ცეკასთან დაპირისპირების გამო "თეთრი ყვავი" გავხდი - კვირის პალიტრა

ცეკასთან დაპირისპირების გამო "თეთრი ყვავი" გავხდი

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-27)

"უეცრად ვარლამ შადურმა მხარი დამიჭირა და დოკუმენტზე დასმული თავისი ხელმოწერა გააუქმა"

ქალთა კოლონიის ყოფილმა უფროსმა გულიკო ნადარეიშვილმა ჯულიეტა მიქელაძე გამაცნო, რომელმაც 53 წელი იმუშავა სამართალდამცველ ორგანოებში. ჯულიეტა მიქელაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების ყოფილი უფროსი: "მე განსასჯელთა და მსჯავრდადებულთა პირადი მასალების შესწავლა და იმის გამოვლენა მევალებოდა, იყო თუ არა დარღვეული პატიმრობის ვადები და ზუსტად იყო თუ არა გამოტანილი განაჩენი".

დაუდევარი მოსამართლეები

- ზოგიერთი მოსამართლის არაკვალიფიციურობისა და იმის გამო, რომ კანონი ზედმიწევნით არ იცოდა, ბევრი პატიმარი არასათანადო სასჯელს იხდიდა.

იყო ასეთი შემთხვევა: ხუთმა პირმა ყაჩაღობა ჩაიდინა. მათგან 3 გაასამართლეს, 2 კი იძებნებოდა. ორი წლის შემდეგ ერთ-ერთი ძებნილი დაიჭირეს. ყაჩაღობის ერთი მონაწილე, რომელსაც უკვე 5 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა, მოსამართლემ პროცესზე მოწმედ გამოიძახა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ის ქალი ამჟამად მოხსნილია) იმდენად დაიბნა, რომ პროცესზე გამოძახებულ მოწმეს 7 წელი მიუსაჯა! აღშფოთდა რუსთავის კოლონიის ხელმძღვანელობა, 5 წელმისჯილი პატიმარი პროცესზე მოწმედ წაიყვანეს და სასჯელი გაუზარდესო. დავწერე წერილი და უზენაეს სასამართლოში გავგზავნე. უკანონო განაჩენი 10 დღეში გააუქმეს.

#5 საპყრობილის შემოწმებისას აღმოვაჩინე მსჯავრდადებული, რომელიც ქურდობისათვის იხდიდა 4-წლიან სასჯელს, მაშინ როდესაც  ეს დანაშაული 3-წლიან სანქციას ითვალისწინებდა. გავგზავნე წერილი უზენაეს სასამართლოში. ერთი გენახათ მსჯავრდადებულის სიხარული, როდესაც სასამართლო პროცესზე სასჯელი ერთი წლით შეუმცირეს. პატიმარი  გაკვირვებით კითხულობდა, საჩივარი არ დამიწერია და სასჯელი როგორ შემიმცირესო?  მის პროცესს ხომ ადვოკატიც ესწრებოდა, პროკურორიც და მოსამართლეც, მაგრამ  კანონის დარღვევა ვერავინ შეამჩნია.

გამომძიებლებს შ-სა და დ-ს მექრთამეობის გამო 13 და 15 წელი ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ საქმე ისე ჩააწყვეს, რომ მექრთამეობის მუხლი სახელმწიფო ქონების დატაცების მუხლით შეცვალეს, რაც 7-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. ამას ვერ მივხვდებოდი? მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა დარღვევაც მოხდა, სასამართლოს დადგენილება კოლონიაში უტიტულო ქაღალდზე დაწერილი ხელით მიიტანეს. წესით, ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი განაჩენი კოლონიაში საიდუმლო ფოსტით უნდა მისულიყო. კოლონიაში სულელები ხომ არ იყვნენ? დადგენილება გაყალბებული აღმოჩნდა!  უმაღლესი სასამართლოს ორ თანამშრომელს გაეყალბებინა და ამისთვის 10-10 წელი მიესაჯათ.

ცბიერი ადვოკატები

სიყალბის ჩადენაში მოსამართლეებს არც ცბიერი ადვოკატები ჩამორჩებოდნენ. 2000-03 წლებში ორი შემთხვევა იყო, როდესაც ადვოკატებმა შეწყალების აქტი ხელით მიიტანეს რუსთავის კოლონიაში. როდესაც ადვოკატს ვკითხე, შეწყალების აქტი საიდუმლო ფოსტით რატომ არ შევიდა კოლონიაში-მეთქი,  დაიბნა, პატიმრის ნათესავმა მომიტანაო. შეწყალების აქტი გაყალბებული ყოფილა. ყალბისმქმნელ ადვოკატებს ქრთამის აღებაც დაუმტკიცდათ და 10-10 წელი მიესაჯათ.

დაპირისპირება

80-იან წლებში სახელმწიფო ქონების დატაცების გამო ერთ არქიტექტორს 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ცეკა ითხოვდა, რომ არქიტექტორი ბადრაგის თანხლებით გაგვეყვანა თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციისთვის აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ცეკას განცხადებაზე 8 კაცი აწერდა ხელს, თანახმა ვართო. Mმე მხოლოდ აღსრულება მევალებოდა, ბადრაგის გამოსაყოფად სამხედრო ნაწილისათვის წერილი უნდა მიმეწერა.

ამის ნაცვლად ცეკას წერილს მივაწერე: "ასეთი რამ საბჭოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.  არა ვარ თანახმა". გაგიჟდა ყველა, წერილს შს მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი აწერენ ხელს და ვინ გდია ეს პატარა ქალი, რომ მათ ეწინააღმდეგებაო, მაგრამ  მე კანონის მიხედვით ვმოქმედებდი. ცეკა მსჯავრდადებული არქიტექტორის გაყვანას საჩქაროდ ითხოვდა, მაგრამ ბადრაგის გამოსაყოფად წერილის შედგენა არავინ იკისრა.

ოფიცერთა სახლში ოპერატიული თათბირი დაინიშნა და მეც დამიძახეს. თათბირის მონაწილეები ერთხმად მოითხოვდნენ, ცეკას მოთხოვნა შესრულებულიყო, მაგრამ თანხმობა ვერ მათქმევინეს. ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა - მინისტრის პირველმა მოადგილე ვარლამ შადურმა მხარი დამიჭირა, - ეს ქალი რომ ექიმი ყოფილიყო, ისეთ რეცეპტს გამოწერდა, სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს გადაარჩენდაო, და დოკუმენტზე დასმული თავისი ხელმოწერა გააუქმა. ჩემი საქციელი ნამდვილი გმირობა იყო. ხმა დაირხა, კაპიტანმა მაღალი დონის ჩინოსნებსა და ცეკასთან დაპირისპირება გაბედაო. ეს მაინც ძვირი დამიჯდა, სამინისტროში "თეთრი ყვავი" გავხდი.

დევნა

რადგან "თეთრ ყვავად" ვიქეცი, დევნა დამიწყეს. სახლისა და სამსახურის ტელეფონები ისმინებოდა. კეთილმა ხალხმა გამაფრთხილა, კოლეგიაზე დაისვა  საკითხი, რომ შენი ტელეფონები ოპერატიულ დამუშავებაზე აიყვანონო. ცდილობდნენ, დაედგინათ სამართალდარღვევა თუ მქონდა ჩადენილი. ისიც იფიქრეს, იქნებ ამ ქალის მოსყიდვა შეიძლებაო და ჩემს სახლთან უქმე დღეს უცხო მანქანები დგებოდა. უმეტესად აზერბაიჯანელი ქალები მოდიოდნენ.

არასოდეს მიკითხავს, რისთვის იყვნენ, ისედაც ვიცოდი, უცნობი რომ პატიმრის გამო მომაკითხავდა. ერთი ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრის კარიდანვე გასტუმრების მერე ჩემმა მეუღლემ მითხრა, ეზოში ნარდს ვთამაშობდი და დავინახე, რომ ის ქალი შსს-ს მანქანიდან გადმოვიდა, მკითხა, მიქელაძე სად ცხოვრობსო და მოვასწავლე ჩვენი ბინა. შენი ამბავი ვიცოდი და აზრადაც არ მომსვლია, რომ სახლში შეუშვებდიო.

ერთხელაც ერთი კოლონიის უფროსმა შემომთავაზა, პატიმრის შეწყალება წარადგინე  და ამდენი ათასი იქნებაო. მთელი ოთახი რომ გაავსოთ ფულით, არ გავაკეთებ იმას, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული-მეთქი. დღეს შეწყალების კომისიაში იმდენი ხალხია, ერთ ქორწილს ეყოფა და მაგ საქმეს თავის დროზე მარტო ვაკეთებდი. განსაკუთრებით სამმართველოს უფროსის მოადგილე ლარბი გორგოძემ ამითვალწუნა.

უთქვამს კიდეც, შეწყალებაზე ამდენ უარს რომ წერს, აბა, ფული მიეცით, უარს თუ იტყვისო. ამ მხრივაც რომ გამომცადეს და ვერაფერი მიპოვეს, ვიყავი თუ არა დამნაშავე, ლარბი გორგოძე მაინც მაბეზღებდა მინისტრთან. საბედნიეროდ, არავინ უსმენდა. საპენსიო ასაკამდე ვიმუშავე, მერე კი დავწერე განცხადება და წამოვედი.