"კაბუს" ჩემი საფულიდან 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა?" - კვირის პალიტრა

"კაბუს" ჩემი საფულიდან 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა?"

არაოფიციალური ვერსიით, კაბუს ალექსანდრე კობალაძის, იმავე "სიუს" დაჯგუფების წევრად მოიაზრებენ და გამოძიებას მისი დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც აქვს...

16-17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია Caucase Normandie-ს დროს ოთხი ქართველი ე.წ."კანონიერი ქურდი - ლაშა შუშანაშვილი ("ლაშა რუსტავსკი"), ალექსანდრე კობალაძე ("სიუ"), ნოდარ შუკაკიძე ("ნოდო გლდანსკი") და მერაბ ასანიძე ("ჩიკორა") დააკავეს. ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართველი "კანონიერი ქურდების" გარდა, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. საფრანგეთში დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების საქართველოს 14 მოქალაქე, საბერძნეთში - 23. მათ ბრალად ედებათ ბინებისა და მაღაზიების გაქურდვა, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ფულის გათეთრება. საფრანგეთში დაკავებულთა შორის არის ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი ("კაბუ"), რომელიც მესამე წელია ქალაქ კანში ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედება.

"სექტემბრისთვის აპირებდა ჩამოსვლას, უნდოდა იმ ჭაობიდან ამოსვლა"

ცირა აბუაშვილი-ნავროზაშვილი, მსახიობის დედა: "ჩემი შვილი ქურდი რომ არ არის, ყველამ იცის. ჩემი საფულიდან დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა? სექტემბრისთვის აპირებდა ჩამოსვლას, მკურნალობას ბოლომდე მივიყვან და წამოვალო. უნდოდა იმ ჭაობიდან ამოსვლა. ღვიძლსა და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ყბა-სახის ოპერაციაც აქვს გაკეთებული და მისი მიხედვაც უნდოდა. მართალია, 100%-იანი დაზღვევა ჰქონდა, მაგრამ მეუბნებოდა, მგონი, ეს პროცედურა არ შედის პროგრამაში, ვიკითხავ, იქნებ ფინანსდება, ამასაც გავიკეთებ და წამოვალო. კანში ცხოვრობდა მეგობართან, ის კახას რეაბილიტაციაში დაეხმარა.

ხომ იცით, უცხო ქვეყანაში ქართველები ერთმანეთს პატრონობენ და ეპატიჟებიან. მითხრეს, კახას რომელიღაც "კანონიერი ქურდის" დაბადების დღეზე სურათები აქვს გადაღებული და ამიტომ დააკავესო. გამოდის, ურთიერთობა აღარავისთან უნდა ჰქონდეს, მაშინ გამოკეტონ და არავის დაალაპარაკონ. კახა ცდილობდა, სამსახური ეშოვა, მაგრამ ვეუბნებოდი, შენი მუშაობა არ გვჭირდება, ცოტა ხანს კიდევ დარჩი, ნუ წამოხვალ, თავს მიხედე-მეთქი. საფრანგეთში 1-2 სიმღერა ჩაწერა, მისი პროფესიის კაცს იქ რა უნდა გაეკეთებინა?"

"დიდი შანსია, რომ მხოლოდ მისი დეპორტირება მოხდეს"

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი, კაბუს მეგობარი: "კახა ყველას უყვარს, იქნება ქურდი, პოლიციელი თუ სხვა. არ ვიცი, ვის შეხვდა საფრანგეთში, ვინ დაპატიჟა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედია. დიდი შანსია, რომ მხოლოდ მისი დეპორტირება მოხდეს, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა. კაბუს ერთი კვირით ადრე ველაპარაკე, კარგ ხასიათზე, შემოქმედებითად მოტივირებული იყო. გვიხაროდა, რომ მკურნალობა ეფექტიანი გამოდგა. ვიცი, მალე ჩამოვა და "ძვალთან" ერთად ალბომსაც ჩაწერს".

"კაბუ მშიერი მოკვდება და დანაშაულს არ ჩაიდენს"

აჩიკო ვანიშვილი (რეპერი "ძვალი"): "მე და კაბუ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. მას მთელი საქართველო იცნობს და ყველამ იცის, რომ უკანონო არასოდეს არაფერი ჩაუდენია. 10 დღის წინ ალბომზე ვისაუბრეთ. პატარ-პატარა კონცერტები გაუმართავს ქართველებისთვის, ვიდეოლაივებიც ჰქონდა. არ ვიცით, რა მოხდა, რისთვის დააკავეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კახა რომელიღაც დაჯგუფებასთან ერთად დააპატიმრეს. საქართველოს თუ გადმოსცემენ, უფრო ადვილად დასამტკიცებელია სიმართლე, იქ კი კახას არავინ იცნობს. ისეთი გვარებია ჩამოთვლილი, გამორიცხულია, კაბუს იმ ხალხთან ეთანამშრომლა. ჩემთანაც არასდროს უხსენებია რომელიმეს სახელი. კაბუ მშიერი მოკვდება და დანაშაულს არ ჩაიდენს".

"მსახიობი ასეთი საქმის ჩამდენი არ იქნება"

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი: "რუსთაველის თეატრმა მსოფლიო შემოიარა და ყველგან ვცდილობდით, ღირსეულად მოვქცეულიყავით, ხელი რამეზე წაგვცდენოდა კი არა... ღირსება უნდა შეგვენარჩუნებინა, ეს ჩვენთვის უმთავრესი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, აბრალებენ თუ მართლა ჩაიდინა დანაშაული კაბუმ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მსახიობი ასეთი საქმის ჩამდენი არ იქნება".

P.S. ოფიციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად საფრანგეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს ეროვნულ ჟანდარმერიას დავუკავშირდით, თუმცა ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს და გვირჩიეს საფრანგეთში საქართველოს საკონსულოსთვის მიგვემართა.

კონსულმა თინათინ დიდებულიძემ გვიპასუხა, რომ პატიმრის წერილობითი თანხმობის გარეშე მის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ. არაოფიციალური ვერსიით, კახა აბუაშვილს ბრალი ქურდობასა და ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ედება (მას ალექსანდრე კობალაძის, იმავე "სიუს" დაჯგუფების წევრად მოიაზრებენ) და გამოძიებას მისი დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც აქვს.

P.P.S. როგორც ცნობილი გახდა, საფრანგეთის სასამართლომ კახა აბუაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გასული წლის ივნისში ნიუ-იორკში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას აიყვანეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის, 15 ქართველი. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერზის შტატში მოქმედ ქართულ დაჯგუფებას ბრალი ედებოდა რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. დაკავებულთა შორის ორი ქართველი სპორტსმენი იყო: 37 წლის მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე და ლევან მაყაშვილი (რომელიც მალევე გაათავისუფლეს). კრიმინალურ ავტორიტეტ აკაკი უბილავას მეგობარ ავთანდილ ხურციძეს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს - რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობასა და თაღლითობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ხელოვანთა შორის აღმოჩნდა მომღერალი თემურ თათარაშვილი, რომელიც მოხმარებასა და რეალიზებაში ბრალდების საფუძველზე 2006 წლის სექტემბერში დააკავეს. პატიმრობიდან ორი წლის შემდეგ, შეწყალების აქტით გაათავისუფლეს...

2015 წლის 18 ივლისს თბილისის აეროპორტში პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონოდ შემოტანა ედებოდა ბრალად. კახა მამულაშვილი ორი თვის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას პატიმრობა 15.000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა...

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მათ 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალებაMDMA აღმოაჩნდათ. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო. როსტოშვილს 8 წელი მიუსაჯეს, კურტანიძეს კი 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კურტანიძე შეიწყალა. როსტოშვილს კი შეწყალებაზე უარი ეთქვა...

ახლახან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე "ბახალას" ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედება. ჩხრეკისას "ბუპრენორფინის"" შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი ამოიღეს.

"ევროპაში "კანონიერი ქურდების" არსებობა ახლა გაიგეს "

კახა ჩიხლაძე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი: "ქურდები საქართველოდან განდევნის შემდეგ ჯერ რუსეთში გადაიხვეწნენ, შემდეგ კი ევროპაში მოიყარეს თავი. იქ კანონი არ ებრძვის "კანონიერ ქურდს", ებრძვის კონკრეტულ და ორგანიზებულ დანაშაულს. საქართველოში ქურდების სახელის ხსენებაზეც თუ ისჯებიან, ევროპაში ამ ინსტიტუტის არსებობა ახლა გაიგეს. სამართალდამცველები აგროვებენ მტკიცებულებებს და ელოდებიან, როდის ჩაიდენენ ისინი დანაშაულს. ეს სერიოზული სამუშაოა, თან ჩვენი "კანონიერი ქურდები" ყოველთვის გამოირჩეოდნენ ორგანიზებულობით, დაუწერელი თუ დაწერილი კანონებით. მათ გამოვლენას ზოგჯერ წლები სჭირდება. "კანონიერი ქურდი" მარტო არ არის, ჰყავს წრე, რომელსაც კიდევ თავისი წრე ჰყავს... მათი საშუალებით აკეთებენ საქმეს, თვითონ კი არ შედიან ბინებში გასაქურდად. აქვთ გავლენა, ქსელები, კომუნიკაცია... შეიძლება ხვალ სხვა სახელი ერქვას, მაგრამ ეს ინსტიტუტი ყოველთვის იარსებებს".