"ამ ქალმა 20 ათასის გამო მომიკლა მეუღლე!" - კვირის პალიტრა

"ამ ქალმა 20 ათასის გამო მომიკლა მეუღლე!"

მარგველაშვილს კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებაში ადანაშაულებენ

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის სადისტური მკვლელობის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკრიტიკა და მისი გადადგომაც კი მოითხოვა. ცნობილია, რომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა. არადა, გაირკვა, რომ კომისიას 9-ჯერ ჰქონდა უარი ნათქვამი მის გათავისუფლებაზე. პრეზიდენტი აღიარებს, რომ ბაქრაძის ციხიდან გათავისუფლება შეცდომა იყო და ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ირაკლი ქორიძის შეწყალების გამოც მიიღო საყვედური, გაირკვა, რომ ნარკოდანაშაულისთვის მკაცრად დასჯილი ქორიძე შეიწყალა და დღეს ის იმავე ბრალდებით ციხეში ზის. პრეზიდენტის შეწყალებით სულ 615-მა კაცმა დატოვა ციხე, 8 694 პატიმარი კი პარლამენტის მასშტაბური ამნისტიით გათავისუფლდა.

512-მა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული, მათგან 403 პარლამენტის ამნისტირებული იყო, 109 კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

საზოგადოებას ახსოვს სკანდალი, როცა მარგველაშვილმა თავისი ცოლისძმა შეიწყალა. 2011 წლის მაისში მგალობლიშვილი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტის ცოლისძმამ ციხეში 4 წელიც არ დაჰყო. სასჯელი 2013 წელს ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა, მარგველაშვილმა კი შეიწყალა.

ხმაური გამოიწვია ბოლო შეწყალების აქტმაც. 27 დეკემბერს პრეზიდენტმა 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 პირი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა, 64-ს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდის. მათ შორის აღმოჩნდა ვახტანგ თედიაშვილის მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულიც. მართალია, მას პრეზიდენტმა სასჯელი შეუმცირა, მაგრამ დაზარალებული მომხდარით აღშფოთებულია.

ვახტანგ თედიაშვილი: - ის ქალი კი არა, ბოროტი სულია, გარეთ რომ გამოვიდეს, კიდევ ვიღაცას გაამწარებს. ციხეში სასათბურე პირობებშია, შოუშიც მიაღებინეს მონაწილეობა და აშკარაა მას სინანულის გრძნობა არა აქვს.

- მასთან მეც მქონდა ადრე ინტერვიუ და ამბობს, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია.

- ის მკვლელობას არასოდეს აღიარებდა, არადა, უამრავი მტკიცებულება არსებობდა. დადასტურებულად ვიცი, რომ ის არა მარტო თანამონაწილე, ორგანიზატორია.

ადამიანს, რომელიც არ ინანიებს დანაშაულს, როგორ იწყალებ? როცა პრეზიდენტს მიმართეს, რა დაწერეს, არ ვინანიებ, არ ვაღიარებ და შემიწყალეთო და შეიწყალეს?

ამ ქალმა და მისმა ჯგუფმა 20.000 დოლარის გამო მომიკლეს მეუღლე. თამარ ბაშარაძემ ოფისში გაიცნო ჩემი მეუღლე, რომელიც მეგობართან მივიდა და მაშინ გაიგო, რომ ბინის ყიდვა სურდა... ბაშარაძემ ბინა იქირავა და იქ მიიყვანა ჩემი მეუღლე, ვითომ ის ბინა იყიდებოდა. მეპატრონედ გაასაღა თავისი ნაცნობი, რომელმაც იქ ცოლ-შვილიც მიიყვანა, ბავშვების ტანსაცმელიც კი დაკიდეს აივანზე და შექმნეს იმიტაცია, ვითომ ოჯახი ცხოვრობდა. ქალი დაახრჩვეს, მერე ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს, მანქანაში ჩატენეს და წაიღეს ჟინვალისკენ. საჭესთან სწორედ ბაშარაძე იჯდა, რადგან მცხეთის რაიონში მას ყველა იცნობდა და იცოდა, ვინმეს რომ გაეჩერებინა, გზას უპრობლემოდ გააგრძელებდა. ჟინვალში ცხედარი ხრამში გადააგდეს, იქ ხემ დაიჭირა ჩანთა, თორემ წყალი წაიღებდა და შეიძლება გვამიც ვერ გვენახა. წარმოიდგინეთ, ასეთი მკვლელობა ჩაიდინა და დღემდე სინანულის გრძნობა არა აქვს! მისი სახლიდან ამოვიღეთ ჩემი მეუღლის ოქროს სამკაულები. მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე გაიხსნა დანაშაული. ბოლო ზარი, რომელიც ჩემს მეუღლესთან იყო შემოსული, გადამოწმდა, ის ნომერი გათიშული იყო. ამოიღეს ამონაწერები და იმ ნომერზე არაერთხელ ჰქონდა ბაშარაძეს დარეკილი. თავიდან ამბობდა, არ ვიცნობ ამ ნომრის პატრონსო. დავიწყეთ ძებნა. ის კაცი ედუარდ ნაზაროვი აღმოჩნდა, ის მკვლელობის თანამონაწილეა. წლების მანძილზე იმალებოდა და ეძებდნენ. წელიწად-ნახევრის წინ დაიჭირეს. ის იყო ბაშარაძის ქმრის ძმაკაცი, ტაქსის მძღოლია და სწორედ მისი მანქანის საჭესთან იჯდა ბაშარაძე, როცა ცხედარი წაიღეს. ნაზაროვი არ აღიარებს დანაშაულს და უკვე გასამართლებულ ცოლ-ქმარს ამხელს. დანაშაულში სამივე მონაწილეობდა. ბაშარაძის ქმარმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო გაუფორმეს, ახლა 12 წელი აქვს მისჯილი. მან დეტალურად აღწერა ყველაფერი... სანამ პრეზიდენტი რამეზე ხელს მოაწერს, კარგად გაარკვიოს, ვის იწყალებს. ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დიდი ჭრილობა მომაყენეს. ბაშარაძეს 7 წელი დააკლეს, 3 წელი დარჩა და გარეთ გამოვა.

- მას უკვე აქვს უფლება კომისიას ვადაზე ადრე გათავისუფლება მოსთხოვოს.

- დიახ, შეიძლება გარეთ გამოვიდეს. აზრიც კი არავის უკითხავს ჩვენთვის, ისე იწყალებენ ცივსისხლიან მკვლელს.

"კვირის პალიტრის" არქივში მოიპოვება თამარ ბაშარაძესთან ინტერვიუ, რომელიც 2014 წელს ქალთა კოლონიაში ჩავწერეთ, ის მაშინაც უარყოფდა ჩადენილს.

ამონარიდი ინტერვიუდან: "მოკლული მზია ბორტიშვილის სახელი და გვარი საბრალდებო დასკვნიდან გავიგე. თავიდან ბრალი დანაშაულის დაფარვაში დამდეს, მერე დამიმძიმეს. თითქოს ჯგუფმა 20.000 დოლარის გულისთვის მოვკალით ქალი. არადა, ამ დროს ძვირად ღირებული ჯიპი, 2.000-დოლარიანი ტელეფონი და ანგარიშზე ფული მქონდა, ამას დაუმატეთ ორი სახლი მცხეთაში, ერთი - თბილისში. ვკითხულობდი ლექციებს, მქონდა ჩემი საგანმანათლებლო ცენტრი. მე ვარ ის ქალი, რომელსაც 6 თვის ჩვილი ძუძუდან მოგლიჯეს და ციხეში უკრეს თავი".

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ შოუში თამარ ბაშარაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. "3 წლამდე დამრჩა, 10 წელი გავიდა, რაც აქ ვზივარ. ჩემზე დიდი ამბავი ატყდა, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმაო... მე ბრალი არა მიღიარებია და ამიტომ დამსაჯეს სამაგალითოდ. რომ მეღიარებინა, ნაკლებს მომისჯიდნენ და შესაძლოა, დღეს გარეთ ვყოფილიყავი. საბრალდებო დასკვნა რომ წავიკითხე, შემეშინდა. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოდის სინანული... ჩემთან 2012 წელს მოვიდა, ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ეს არ მომხდარიყო, ის ქალი რატომ უნდა მომკვდარიყო, ჩემს თავთან დამეწყო სასამართლო".

თეა ხურცილავა