"ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს" - რას ითხოვს ხორავაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს" - რას ითხოვს ხორავაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა?

ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკურ შოუდ აქცია, რაც მისთვის მიუღებელია.

"ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს. მე პირადად ვესწრები სასამართლო განხილვებს, თუმცა საჯარო განცხადებებს არასდროს არ ვაკეთებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეხედულებები არ გვაქვს - დადებითი ან უარყოფითი. ველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას. ლევანი ხორავას კონფლიქტში ისეთი მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არავითარი შეხება არ ჰქონია. კომენტარებიდან და მედიაში გაშუქებიდან გამომდინარე ხორავას ტრაგედია შოუს სახეს იღებს, მითუმეტეს, პოლიტიკური შოუს სახეს. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას, ამათი ჩართვა და კომენტარები ჩემთვის მოუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება პოლიტიკაში გადაიზარდოს. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია არ გაგრძელდეს", - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს: "სამწუხაროა, ჩემი შვილი თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რომ გახდა"

"ინტერპრესნიუსი"