენ", - აცხადებს ზაზა სარალიძე.

მიისვე თქმით, "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აქტიურად არის ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში.

"მინდა გითხრათ რომ თქვენი მხრიდან და არა მარტო თქვენი მხრიდან, ასევე პროკურატურიდან მიეცა ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი. ძალიან სამწუხაროა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი რომ გახდა", - აცხადებს ზაზა სარალიძე.

საქართველოს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარში ფიგურირებს, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

"დაკვირვებით ვუყურებ და ვუსმენ დაცვის მხარის ადვოკატების კომენტარებს, დეტალურად ვადევნებ თვალს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას და გადავწყვიტე, რომ მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სრულად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ტრაგედია მოხდა იმ დღეს ხორავას ქუჩაზე და სრულად ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვების მშობლების ტკივილს და უბედურებას. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბავშვებს შორის მომხდარ ჩხუბში რაღაც ფორმით მონაწილეობდა, მე პირველივე დღეს, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დავწერე განცხადება და დავტოვე საქართველოს პროკურატურა. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მომავალში ერთ ადამიანს მაინც არ დარჩენოდა კითხვის ნიშანი სამართლებრივი პროცესების მიმართ. წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი სახელი და გვარი გახდებოდა შემდგომში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მანიპულირების შესაძლებლობა და მე მათთვის ეს შესაძლებლობა პირველივე დღეს მსურდა, რომ მომესპო. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე ვხედავ და ვისმენ არაერთ სიბინძურეს და არ შემიძლია ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებისთვის განმარტებები არ გავაკეთო. ვინმე ზვიად კუპრავა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერია, ამავე პოლიტიკური დაჯგუფების მითითებით, პირდაპირ ახდენს სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. იმდენად ამორალური და ბინძურია ეს ჯგუფი, რომ კუპრავას ხელით, გარდაცვლილი ბავშვების და მათი ოჯახების ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს", - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"