"გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი დანით მოვკალი" - კვირის პალიტრა

"გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი დანით მოვკალი"

"გამახსენდა, რომ ნათელას ეცვა შარვლები, რომელიც მე არ მსიამოვნებდა, დანით დავჭერი შარვლები და "ტუფლები", შემდეგ ზემოდან დავასხი ბენზინი..."

13 აპრილს, საღამოს, ბარნოვის ქუჩაზე მისულ სამართალდამცავებს ბინაში უმძიმესი სურათი დახვდათ - 3 და 6 წლის პატარები საზარელი ტრაგედიის თვითმხილველი გახდნენ. ბავშვების 25 წლის დედას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ოთახი სისხლით იყო მორწყული, ბავშვებსაც სხეულზე სისხლის კვალი ეტყობოდათ. დანაშაულის გახსნა სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ - თავად ცოლმა ამხილა დამნაშავე. როგორც ირკვევა, შვილის მოსაკითხად ნათელა გაბოძემ ტელეფონზე დარეკა, ყურმილი კი მისმა ქმარმა აიღო და კითხვაზე: სად არის თაკო, უპასუხა, მიწაშიო.

ვეფხვია ბაქრაძე მეორე დღეს თელეთში, მამიდაშვილის სახლში დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავეს ეძინა, როცა თავზე პოლიცია დაადგა. ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სასამართლო დარბაზში ბორკილდადებული შემოიყვანეს. "დავიბადე 1972 წელს, ვცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში", - მხოლოდ ეს თქვა და დაჯდა. პროცესის მსვლელობისას თავდახრილი იჯდა და სხვა განმარტება არ გაუკეთებია. მის გვერდზე იჯდა მამიდაშვილი, თეიმურაზ ბაქრაძე, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებს ბრალს.

როგორც ირკვევა, ვეფხვია ბაქრაძე და ნათელა (ნათია) გობაძე წლების განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. მათ შორის იყო კონფლიქტები და ქმარი ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა ცოლს. ამის გამო ვეფხვია ბაქრაძე 2014 წელს გაასამართლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ცდილობდა ურთიერთობა აღედგინა ქალთან, მაგრამ ნათელას ქალიშვილი, თამარ გამრეკელაშვილი, ხელს უშლიდა მათ. ნათელა გობაძეს ბინა ბარნოვის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები.

"აღსანიშნავია, რომ ვეფხვია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის უკვე ნასამართლევია და იმის მაგივრად, შეწყალების შემდეგ რესოციალიზაცია მომხდარიყო, უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა - განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ადამიანი. ნათელა გობაძეს მისი ეშინოდა და არც ერთი განცხადება პოლიციაში შეტანილი არა აქვს. როცა ბათუმში სცემეს, მაშინაც არ მიუმართავს პოლიციისთვის, პოლიცია მივიდა მასთან საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე", - თქვა პროცესზე პროკურორმა და ვეფხვია ბაქრაძის დაპატიმრება მოითხოვა.

როგორც გაირკვა, ბაქრაძემ გამოძიებას ჩვენება მისცა და ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ვეფხვია ბაქრაძის ჩვენება (სტილი დაცულია):

"2004 წელს ვმუშაობდი რესტორანში და იქ გავიცანი ნათელა გობაძე, ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, რაც შემდგომ გადაიზარდა სიყვარულში. ვინაიდან განქორწინებული იყო, დავიწყეთ თანაცხოვრება. ბინა ნაქირავები მქონდა, ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ნათელას ქალიშვილები - თამარი და თათია. უფროს ქალიშვილთან, თამართან, ცოტა დაძაბული ურთიერთობა მქონდა, რატომ, ვერ ვხსნი. 2010 წელს დანაშაულის დაფარვისთვის დამაკავეს და 6 თვე ვიხდიდი სასჯელს. შემდეგ გამიფორმდა საპროცესო და შემეფარდა 2 წელი პირობითი მსჯავრი... სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულს, თამარი გათხოვილი დამხვდა, მე, ნათელამ და მისმა უმცროსმა ქალიშვილმა თანაცხოვრება გავაგრძელეთ. ჩვენთან ცხოვრობდა ჩემი ქალიშვილი პირველი ცოლისგან, ლიკა ბაქრაძე. 2013 წლამდე ერთად ვცხოვრობდით, დეკემბრის თვეში კი ნათელა ჩემგან წავიდა და საცხოვრებლად თამართან გადავიდა. 2014 წლის დასაწყისში საერთო ნაცნობისგან შევიტყვე, რომ ნათელა სხვა მამაკაცს ხვდებოდა. დავურეკე და მითხრა, რომ ქობულეთში იყო, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. მითხრა, თუ ჩავიდოდი, დამელაპარაკებოდა. ჩავედი და დაველაპარაკე, მან უარყო ღალატი და მითხრა, რომ ჩემთან თანაცხოვრება არ სურდა. ქობულეთში დავრჩი რამოდენიმე დღე. ვებგვერდის დათვალიერებისას ვნახე ვებგვერდზე მიწერილი წერილები ერთ-ერთ მამაკაცთან და დავრწმუნდი, რომ მღალატობდა, რის გამოც ჩვენს შორის უთანხმოება მოხდა, რა დროსაც მივაყენე სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანება. ამის გამო ნათელამ განცხადებით მიმართა პოლიციას და გამასამართლეს - 3 წელი მომისაჯეს.

ციხიდან გამოვედი 2017 წლის 25 მაისს, გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად წავედი ჩემს ქალიშვილთან, ლიკასთან. ნათელას მობილურზე სმს გავუგზავნე, რომ მინდოდა მისი ნახვა. შევხვდი, გადავწყვიტეთ ისევ ერთად ცხოვრება, ის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა... როცა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა თბილისში, ჩემთან ნაქირავებ ბინაში მოდიოდა და მილაგებდა ყველაფერს, ბინა შინდისის ქუჩაზე მქონდა ნაქირავები. როდესაც ჩემთან რჩებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას უშლიდა მისი უფროსი ქალიშვილი თამარი, თუ რა მოტივით, არ ვიცი. მიუხედავად თამარის ასეთი წინააღმდეგობისა, ჩვენ ისევ დავიწყეთ თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავედით სოლოლაკში. თამარი და თათია ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში თამარის ბავშვებთან ერთად. ჩვენ ხშირად ავდიოდით ბარნოვზეც, მაგრამ იქ არასოდეს დამხვედრია თამარი... ციხიდან გამოსვლის შემდეგ თამარი არ მყავდა ნანახი. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, აპრილის დასაწყისში მე და ნათელა დავქორწინდით, მოვაწერეთ ხელი. 12 აპრილს, 21 საათზე, ვმოძრაობდი ჩემი ავტომანქანით, დავურეკე ნათელას და მითხრა, რომ ბარნოვზე იყო ბავშვებთან და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მივედი და დავურეკე, რომ გარეთ გამოსულიყო. მითხრა, რომ თამარი სახლში იყო და გარეთ არ უშვებდა. ვთხოვე, მისთვის მიეცა ტელეფონი. წყნარად დაველაპარაკე, მისგან კი ვიგრძენი აგრესია. არ ავყევი და გავუთიშე ტელეფონი. თამარს საუბრის დროს ვუთხარი, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავქორწინდით, რამაც გამოიწვია მისი უკმაყოფილება. მეორე დილით, 13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი.

13 აპრილს, დაახლოებით 19 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა..."

ნათელა გობაძე ამბობს, რომ ბინაში მისი ნივთები სულ დაჭრილ-დაჩეხილი იყო: "პიჯაკი რომ გამოვიღე, დაჭრილი იყო. ყველა ტანსაცმელი დაჭრილია, ტელევიზორისთვისაც ჩაურტყამს დანა. ჩემი შვილი სულ ეუბნებოდა, შენ დედაჩემი არ გიყვარს, იყენებო. მეც სულ მეუბნებოდა, დედა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო. ეტყობა, სახლის დაწვაც უნდოდა. ბავშვები ამბობენ, რაღაც სითხე მოასხა კედლებზეო. ბავშვებიც დედის სისხლში იყვნენ მოსვრილი. საშინელ მდგომარეობაში არიან და ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ... როგორც ჩემი შვილი წავიდა სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, ისევე უნდა დაისაჯოს მისი მკვლელიც. სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში".

პროკურატურა ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სითხე, სავარაუდოდ, ბენზინი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება. პროკურორ იოსებ ხუციშვილის თქმით, კონფლიქტი თაკოსთან ბრალდებულს წინადღესაც ჰქონია. ბრალდებული განმარტავს, თუ რატომ დაჭრა ცოლის ტანსაცმელი.

ბაქრაძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "გამახსენდა, რომ ნათელას ეცვა შარვლები, რომელიც მე არ მსიამოვნებდა, ავიღე სამზარეულოდან დანა და დავჭერი. ვინაიდან ზოგი შარვალი არ დაიჭრა, ჩავედი ისევ მანქანაში, ავიღე იქიდან დიდი ზომის დანა, ისევ დავბრუნდი სახლში და დავჭერი დარჩენილი შარვლები და ტუფლები, რაზეც შემდეგ ზემოდან დავასხი 2-ლიტრიანი ბოთლიდან ბენზინი და გადავწყვიტე მათი დაწვა. მაგრამ მალევე გადავიფიქრე. გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი კრესლოში, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ, სწორედ ამ დროს გავიგე კარებზე ბრახუნის ხმა. მეზობელი ქალბატონები იძახდნენ, პოლიცია მოდისო. შემეშინდა, გავაღე ფანჯარა და გადავედი სახურავზე, რა დროსაც დავიზიანე თავი და ფეხი, შემდეგ გავიქეცი ქუჩისკენ, გავაჩერე ტაქსი და ავედი სოლოლაკში, ჩემს ნაქირავებ ბინაში. იქ გავჩერდი რამდენიმე ხანი, მერე ტაქსით ავედი ვაშლიჯვარში, სადაც მივედი მეგობართან. იქ გაჩერებაზე უარი მითხრა და წამოვედი. გავედი ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც დავინახე მიტოვებული სახლი და იქ გავათენე ღამე. დილით ადრე "მარშრუტკით" გავედი ორთაჭალამდე, იქიდანაც "მარშრუტკით" გავემგზავრე თელეთში ნათესავთან, თემურ ბაქრაძესთან. იმავე საღამოს დამაკავა პოლიციამ.

კითხვაზე გიპასუხებთ: მე სრულად ვაღიარებ თამარ გამრეკელაშვილის, ჩემი ცოლის შვილის მკვლელობას, აღნიშნულ ფაქტს ბავშვები არ შესწრებიან და აქვე დავამატებ, არ მქონდა განზრახვა მკვლელობა ჩამედინა ბავშვების თვალწინ და ამით ტანჯვა მიმეყენებინა და ბავშვები ყოფილიყვნენ ამის თვითმხილველები. თამარის მკვლელობა გამოწვეული იყო იმით, რომ თამარი უშლიდა ნათელას ურთიერთობას, რაც გახდა უთანხმოების მიზეზი".

"ბრალდებულის დასთან მესიჯი გაუშვა, პრობლემები არ მჭირდება, ეს აქ არის და მომაშორეთო"

ვეფხვია ბაქრაძის ადვოკატს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო პროცესზე ის ცდილობდა, გაემართლებინა ბრალდებულის მიმალვა. "შემთხვევის ადგილიდან მისი გასვლა გამოწვეული იყო დაბნეულობით, ის აპირებდა პოლიციაში გამოცხადებას. ვითხოვთ შეეფარდოს გირაო 20.000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვას პასპორტი". ბუნებრივია, ადვოკატის მოთხოვნას არ დაეთანხმა პროკურატურა.

რაც შეეხება ვეფხვია ბაქრაძის მამიდაშვილს, თეიმურაზ ბაქრაძეს, გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და წაყენებული ბრალი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"13-ში მთელმა ქვეყანამ იცოდა დამნაშავის ვინაობა, მეორე დღეს, დილის 9 საათზე მივიდა მამიდაშვილთან. წლებია ერთმანეთი არ უნახავთ. მისცა 10 ლარი არყის მოსატანად... რომ დალია, მერე უთხრა, ახლა თოფი რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდიო. თეიმურაზმა მიზეზი რომ ჰკითხა, უთხრა, ნათიას გოგო მოვკალიო... ვეფხვიამ ნახევარი ლიტრი არაყიც ვერ დალია ბოლომდე, დაწვა და დაიძინაო. მერე თეიმურაზმა მესიჯი თავისი ტელეფონიდან გაუშვა ბრალდებულის დასთან, პრობლემები არ მჭირდება, ეს აქ არის და მომაშორეთო, მერე მესიჯი წაშალა და ამას ედავება პროკურატურა. როგორც ჩანს, ყველა ახლო ნათესავი ისმინებოდა და ეს მესიჯი დააფიქსირა პოლიციამ, ამის მიხედვით დააკავეს ის თეიმურაზის სახლში. თეიმურაზი მწყემსია და ამ დროს სახლში არ იყო, მერე დაურეკეს და თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და მოუყვა, რაც იყო. ძალიან ნერვიულობს. თეიმურაზი ნასამართლევი არ არის, მშრომელი ადამიანია. ცალი თვალით ვერ ხედავს, აქვს ბრონქიალური ასთმა. მისთვის წაყენებული მუხლი ჯარიმასაც ითვალისწინებს და მას პატიმრობა შეუფარდეს, ამას ვასაჩივრებთ", - გვითხრა მისმა ადვოკატმა ვახტანგ აბესაძემ.

"დარწმუნებული ვარ, ერთად გაიპარებოდნენ..."

ბრალდებულის ქალიშვილი ლიკა ბაქრაძე ამბობს, რომ ნათია გობაძემ შვილებს დაუმალა და მალულად მოაწერა ხელი მამამისთან.

"მამაჩემს შეწყალება ნათიამ დაუწერა, მამა ამბობდა, ნათია ციხეშიც მაკითხავდა და ფულსაც მიგზავნიდა, მაგრამ არ უნდა, თაკომ გაიგოსო. მერე ხელიც მოუწერიათ, ნათია ამას შვილებთან მალავდა, რადგან ისინი წინააღმდეგი იყვნენ, თურმე ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. თაკოს გაუგია, რომ მათ ხელი მოაწერეს. დარწმუნებული ვარ, ნათია თავის მართლებას შეეცდებოდა და ეტყოდა, რომ მამაჩემმა ძალით მოაწერინა ხელი. ალბათ, ამიტომ წაიყვანა დედამისი პოლიციაში და დააწერინა განცხადება. მამაჩემი თუ იქ ჩასაფრებული იყო, შეიძლება იმიტომ, რომ ნათიას შვილებისთვის აეხსნა, ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ყოფნა გვინდაო. ეს ნათიას გასაკეთებელი იყო, მაგრამ არ გააკეთა. საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც, სავარაუდოდ, ამიტომ მოაწერეს. 2004 წლიდან თაკოს არ უნდოდა მისი დედის გვერდით ვინმე ყოფილიყო. მე მაშინ 16 წლის ვიყავი, თაკო უფრო პატარა. მამაჩემი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ? დარწმუნებული ვარ, ორივე დამალავდა ამ ურთიერთობას და, ალბათ, გაიპარებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არავის სიამოვნებდა მათი ერთად დანახვა. იმ ამბების მერე, რაც მაშინ მოხდა, რომელ შვილს ესიამოვნებოდა მათი ერთად ყოფნა? ეს კარგად იცოდნენ".

თეა ხურცილავა